ადამიანებისთვის იარლიყების მიწებება ნამდვილად არასწორია — ყოველი ადამიანი განსხვავებული და უნიკალურია. მაგრამ საერთო კანონზომიერებების პოვნა ტოპაჟებს შორის და დასკვნების გამოტანა შეიძლება სასარგებლო იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს დასკვნები შედეგების პროგნოზირებაში ან მათ აღმოფხვრაში გვეხმარება. ფსიქოლოგები გოგონების მამების რამდენიმე ტიპზე ამახვილებენ ყურადღებას. კონკრეტულად კი მამების ძირითად, თვალშისაცემ ტიპაჟებზე.
1. მამა, რომელიც ვაჟზე ოცნებობდა
ოცნებობდა, ოცნებობდა, და გოგო შეეძინა. ასეთ კაცს შეუძლია განუხორციელებელი იმედები ქალიშვილზე გადაიტანოს და იგი თავის პატრიარქალურ სამყაროში "გაიტაცოს". მამა ზრდის ქალიშვილს როგორც სიმამაცისა და დამოუკიდებლობის მაგალითს. უბიძგებს ბიჭური სპორტის სახეობებისკენ, შეჯიბრებებისკენ.
მამა ვერ იგებს და არ იწონებს სისუსტეს, დახმარებისა და მხარდაჭერის თხოვნებს. არ იმჩნევს გოგონას სინაზის გამოხატულებას. მისი გაზრდილი გოგონა მართლაც ბევრს აღწევს ცხოვრებაში, შესაძლოა, დიდი თანამდებობა მიიღოს ან ჩემპიონი გახდეს, მაგრამ შინაგანი სიცივე, ემოციური გამოფიტვა, ღლის და ბედნიერების შეგძნებას უჩრდილავს გოგონას.
მამის მოწონებისა და სიამაყის დამსახურება — ეს გასდევს მომავალში ქალის ყველა საქციელს. თვით პირად ურთიერთობებშიც კი ფოკუსი მიმართულია ალფა-მამრის ძიებაზე (ნაკლებზე არ თანხმდება), მაგრამ პარტნიორულ ურთიერთობებში ყოფნა პრაქტიკულად შეუძლებელ ამოცანად იქცევა, რადგან ალფა-მამრის დომინირების ქვეშ ყოფნაც არ შეუძლია. ვაჟზე მეოცნებე მამის ქალიშვილი მთელ სამყაროს გამოწვევას უგზავნის — "მაჩვენე, რა შეგიძლია!"
2. მამა — სუსტი, უნებისყოფო
ეს, რა თქმა უნდა, დედის შეფასებებია. დედის მამისადმი დამოკიდებულება გოგონასაც გადაეცემა და ან რცხვენია მამის ან იდენტიფიცირდება მასთან, მის მიმართ სიბრალულს განიცდის, მორიდებით ცდილობს, დაიცვას დედის თავდასხმებისგან. საბოლოოდ მას შეუძლია დაიჯეროს, რომ მამასავით მართლაც სხვაზე სუსტია: "მე და მამა არ ვართ ისეთები, როგორც დედა, ჩვენ მგრძნობიარეები და სუსტები ვართ, სხვები ვერ გვიგებენ".
შესაძლებელია წიგნებისა და ფანტაზიების სამყაროში გაქცევაც. ზრდასრულ ცხოვრებაში გოგონა იგრძნობს უმწეობას, პირადი საზღვრების ბუნდოვანებას, გამოიწვევს გარშემომყოფებში დანაშაულის გრძნობას და სურვილსაც კი, იზრუნონ მასზე, როგორც პატარა ბავშვზე. დიდი შანსია, აღმოჩნდეს ჰიპერმზრუნველ მამაკაცთან, რომელიც მას ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას, ასევე თავისუფლებას წაართმევს.
3. მამა — შემოქმედი ან დამოკიდებულებებისადმი მიდრეკილი მამაკაცი
უმეტესწილად ეს არის ტიპი, რომელსაც ხალხი "მოხეტიალეს" უწოდებს. დღეს სახლი და ოჯახი, ხვალ კი "სულიერი მოთხოვნილება" წაიყვანს გასტროლებზე, ექსპედიციაში, ლოთობაში, მამონტზე სანადიროდ... სადაც გნებავთ, მაგრამ მოულოდნელად და დიდხანს.
