კიანუ რივზი ჰოლივუდის გამორჩეული ვარსკვლავია და უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მსახიობს არა მხოლოდ დასამახსოვრებელი როლებით, არამედ სოციალური პროექტებიდანაც იცნობენ. როგორც ცნობილია, ხშირად ერთვება საქველმოქმედო საქმიანობაში და ცხოვრობს ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. არც ცნობილ მოდელებთან ჰქონია გახმაურებული რომანები და არც რაიმე დანაშაულებრივი ქმედებაა მის სახელთან დაკავშირებული. საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელია, რომელიც უკვე მრავალი წელია, სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება. მნიშვნელოვან თანხას რიცხავს ცხოველების უფლებების დასაცავად. ხშირად ეხმარება თავის გულშემატკივრებს. მოკრძალებულად ცხოვრობს, დადის მეტროთი, არ სარგებლობს ვარსკვლავობის პრივილეგიით და საკუთარ გულშემატკივრებთან ფოტოების გადაღებაზე უარს არასოდეს ამბობს.
მრავალი წლის განმავლობაში, კიანუ რივზი საკუთარ პირად ცხოვრებას მალავდა და არც რომელიმე ქალთან ერთად გამოჩენილა საზოგადოებაში. თუმცა, 2019 წელს მსახიობის თაყვანისმცემლების ყურადღება ალექსანდრა გრანტმა მიიპყრო. კიანუ რივზი მასთან ერთად საჯაროდ გამოჩნდა.
ალექსანდრა გრანტი ხელოვნებათმცოდნეა. როგორც ცნობილია, მან და კიანუმ ერთმანეთი ბევრი წლის წინ გაიცნეს, თუმცა, თავდაპირველად კარგი მეგობრები იყვნენ...
მათ ერთმანეთი პირველად 2009 წელს ნახეს და საერთო ინტერესების დამსახურებით, დამეგობრება არ გასჭირვებიათ. გრანტი ოჰაიოში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. თუმცა, როგორც ცნობილია, მთელი ბავშვობა მშობლებთან ერთად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა. მოგზაურობის დროს კი მისი ხელოვნებისადმი ინტერესიც გამოვლინდა. გოგონა ბევრს ხატავდა, ქანდაკებებს ძერწავდა, ლექსებს წერდა. შემდეგ ალექსანდრა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდა და ხელოვნებათმცოდნეობაზე ჩააბარა.
პარალელურად, აქტიურად მუშაობდა წიგნებზე, მისი ნამუშევრები კი ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში გამოფინეს.
2011 წელს კი ის კიანუს წიგნის "Ode to Happiness and Shadows" გამოცემაში დაეხმარა. როგორც ცნობილია, კიანუმ საკუთარი წიგნისთვის ილუსტრაციების შესრულება სწორედ მას მიანდო.
საქმიანმა ურთიერთობამ ისინი კიდევ უფრო მეტად დააახლოვა და დროთა განმავლობაში კარგ მეგობრებად გადაიქცნენ. როგორც მათი მეგობრები ამბობენ, კიანუსა და ალექსანდრას ძალიან ბევრი საერთო აქვთ და შეეძლოთ, საათობით ესაუბრათ, ხანაც ეკამათათ და თავიანთი აზრი ერთმანეთისათვის გაეზიარებინათ.
2018 წელს ალექსანდრამ და კიანუმ გამომცემლობა "X Artists Books" დააარსეს. ამავდროულად, მსახიობი ალექსანდრას ორი წიგნის "MOCA Focus" და "The Artists Prison" გამოცემაში დაეხმარა. ორივე წიგნი ხელოვნების საკითხების შესახებაა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მედია ამ ურთიერთობაში ჩაძიებას არ ცდილობდა, რადგან ყველა დარწმუნებული იყო, რომ კიანუ რივზს რომელიმე ცნობილ მოდელთან ჰქონდა ურთიერთობა და მალავდა. სანამ ყველა კიანუს "მოდელ" შეყვარებულს იკვლევდა, ის და ალექსანდრა მშვიდად ცხოვრობდნენ და თავიანთ საქმეს აკეთებდნენ.
და ბოლოს, 2019 წელს ლოს-ანჯელესის LACMA მუზეუმში Art + Film საქველმოქმედო საღამოს წითელ ხალიჩაზე ისინი ფოტოგრაფების წინაშე ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ და ყველას ყურადღება მიიპყრეს.
ფოტოების გავრცელებისთანავე ალექსანდრა გრანტს ბევრი ადამიანი აკრიტიკებდა. ზოგი წერდა, რომ კიანუზე გაცილებით დიდი ასაკის იყო. სინამდვილეში მხატვარი მსახიობზე 10 წლით უმცროსია, ის არ აღიარებს სილამაზის დაწესებულ სტანდარტებს, არ იღებავს ჭაღარა თმას და არც ნაოჭების გასწორებას ცდილობს.
წყვილი დღემდე დაფარულად ცხოვრობს, საჯაროდ ერთად იშვიათად ჩნდებიან და თავიანთ საქმეს აკეთებენ...
ბოლოს ახლახან გამოჩნდნენ მორიგ ღონისძიებაზე და კვლავ საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ.
დაახლოებით, 20 წლის წინ კიანუ რივზს შეყვარებული გარდაეცვალა, რომელიც მისგან შვილს ელოდებოდა. მას შემდეგ, მსახიობი საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ არაფერს ამბობდა. ახლა კი მისი გულშემატკივრები ძალიან გახარებულები არიან, რომ კიანუს ბედნიერს ხედავენ.