ქართველი მომღერლის, დათო კენჭიაშვილის საქმიანობა მხოლოდ სცენას არ უკავშირდება – ის უკვე 8 წელია ხელმძღვანელობს სტუდია „თაობას", სადაც ბავშვებისხვადასხვა მუსიკალურ წრეებზე დადიან და ქართულ ფოლკლორში ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებიან. მუსიკოსი საუბრობს იმაზე, რატომ უნდა გაიზარდოს ბავშვი სიმღერის გარემოცვაში, როდის არის სწორი დრო მისთვის სიმღერაზე მისაყვანად და როგორ როლს თამაშობს მშობლის დამოკიდებულება.
რა გავლენა აქვს სიმღერას ბავშვის გონებრივ და ემოციურ განვითარებაზე? როგორ მოქმედებს სიმღერა ბავშვის თვითშეფასებაზე და ეხმარება თუ არა თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში?
სიმღერისა და მუსიკის გავლენა არა მხოლოდ ბავშვზე, არამედ მთლიანად კაცობრიობაზე ახდენს გავლენას. თუმცა, როცა უშუალოდ ბავშვზე ვსაუბრობთ, უნდა ვაღიაროთ: მათ აქვთ საოცარი ინსტინქტი აღქმისა და მეხსიერების – ბავშვები ყველაზე სუფთად, ბუნებრივად იღებენ იმ ვიბრაციებს, რაც მუსიკაშია. მუსიკა და სიმღერა ჩემი თვალით უდიდესი, უხილავი ველია – ჯადოსნური სივრცე, რომელიც არ ჩანს, მაგრამ ნამდვილად არსებობს. ეს ერთგვარი სასწაულია, რომელიც, ჩემი რწმენით, კეთილ ძალებს მოაქვთ ადამიანამდე. ამას „კეთილი ძალები“ ვუწოდე. როდესაც ეს კეთილი ძალები ბავშვის ცნობიერებაშე აღწევს, იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი – სწორი ფორმულირება. ვგულისხმობ იმას, რომ ბავშვი სწავლობს სიყვარულს – სამშობლოს, ღმერთის, ადამიანების, ბუნების მიმართ.
ეს ყველაფერი ნამდვილად დევს ჩვენს ქართულ მუსიკაში. სიმღერები არ არის მხოლოდ მელოდია – ისინი სიყვარულის ფორმულებია, ცხოვრების რეალური ისტორიები, რომლებიც თაობებს გადაეცემა. როდესაც ბავშვი ამ სიღრმეს ეზიარება, მისი შინაგანი მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება – ის ცხოვრების ჰარმონიასთან მოდის ახლოს. ეს ჰარმონიაა მუსიკა.
ჩემი ინსპირაცია ჩემი კომლიდან იწყება. ბავშვობაში, როცა გამუდმებით ჰამლეტ გონაშვილს ვუსმენდი, ხეზე ავდიოდი, რომ ხელი არავის შეეშალა ამ ვიბრაციების მოსმენაში. აი, ასე იწყება და იქმნება ის კავშირი, რასაც მუსიკა ჰქვია – კავშირი საკუთარ თავთან, სამყაროსთან და ადამიანებთან.
როგორ უნდა მივხვდეთ ადრეულ ასაკში, რომ ბავშვს სიმღერის ნიჭი აქვს. რომელი ჟანრით ჯობს სიმღერის სწავლის დაწყება?
ვფიქრობ, ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია და ნიჭიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება. არიან ბავშვები, რომლებიც დაბადებიდანვე გამოირჩევიან აბსოლუტური სმენის უნარით – მათი სმენა, რიტმზე რეაგირება, და მუსიკის აღქმა ისეთი ნათელია, რომ თავიდანვე იგრძნობა მათში მუსიკისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება. ეს, ერთი მხრივ, გენეტიკურია და საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ასეთი ბავშვები მრავლად არიან – რაც მაძლევს რწმენას, რომ ქართული ხელოვნების მომავალი ნამდვილად არსებობს.
მეორეს მხრივ, არიან ბავშვები, რომლებსაც უბრალოდ ძალიან უყვართ სიმღერა – შესაძლოა, მათ ოჯახში არავინ მღეროდეს, მაგრამ თვითონ საოცარი ლტოლვა აქვთ მუსიკის მიმართ. ამ დროს ჩნდება კითხვა – საიდან? ხშირად ეს არის წინაპრებისგან გადმოცემული ნიჭი, რომელიც გენეტიკურად, კოდის სახით მოჰყვებათ და უბრალოდ სჭირდება განვითარება – სწორ გარემოში, სწორად შერჩეული პედაგოგის დახმარებით.