ქალიშვილი ხედავს ან "მამა-დღესასწაულს" და ვერ ასწრებს წესიერად გაცნობას და სრულფასოვან ურთიერთობას, ან უცნობ, პირქუშ და მთლიანად საკუთარ თავში ჩაფლულ მამაკაცს, რომლისთვისაც შვილი გაუგებარი არსებაა, რომელიც, უბრალოდ, მის სახლში ცხოვრობს.
გოგონას უყალიბდება დეზორგანიზებული მიჯაჭვულობა, რომელიც ზრდასრულ ასაკში საიმედო ურთიერთობების დამყარებას გაურთულებს. სურვილებისა და შიშების კომბინაცია შინაგან კონფლიქტებს აღვივებს. ადიქციები, აუტოაგრესია, კონფლიქტურობა, სირცხვილი, საკუთარი უვარგისობის განცდა — ასეთი მოთხოვნებით შეიძლება მიმართოს ფსიქოლოგს ქალმა, რომელიც ასეთი მამის მიერ არის აღზრდილი.
4. მამა, რომელსაც არ უყვარს ცოლი, და "ცივი" დედა
მშობლებს შორის ახლო და ნდობით აღსავსე ურთიერთობების არარსებობისას, ზოგჯერ გოგონა იწყებს იმაზე ფიკუსირებას, რაც მოსწონს ან შეიძლება მოეწონოს მამას. რაღაც მომენტში ის ფაქტობრივად იკავებს დედის ადგილს მამის გულში და არაცნობიერად დგება მასთან მეტოქეობის გზაზე.
ყალიბდება კოალიცია დედის წინააღმდეგ. ქალიშვილს შეუძლია "ზურგს უკან" დაადანაშაულოს დედა იმაში, რომ მას არ უყვარს მამა, არ ზრუნავს მასზე, არ არის აღფრთოვანებული ასეთი ძლიერი, ნიჭიერი, კეთილი ადამიანით.
ასეთი ქალები ხშირად დიდხანს რჩებიან საყვარლის როლში. მორჩილება, საკუთარი ემოციებისა და სურვილების დამალვის უნარი, მამაკცისგან მიტოვების შიში იწვევს დამოკიდებულ ურთიერთობებს.
5. არარსებული მამა
მამა შეიძლება ცხოვრებისეული გარემოებების გამო, გვერდით არ იყოს ან იგი არის, მაგრამ "გინდ ყოფილა, გინდა - არა". ამ პირობებში გოგონა, უმრავლეს შემთხვევაში, მამაკაცების წინააღმდეგ ცრურწმენებით ივსება. მისთვის მამაკაცები არასაიმედონი არიან, თვითონ გოგონას შეიძლება არ ჰქონდეს საკუთარი ღირებულების შეგრძნება, საკუთარი თავის რწმენა, სამყაროში უსაფრთხოების განცდა.
გარდა ამისა, მას შეიძლება ირაციონალური დანაშაულის გრძნობა გაჩნდეს, რომელიც ყალიბდება პატარა ბავშვის ეგოცენტრული რწმენისგან: "თუ მშობლებს რაიმე ცუდი ემართებათ, ეს ჩემს გამო ხდება".
მშობლების ურთიერთობებიდან, მამის მისდამი დამოკიდებულების გამოცდილებიდან, გოგონა იღებს სიგნალს, კარგია თუ ცუდია იყო ქალი საზოგადოებაში, ამ ბაზაზე ის სწავლობს მამაკაცებთან ურთიერთობების აგებას. შეიძლება აირჩიოს თავისზე ბევრად უფროსი მამაკაცი (მამის ფიგურის კომპენსაციისთვის), განუვითარდეს მის მიმართ სხვადასხვა სახის დამოკიდებულებითი და არაჯანსაღი ურთიერთობა (შეგუება შფოთვასთან).
საკმარისად კარგი მამები
"კი მაგრამ, "ნორმალური" მამები არ არსებობენ?" — იკითხავთ თქვენ. მათთან ყველაფერი რიგზეა. ისინი ლოიალურები არიან შეცდომებისა და სტრესის მიმართ, ადვილად პატიობენ შეცდომებს და გოგონას განვითარების მეტ ვარიანტს სთავაზობენ. მამის მხრიდან სწორად აღზრდის გარემოება მისცემს გოგონას თვითშეფასების განცდას, ასწავლის პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ არჩევანზე, პატივი სცემს სხვა ადამიანების საზღვრებს და თავს ლამაზ, უნიკალურ ქალად დაინახავს, რომელიც ზრუნვას და სიყვარულს იმსახურებს.