საფრანგეთის დედაქალაქში ჟერარ დეპარდიეს საქმეზე სასამართლო დაიწყო. 76 წლის მსახიობს ორი ქალი ადანაშაულებს სექსუალურ ძალადობასა და ზეწოლაში, 2021 წელს ფილმზე მუშაობის დროს. თუ მას ბრალს დაუმტკიცებენ, ხუთი წლით პატიმრობა და 75 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
სხდომაზე მსახიობი შავ კოსტიუმში გამოწყობილი მივიდა. დარბაზში იყო ორივე ბრალმდებელი და ასევე მსახიობი შარლოტა არნო, რომელმაც ადრე დეპარდიე ასევე ამხილა გაუპატიურებაში.
გარდა ამისა, დარბაზის გარშემო მოძრაობა #MeToo-ს უამრავი მომხრე შეიკრიბა (#MeToo - საზოგადოება, რომლის ფარგლებში ქალები სექსუალური ძალადობის საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ).
სხდომაზე ადვოკატმა გამოაცხადა, რომ ბრალდების მხარემ უარი თქვა მათი რამდენიმე მოწმის დაკითხვაზე, რომლებიც მეტ სინათლეს მოჰფენდნენ ამ საქმეს. ბოლოს კი აღნიშნა, რომ სიმართლე მათ მხარესაა და ჟერარ დეპარდიეს არავინ შეუვიწროვებია.
სასამართლო ჯერ კიდევ შემოდგომაზე იგეგმებოდა, მაგრამ მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. ახლა კი სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მიუხედავად გულ-სისხლძარღვთა პრობლემებისა და დიაბეტისა, მას შეუძლია პროცესში მონაწილეობა.
მსახიობის წინააღმდეგ ორმა ქალმა იჩივლა 2021 წელს ჟან ბეკერის ფილმის "მწვანე დარაბების" გადაღებების შემდეგ. 2023 წელს კი ფრანგულმა გამოცემამ 13 ქალის ჩვენებები გამოაქვეყნა, რომლებიც ასევე ადანაშაულებდნენ მსახიობს ძალადობასა და შევიწროვებაში. პირველი, ვინც ხმამაღლა დასდო ბრალი ჟერარს მსახიობი შარლოტა არნო იყო, რომელმაც გამოაცხადა, რომ დეპარდიემ ის ორჯერ გააუპატიურა. შემდეგ მსგავსი ბრალდებებით გამოვიდა მსახიობი ემანუელ დებევერი, რომელმაც 2023 წელს გაუგებარი მიზეზების გამო თავი მოიკლა.
თავად დეპარდიე უარყოფს ყველაფერს და ამბობს, რომ მედიის მსხვერპლია.
აღსანიშნავია, რომ დეპარდიეს გადასახადების დამალვასა და ფულის გათეთრებაშიც ადანაშაულებენ.