რა გავლენას ახდენს რეგულარული სექსი ორგანიზმზე მუდმივი სქესობრივი კავშირის (ერთი და იმავე პარტნიორთან, ანუ ე.წ. დაცული და არა შემთხვევითი სექსი) დადებით გავლენაზე ბევრჯერ დაწერილა. ის სასარგებლოა როგორც მამაკაცებისთვის (პირველ რიგში პროსტატის და სხვა მამაკაცური დაავადებების თავიდან ასაცილებლად), ასევე ქალებისთვის. ამჯერად მეცნიერებმა დაადგინეს, ორგანიზმის გარკვეულ ფუნქციებზე რა გავლენას ახდენს ამა თუ იმ სიხშირის სექსი.
აღმოჩნდა, რომ კვირაში ერთხელ სექსი საკმარისია გახდომის პროცესისთვის ხელშესაწყობად. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ ოქსიტოცინის მცირე "ერთჯერადი" დოზაც კი აუმჯობესებს ძილს, ის კი თავის მხრივ არეგულირებს შიმშილის ჰორმონების ოდენობას.
თუ წაგიკითხავთ, რომ სექსი გაციებას ეწინააღმდეგება, ესეც მართალია. თუმცა ასეთი "სამკურნალო" ეფექტისთვის თურმე კვირაში ორჯერ მაინც უნდა დაკავდეთ ამით.
ინტიმური კავშირი თუ კვირაში სამჯერ გექნებათ, მნიშვნელოვნად შეამცირებთ ინსულტის რისკს. ასევე სასარგებლოა კანისთვის – კანი უკეთ გამოიმუშავებს ზრდის ჰორმონს, რომელიც ორგანიზმში ცხიმის ოდენობას ამცირებს.
კიდევ უფრო ხშირი კავშირები – კვირაში 5-6 დღე – თურმე სასარგებლოა გონებრივ-ინტელექტუალური დონისთვის: აქტიური ინტიმური ცხოვრება, მეცნიერების თქმით, ამაღლებს ოპტიმიზმს და ენერგეტიკულ დონეს, ასევე ხელს უწყობს შემოქმედებითობის განვითარებას.
გარდა ამისა, ორგანიზმის მუდმივი "შევსება" ენდორფინებით ამცირებს სტრესის დონეს.