გადაცემა "პრაიმ შოუში" ცნობილმა ადამიანებმა ძიძებთან დაკავშირებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს. მანიკა ასათიანმა თავისი ამბავი გაიხსენა.
"ჩემი შვილი უკვე 13 წლის გახდება, რამდენიმე წლის წინანდელი ამბავია. ორი თვის იყო, მე 20 წლის ვიყავი, თან ვმუშაობდი და დაგვჭირდა ძიძა, დღის საათებში... თავიდან ძალიან კარგად მივიღე ეს ადამიანი. მარტო არ ვტოვებდით, ბებიაც იყო სახლში და ინაწილებდნენ საქმეს. გარეთ, ეტლით გასეირნების დროს იყო უფრო მარტო ბავშვთან... არ მიყვარს ამის გახსენება, ახლაც ვნერვიულობ... ოთხი თვის იყო მაშინ გიო და ორი თვე გვყავდა მანამდე სახლში ეს ადამიანი...
ვაკის პარკიდან დაურეკეს ჩემს დას და მან მე დამირეკა... არ შეგეშინდესო, გიო ვაკის პარკში ხომ არ არისო? წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა... ჩვენს საერთო ნაცნობს ჩემი შვილის ეტლი უცვნია და ჩემს დასთან დაურეკავს. ბავშვი ისე ტირის, უკვე კრუნჩხვაში ვარდება და ამ ქალს რეაქცია არ აქვსო, ეტლს ანჯღრევს მხოლოდო... ამ დროს, 4 თვის ბავშვი რომ ტირის რა უნდა? ან შია, ან ეძინება, ან რაღაც აწუხებს. ელემენტარულია, რომ უნდა ამოიყვანო, დააწყნარო...
დავრეკე ოჯახის სხვა წევრებთან და სანამ მე მივედი, მივიდა ჩემი მეუღლეც, ბებიაც. ჩემებმა ბავშვი დააწყნარეს, წამოიყვანეს და უხმოდ დავემშვიდობეთ ამ ადამიანს... ახლა რომ მომხდარიყო ეს ამბავი, ალბათ უფრო მეტს ვუსაყვედურებდი და ვიჩხუბებდი... ჩემთვის გასაკვირი ის იყო, რომ თავად ვერც მიხვდა, რა დააშავა. ალბათ ეს შეგრძნების დონეზე უნდა გქონდეს... ბავშვის ტირილი თუ არ გაწუხებს, ვერ იქნები კარგი ძიძა".