ჟურნალისტი თამთა ჯანაძე სოციალურ ქსელში საბავშვო ბაღში ანონიმური ყუთის განთავსებასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს:
"ჩემი შვილების საბავშვო ბაღში დღეს, საუკეთესო საბჭოთა ტრადიციების გათვალისწინებით, ეს ანონიმური ყუთი დამხვდა.
მოკლედ, ზედმეტად რომ არ შევწუხდეთ მშობლები პრეტენზიების გამოთქმის გზების ძიებით, ბაღების სააგენტო მარტივ გზას გვთავაზობს: დაწერ "დანოსს", გაიხედ-გამოიხედავ, ხომ არავინ გიყურებს, მოათავსებ ამ ყუთში და ყველა პრობლემა "მოგვარდება".
ამას როგორ გვიბედავთ ან ჩვენ - მშობლებს, ან იმ პედაგოგებს, რომელთა შრომაც 400-500 ლარად გაქვთ შეფასებული?(აქვე შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით საქართველოში საშუალო ხელფასი 2200 ლარია.
ანუ რას გვეუბნებით? რომ მასწავლებელს, რომელსაც ჯგუფში არანაკლებ 50-60 ბავშვი ჰყავს და სრულიად მათხოვრული ხელფასის მიუხედავად, არაადამიანური შრომის გაწევა უწევს, ჩავუსაფრდე და თუ რამე არ მომეწონება, ჩუმად დავასმინო?
პრეტენზიები ჩვენს საგანმანათლებლო სისტემასთან მე რომ მაქვს, იმდენი უნდა, გინდ სკოლამდელთან და გინდ სასკოლოსთან და როცა საჭიროდ ვთვლი, არც საკუთარი სახელით და გვარით გაპროტესტებაზე დამიხევია უკან, მაგრამ ცხოვრებაში ჩუმად არაფერი გამიკეთებია და ეს რამ მოგაფიქრათ?
ეს სამარცხვინო ანონიმური ყუთები მოაშორეთ დაუყოვნებლივ!!! ვიდრე ბავშვებმა შეამჩნიეს და დასვეს ყველაზე საშიში კითხვა: რაში გვჭირდება ეს თეთრი ყუთი?"
პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და არაერთმა მშობელმა გააზიარა. კომენტარისთვის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ ანონიმური ყუთი მშობელთა მხრიდან უკუკავშირის ერთ-ერთი ფორმაა და სახელმწიფო სტანდარტითაა გათვალისწინებული:
"საბავშვო ბაღების ავტორიზაციის სახელმწიფო სტანდარტიდან ერთ-ერთი, ითვალისწინებს მშობელთა უკუკავშირს სხვადასხვა არხით, მათ შორის ანონიმური ყუთით. კომუნიკაციის აღნიშნული საშუალება არ არის სიახლე და ის ყოველთვის არის ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში მომხმარებლებთან უკუკავშირისთვის.“ - გვითხრეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტით, ანონიმური ყუთი უკუკავშირის ერთ-ერთი ფორმაა ისევე, როგორც სოციალური ქსელები, შიდა დახურული ჯგუფები, ღია ჯგუფები, საინფორმაციო დაფა, რომელიც ბაღშია განთავსებული და დირექცია მშობლებს სიახლეებს აცნობს და, რა თქმა უნდა, მასწავლებელსა და მშობელს შორის პირდაპირი კომუნიკაცია.
თამარ იაკობაშვილი