რაც შეეხება კითხვას, რომელი ჟანრით სჯობს დაწყება, ჩემი პირადი და მტკიცე რწმენაა – ფოლკლორით. ფოლკლორი არის უდიდესი მენიზმების, ინტონაციის, ტექნიკის საბადო. ის რაც ყელს ავითარებს, სმენას აძლიერებს, სამხმიანობას აცნობს და ბავშვს ფიზიკურადაც ამზადებს მომავალი მუსიკალური სირთულეებისთვის. როდესაც ბავშვი ფოლკლორში ყალიბდება, შემდეგ მისთვის ყველა ჟანრი ხდება „საბავშვო პროგრამა“ – ჯაზი, სოული, რეპი, პოპი, როკი... ყველაფერი. ფოლკლორი თავის თავში უნიკალურ ტექნიკურ ბაზას აყალიბებს, რომელიც საბავშვო პროგრამასავით მარტივად იქცევა სხვა ჟანრებისთვის გადასასვლელ ხიდად.
რომელია საუკეთესო ასაკი, როდესაც ბავშვი უნდა მივიყვანოთ სიმღერაზე?
საუკეთესო პერიოდი, ჩემი გამოცდილებით, 4 წლიდან ითვლება – ამ დროს ბავშვს უკვე აქვს საკმარისი ყურადღება, ინტერესიც მყარდება და მუსიკასთან კომუნიკაცია გაცილებით მარტივად ყალიბდება. თუმცა, არსებობენ გამონაკლისებიც – მაგალითად, მე ჩემს სტუდია „თაობაში“ მყავს ორი 3 წლის მოსწავლე, რომლებიც საოცრად ართმევენ თავს მუსიკალურ ვარჯიშებს და მუშაობენ ისეთი პასუხისმგებლობით, რომ გაოცებას იწვევს.
როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ბავშვს, რომ მუსიკის სიყვარული განუვითარდეს?
პირველი და უმნიშვნელოვანესი– არასოდეს დააძალოთ ბავშვს სიმღერა. ბავშვი მუსიკასთან, სიმღერასთან და ზოგადად ხელოვნებასთან უნდა მივიდეს თავისი ნებით, ინტერესით და არა იძულებით. ჩემს პრაქტიკაში ძალიან ბევრ მაგალითს შევხვედრივარ, როცა ბავშვს სთხოვდნენ ან აიძულებდნენ, რომ სუფრასთან, სტუმრების წინაშე ემღერა. მშობლისთვის ეს შეიძლება საამაყოა – ყველას უჩვენო, როგორ მღერის შენი შვილი, მაგრამ ამ დროს ხშირად ვივიწყებთ მთავარს – უნდა თუ არა ეს ბავშვს?
როდესაც ბავშვს არ უნდა და მაინც ამღერებენ – მხოლოდ იმიტომ, რომ მშობელმა სთხოვა ან წნეხი განიცადა – მის ფსიქიკაში ყალიბდება უსიამოვნო განცდა, მუსიკა იძულებასთან ასოცირდება. შეიძლება მთელი ცხოვრება მოერიდოს ამ სფეროს. თუ ბავშვს მივცემთ თავისუფლებას, რომ იმღეროს მაშინ, როცა ამას თვითონ გრძნობს, მუსიკა მისთვის გახდება სიხარულის, და არა ვალდებულების ნაწილი. ჩემი რჩევა მშობლებს მარტივია: დააკვირდით, მოუსმინეთ, შეუქმენით სიმყუდროვე, არ დააძალოთ. და რაც მთავარია, არ ჩაერიოთ იმ მომენტში, როცა ის მუსიკას თავისით ეზიარება – სწორედ მაშინ იბადება სიყვარული, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვება.
მშობლების ჩართულობა რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვი მუსიკას სწავლობს? როგორ უნდა დავეხმაროთ შვილს, რომ სიმღერა შეუყვარდეს?
მშობლის ჩართულობა მნიშვნელოვანი ნამდვილად არის, თუმცა ზომიერება და სწორი ფორმა აუცილებელია. თუ მშობელს თავად აქვს გამოცდილება მუსიკაში, შეუძლია სწორად გაუზიაროს ცოდნა, ხელი შეუწყოს და ინტერესიც გააღვივოს. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, მშობლის მთავარი როლი ემოციური მხარდაჭერაა და არა პროფესიული ჩარევა.
ბავშვს სჭირდება გარემო, სადაც სიმღერა თავისუფლებად და სიხარულად აღიქმება. ამიტომ, მშობლის მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდად და სიყვარულით შეხედოს ბავშვის სურვილს და გვერდში დაუდგეს – მოუსმინოს, გაამხნევოს, მიიყვანოს და დააბრუნოს რეპეტიციიდან ისე, რომ წნეხი არ იგრძნოს.
