რომელია ყველაზე მავნე ტკბილეული
იშვიათად მოიძებნება ბავშვი, რომელიც თავისი ნებით იტყვის უარს ტკბილეულზე და ხილს ან ბოსტნეულს აირჩევს. ითვლება, რომ ტკბილეული მავნებელია და ბავშვებს მისი მიღება უნდა დავუშალოთ. სწორია თუ არა ასეთი მიდგომა და რას გვირჩევენ პედიატრები?
სიყვარული პირველივე დღიდან
ტკბილს ბავშვი დაბადებიდან პირველ დღეებშივე ეჩვევა და აი რატომ: დედის რძეს მასში შემავალი ლაქტოზას გამო ტკბილი გემო აქვს. ტკბილ რძეს მიჩვეული ბავშვი როცა იზრდება და ჩვეულებრივ კვებაზე გადადის, მშობლები აქ უშვებენ შეცდომას - მარილით აზავებენ პიურეს, ბოსტნეულის წვნიანს და სხვადასხვა ფაფას. ამის გამო ბავშვს ტკბილზე მოთხოვნილება უფრო ეზრდება.
ბავშვის შაქრით გატაცება მხოლოდ არასწორ კვებას არ უკავშირდება. მოზარდი ორგანიზმი ზღვა ენერგიას მოითხოვს, რომელიც მხოლოდ გლუკოზამ შეიძლება მისცეს. ამ ნივთიერების წყარო კი შაქრის შემცველი პროდუქტებია. შაქარი ტვინში ე.წ. ბედნიერების ჰორმონის - ენდორფინის და სეროტონინის გამომუშავებასაც უწყობს ხელს.
როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ტკბილეულის ჭამას
ხშირად მშობლებს საკითხზე "ბავშვი და ტკბილეული" ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება აქვთ: ერთნი მიიჩნევენ, რომ "თუ ორგანიზმი სთხოვს, ბავშვს იმდენი ტკბილეული უნდა მისცე, რამდენიც სურს". მეორენი ტკბილეულს მხოლოდ მავნებლად თვლიან და ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობით მისცენ შაქრის შემცველი პროდუქტები. ფსიქოლოგების შეფასებით, არც ასეთი მიდგომაა სწორი, რადგან ბავშვი აკრძალულისკენ უფრო მიილტვის.
არ შეიძლება ტკბილეულის წამახალისებლად, დასამშვიდებლად ან ცუდი ხასიათის გამოსაკეთებლად მიცემა. ამით ჩამოუყალიბდება ტკბილეულზე დამოკიდებული ჩვევები, რომლებიც ჭარბი წონის და კარიესის წინაპირობაა.
სიმართლე თაფლსა და შაქარზე, ქარხნულ ტკბილეულსა და შინ დამზადებულ ნუგბარზე
რას ფიქრობენ ექიმები
2 წლამდე ბავშვს ჯობია ტკბილეული და შაქრის შემცველი პროდუქტები საერთოდ არ მისცეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამი წლის გახდება თუ არა, მისთვის ყველანაირი ტკბილეული ნებისმიერი დოზით დასაშვებია. პედიატრების რჩევით, თავიდან ბავშვს ჩირები, ცუკატები, ზეფირი ან მარმელადი გაასინჯეთ. 3 წლის ბავშვის დღიური შაქრის ნორმა 10 გრამს არ უნდა აჭარბებდეს. აი, შემდეგ ასაკებში კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკოენდაცია უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც - არც ისე დიდი ხნის წინ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ გადახედა დღეში ტკბილეულის ნორმებს და ორჯერ შეამცირა! ახალი ნორმის მიხედვით, დღეში დაახლოებით 25 გრამი შაქრის მიღება შეიძლება.
თუ გინდათ, თქვენი შვილი ზედმეტად არ გაიტაცოს ტკბილეულმა, დაიწყეთ საკუთარი თავით: თუ ოჯახში ჩაის ან ყავის სმა ტკბილეულის გარეშე ვერ ჩაივლის, თუ თქვენ ან თქვენი მეუღლე მუდმივად კანფეტებითა და შოკოლადებით იტკბარუნებთ პირს, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ბავშვიც იგივე ჩვევებს შეიძენს.
ყველაზე მავნე ტკბილეული
არა, ეს შოკოლადი არ არის. ეს კარამელი და ე.წ. საწუწნი კანფეტებია, რომლებიც პირში ბაქტერიებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნიან, აზიანებენ ემალს და კარიესს იწვევენ.
კბილები რომ ჯანმრთელი შერჩეს, ამისთვის სრული აკრძალვა არ არის საჭირო. უბრალოდ, ასწავლეთ, როგორ მოუაროს პირის ღრუს. მეტიც - ეს იმდენად მტკიცე ჩვევად უნდა ჩამოუყალიბდეს, რომ გაუცნობიერებლადაც აკეთებდეს. კანფეტი შეჭამე? გამოივლე პირში წყალი და ან ვაშლი ჩაკბიჩე.
დასკვნა
აკრძალვებს სასურველ შედეგებამდე არ მივყავართ. მეტიც, ზოგჯერ საპირისპირო შედეგს ვიღებთ. თუ გინდათ, რომ ბევრი და მავნებელი ტკბილი არ ჭამოს, თავიდანვე დაიჭირეთ თადარიგი. ნუ დაუკავშირებთ ტკბილეულს დადებით ემოციებს (წახალისება, შექება, კარგი საქციელისთვის დასაჩუქრება და ა.შ.). თავიდანვე მიაჩვიეთ და ხშირად შესთავაზეთ სასარგებლო ტკბილეული - ჩირი, ქიშმიში, ტყლაპი, თაფლი, თუნდაც ჩურჩხელა, კონსერვანტებით გაჯერებული ბრჭყვიალა ტკბილეულების ნაცვლად.