არაერთი კვლევით არის დადასტურებული, რომ მუცლად მყოფ ნაყოფს თავისებური მეხსიერება გააჩნია, რომელიც საშვილოსნოში ყოფნის დროს გარკვეულ ინფორმაციას ინახავს. ბავშვი „იმახსოვრებს“ ცუდსაც და კარგსაც, ამიტომ თუ გსურთ, რომ მან დაბადების შემდეგ სიამოვნების განცდით იცხოვროს, აცინეთ და გაახარეთ ის ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ის მუცელშია. ანუ ეცადეთ, რომ რაც შეიძლება ხშირად ამყოფოთ დადებითი ემოციების გავლენის ქვეშ, სანამ ჯერ კიდევ ფეხმძიმედ ხართ. ნაყოფი ყოველთვის გრძნობს დედის განწყობას.დაბადებიდან 3 კვირის შემდეგ პატარები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან დედას და მასზე მზერას აფიქსირებენ. ამ დროს ეცადეთ, ყოველთვის გაიღიმოთ, ალერსიანი სიტყვები უთხრათ, უმღეროთ. პირველივე თვის ბოლოსა და მეორის დასაწყისში აუცილებლად დაინახავთ ღიმილს მის სახეზე.
სხვათა შორის, ღიმილი სიცოცხლის პირველ პერიოდში მარტივი ქმედება არ გახლავთ -ღიმილის განსახორციელებლად ახალშობილმა სახის 17 კუნთი უნდა აამოქმედოს.ბავშვები ხშირად იცვლიან მიმიკას, როცა ეთამაშებით, ელაპარაკებით. ასევე ღიმილით გპასუხობენ, თუ თქვენს სახეზეც ღიმილს დაინახავენ. სხვათა შორის, ბავშვს იგივე რეაქცია აქვს, როცა მხარულ და გაღიმებულ სახეებს ნახატებზე ხედავს. ამიტომ ფერადი, ღიმილანი სახეების ამსახველი ნახატები შეგიძლიათ მისი საწოლის სიახლოვეს გაუკრათ.
როცა დედისა და ახალშობილის მხედველობითი კონტაქტი შედგება, ბავშვში სოციალური, ანუ ურთიერთობის სურვილით გამოწვეული ღიმილი ჩნდება. ცოტა ხანში მას ყელისხმიერი ბგერებიც დაემატება - ეს უკვე ხმამაღალი სიცილის მცდელობაა.როცა ხვდებით, რომ ბავშვი უკვე გამჩნევთ, ეცადეთ თქვენი მასთან ურთიერთობა ყოველთვის ღიმილიანი სახით, ალერსიანი სიტყვებით, ნაზი შეხებით, მოფერებით, დადებითი ემოციებით წარიმართოს. ამ ყველაფრის შედეგი იქნება ღიმილი, რომელიც ურთიერთობისთვის გიხმობთ და მას სიცილი დააგვირგვინებს.როცა პატარა 3 თვის გახდება, შეამჩნევთ, როგორ შეიცვალა მისი ქცევა: სახიდან ღიმილი თითქმის არასდროს შორდება, გახარებული ღუღუნებს, იცინის, სიხარულისგან ხელებს და ფეხებს იქნევს. ეს უკვე ნიშნავს, რომ ბავშვი ფსიქიკურად ძალიან კარგად ვითარდება.6 თვის ბოლოსთვის ბავშვი უკვე ცდილობს, უფროსებში დადებითი ემოციები თავად გამოიწვიოს, განსაკუთრებით დედისთვის. უყურებს დედას და ცდილობს, შეეხოს, უსმენს მის ხმას, აკვირდება, რაც მომავალში სამყაროსთან ურთიერთობაში უნდა დაეხმაროს.ამ ასაკში ბავშვს ხალისიანი, რიტმული ლექსები უნდა უკითხოთ, მოასმენინოთ სასიამოვნო მუსიკა, ხელი შეახებინოთ ფუმფულა ზედაპირებზე, აჩვენოთ საპნის ან ჩვეულებრივი ბუშტები. ბავშვში სიცილი და ღიმილი წაახალისეთ. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანის მისი განვითარებისთვის.