სასურველია, მშობელმა თავი აარიდოს შეფასებებს – მაგალითად, „ამაზე უკეთ უნდა იმღერო“ ან „სხვა ბავშვი უკეთ მღერის“. შეაქეთ მცდელობისთვის, ენთუზიაზმისთვის და სიამოვნებისთვის. ბავშვს სიმღერა უნდა შეუყვარდეს როგორც საკუთარი გზა, არა როგორც მშობლის მიზანი. სწორედ ამ დროს ყალიბდება ის ძლიერი კავშირი მუსიკასთან, რომელიც ცხოვრებაში ყოველთვის გააღვიძებს შთაგონებას.
რას ურჩევდით იმ მშობლებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ შვილს არ აქვს მუსიკალური ნიჭი? მაინც ღირს თუ არა ბავშვის მუსიკალურ წრეებზე მიყვანა?
პირველ რიგში, არ უნდა ვიჩქაროთ დასკვნების გამოტანა. ხშირად მშობლები სიჩქარეში ფიქრობენ, რომ ბავშვს არ აქვს მუსიკალური ნიჭი, მაშინ როცა ბევრ შემთხვევაში უბრალოდ დრო და სწორად შერჩეული გარემოა საჭირო, რომ ეს ნიჭი გამოავლინოს. თუ მშობელს თავად არ აქვს გამოცდილება, შეფასება პროფესიონალს უნდა მიანდოს. საუკეთესო გადაწყვეტილებაა მისი მიყვანა გამოცდილ პედაგოგთან, რომელიც დააკვირდება და სწორად შეაფასებს, აქვს თუ არა მას ამისთვის საჭირო უნარები.
სიმართლე ის არის, რომ მუსიკალური ნიჭი ყველას არ აქვს, მაგრამ ეს არ უნდა გამოდგეს ხელისშემშლელად – ცდა, გამოცდა და გამოცდილების მიცემა აუცილებელია. ხშირად სწორედ ამ პატარა ნაბიჯით იწყება დიდი გზა. ბავშვში მუსიკისადმი სიყვარული ძალიან ნატიფად და ნელა ყალიბდება. ამიტომ, ნამდვილად ღირს, რომ ბავშვმა სცადოს. ბავშვს დასჭირდება თავისუფალი სივრცე, სადაც შეძლებს თავისი სიჩქარით, საკუთარ ტემპში აღმოაჩინოს მუსიკა – და სწორედ ამ პროცესში შეიძლება მის შიგნით ყველაზე დიდმა ნიჭმა გამოიღვიძოს. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ბავშვზე ზრუნვა არის მისთვის შესაძლებლობის მიცემა – და მუსიკა ერთ-ერთი ყველაზე ღირებული შესაძლებლობაა.
რა მიმართულებებია თქვენს საბავშვო სტუდიაში „თაობა“? რა ასაკობრივი ჯგუფები გყავთ?
ჩემს სტუდიაში, „თაობა“, რომელიც უკვე 8 წელია არსებობს, მთავარი ფოკუსი გაკეთებულია ქართულ სიმღერასა და ფოლკლორზე, რომელიც ჩვენი კულტურული სიმდიდრე და იდენტობის ნაწილია. ვასწავლით ასევე გალობას, რაც ბავშვებისთვის სულიერ და მელოდიურ გამოცდილებას ქმნის. სწავლების პროცესში გამოიყენება როგორც ნაციონალური ინსტრუმენტები – დუდუკი, ფანდური, გარმონი, დოლზე დაკვრა, ასევე თანამედროვე ინსტრუმენტებიც, როგორიცაა აკუსტიკური გიტარა, დრამი და ბას გიტარა. თუმცა, უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩება ქართული ფოლკლორი – სწორედ მას ვუსვამთ ძირითად ხაზს, რადგან მჯერა, რომ ამ საფუძველზე შესაძლებელია ნებისმიერი მუსიკალური მიმართულების გამართვა. სტუდიაში მუშაობს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი – ყველაზე პატარა მოსწავლეები 4 წლისანი არიან, ხოლო ზემოთ ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს. თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ, რათა მუსიკა მათი ბუნებრივი ენა გახდეს. ამ წლების განმავლობაში ჩვენმა სტუდიამ მოიარა არაერთი ქვეყანა, მივიღეთ მონაწილეობა საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში, სადაც არა მხოლოდ მუსიკით, არამედ ჩვენი ღირებულებებით გამოვირჩეოდით. ბავშვები ჩვენთან მხოლოდ სიმღერას არ სწავლობენ – ისინი სწავლობენ ურთიერთობას, გუნდურობას, ერთმანეთის პატივისცემას და სწორ ღირებულებებზე ჩამოყალიბებას.
რა განსხვავებაა ინდივიდუალურ და ჯგუფურ გაკვეთილებს შორის? რომელი უკეთესია ბავშვის განვითარებისთვის?
ინდივიდუალურ და ჯგუფურ გაკვეთილებს შორის განსხვავება პირველ რიგში დამოკიდებულია ბავშვის საჭიროებებსა და მის რესურსებზე. ინდივიდუალური გაკვეთილები უკეთესია იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს სჭირდება პირდაპირი ყურადღება, კონკრეტულ მიმართულებაზე ფოკუსირება და პედაგოგთან უშუალო ჩართულობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ბავშვი ჯერ სწავლობს ფუნდამენტურ ელემენტებს – ინტონაციას, სმენას, ხმასთან მუშაობას და ტექნიკას. გუნდურს გაკვეთილებში მონაწილეობენ ბავშვები, რომლებსაც უკვე აქვთ გამოცდილება ან საბაზისო უნარები, რაც მათ საშუალებას აძლევს, იმუშავონ სამხმიანობაზე, ჰარმონიაზე, რეპერტუარის შედგენა-შესრულებაზე – ჯგუფურ პროცესში ისწავლება გუნდურობა, მოსმენა, სინქრონი და მუსიკალური დრამატურგია. არჩევანი ინდივიდუალურსა და ჯგუფურს შორის არ არის სწორი თუ არასწორი – ეს არის ბავშვზე მორგებული გადაწყვეტა.
თქვენი აზრით, ქართული ფოლკლორი რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის მუსიკალური აღზრდისთვის და რატომ უნდა გაიზარდოს ბავშვი მის გარემოცვაში?
ქართულ ფოლკლორში დევს ის ძირი, რაზეც ბავშვის მუსიკალური აღზრდა მყარად და სიღრმისეულად შეიძლება დაეფუძნოს. ფოლკლორი არა მხოლოდ ტექნიკური უნარების ამაღლებას ეხმარება, არამედ შინაარსობრივადაც ღრმად ეხება ბავშვის შინაგან სამყაროს – სიყვარულს, ერთობას, პატივისცემას, რწმენას, სამშობლოს. თუ ბავშვი ამ ღირებულებებით იზრდება, მისთვის შემდგომში არც სცენა იქნება მოულოდნელი, არც შრომა გაუჭირდება – რადგან ის თავიდანვე იქ აღმოჩნდება, სადაც მის შინაგან პოტენციალს სწორად მართავენ. ეს არ არის მხოლოდ მუსიკის სწავლა – ეს არის სულიერი გაწვრთნა, რაც ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებას საფუძველს უქმნის.
რა არის თქვენი მთავარი რჩევა მშობლებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, შეაყვარონ თუ არა შვილს სიმღერა?
მშობლები, ვისაც თავად უყვართ ხელოვნება, ხშირად ბუნებრივად გრძნობენ სურვილს, შვილიც მიიყვანონ ამ სამყაროში – და ეს ძალიან ლამაზი სურვილია. თუმცა, მთავარი არის სწორი გზა და მყარი თანხმობა შვილის გულთან. ჩემი რჩევაა – არასოდეს, არც ერთ შემთხვევაში, არ დააძალოთ ბავშვს სიმღერა. არც სუფრასთან, არც სტუმრებთან, არც კორპორატიულ ღონისძიებაზე. თუ გსურთ, რომ თქვენი პატარა პრინცესა ან ვაჟკაცი მომავალში სცენაზე თავისუფლად იდგეს, მიეცით უფლება, რომ თვითონ აირჩიოს როდის იმღეროს.
სიმღერა არის ემოციური პროცესი. მას სჭირდება განწყობა, შინაგანი ჰარმონია და არანაირი იძულება. მშობლებს ყოველთვის ვეუბნები: თუ ხედავთ, რომ თქვენს შვილს აქვს რესურსი, ხელი არ გაუშვათ – დაეხმარეთ, მიიყვანეთ, გააცანით მას ხელოვნების სამყარო და შემდეგ უკვე მას მივანდოთ, როგორი გზით გააგრძელებს. ჩვენ, როგორც დიდები, უნდა ვიყოთ კეთილი ბიძგის მომცემი – ის, ვინც ბავშვს მისცემს ფრენის საშუალებას, თავისუფლად, შინაგანი სურვილით და სიხარულით. სწორად ამ დროს იბადება ნამდვილი სიყვარული მუსიკისადმი – არა იმიტომ, რომ უნდა, არამედ იმიტომ, რომ ეს მისი ბუნებაა.