ფართო საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ კუჭის წყლული განუკურნებელი ქრონიკული დაავადებაა, თუმცა რეალურად პათოლოგიის განკურნება შესაძლებელია სპეციალისტის მიერ სწორი დიაგნოსტირებისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში. პაციენტს რჩება ნაწიბურები, რომლებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ შეიძლება პროგრესირდეს. სწორედ ამიტომ ფიქრობს ბევრი, რომ წყლული განუკურნებელი დაავადებაა.
კუჭის წყლული გულისხმობს ადგილობრივად ლორწოვანი შრის დაზიანებას კუნთოვან შრემდე. საწყის ეტაპზე კუჭ-ნაწლავის სისტემაში ჩნდება ეროზია, რომელიც უყურადღებობის ან არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში გადაიზრდება წყლულად. დაავადების, მისი მკურნალობისა და პრევენციის შესახებ “ნიუ ჰოსპიტალსის” გასტროენტეროლოგი თეონა ჯანაშია გვესაუბრება.
რა ტიპის დაავადებაა კუჭის წყლული და როგორია მისი ჩივილები?
კუჭის წყლული არის ლორწოვანი შრის დეფექტი კუნთოვან შრემდე. მისი საწყისი ეტაპი გახლავთ კუჭის ეროზია, რომელიც პროგრესირების შემთხვევაში გადაიზრდება წყლულში. უფრო ხშირად გვხვდება კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულები. საყლაპავი მილში ლოკალიზებული პათოლოგია კი შედარებით იშვიათია.
წყლულის დროს პაციენტი უჩივის ტკივილს ეპიგასტრიუმის არეში, გულძმარვას, გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას, უმიზეზოდ წონაში კლებას და მადის დაქვეითებას.
რა არის კუჭის წყლულის გამომწვევი მიზეზი?
კუჭის წყლულის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი ჰელიკობაქტერია პილორია, რომელიც ბუნებრივად ცხოვრობს ადამიანის ორგანიზმში, კუჭში. უბრალოდ გარკვეული ფაქტორების ზეგავლენით კუჭის ლორწოვან გარსს აზიანებს, აქვეითებს მის დამცავ ფუნქციას და ხელს უწყობს პათოლოგიის ჩამოყალიბებას. ეს ფაქტორი შეიძლება იყოს არასწორი კვება, გენეტიკური წინასწარგანწყობა, სხვადასხვა მედიკამენტის, მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება.
დასახელებულმა მიზეზებმა შეიძლება თავადაც გამოიწვიონ კუჭის წყლული ისე, რომ არ მოხდეს ჰელიკობაქტერია პილორის გააქტიურება.
როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?
კუჭის წყლულის დროს შედეგის მიღებას ძალიან ახანგრძლივებს თვითმკურნალობა. სწორედ ამიტომ ექიმთან დროულ მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
როდესაც პაციენტი უჩივის ინტენსიურ და განმეორებით ტკივილს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს გასტროენტეროლოგს. ასევე, უკიდურესად მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი, თუ მას აღენიშნება სისხლდენა, სისხლიანი ღებინება ან კუჭის მოქმედება შავი მასებით.
როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება?
დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი ენდოსკოპიაა, როდესაც საყლაპავის, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის დათვალიერება ხდება. პროცესის დროს სპეციალისტი საჭიროებისამებრ მორფოლოგიურ მასას იღებს პათოლოგიური პროცესიდან კვლევისთვის, რომ გამომწვევი მიზეზის ზუსტი დიაგნოსტირება მოხდეს.
ჰელოკიბაქტერიის დადგენა ასევე შესაძლებელია სუნთქვითი ტესტითაც, ანტიგენით განავალში და ანტისხეულით სისხლში. „ნიუ ჰოსპიტალსში“ დიაგნოსტიკის ყველა მეთოდი დანერგილია.
როგორ განისაზღვრება მკურნალობის კურსი და რამდენად ხანგრძლივი პროცესია ის?
მკურნალობის დასანიშნად უნდა დადგინდეს დაავადების გამომწვევი მიზეზი და სიმძაფრე. შესაბამისად განისაზღვრება მკურნალობა. ყველაზე ხშირად ვიყენებთ მჟავიანობის დამაქვეითებელ და სხვადასხვა სიმპტომურ საშუალებებს. თუკი წყლული გამოწვეულია ჰელიკობაქტერია პილორით, მაშინ მკურნალობაში ერთვება ანტიბიოტიკოთერაპია, რაც საერთაშორისო გაიდლაინითაა მოწოდებული.
მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. გარკვეული პერიოდის შემდეგ, პაციენტს აუცილებლად სჭირდება კონტროლი, უნდა ინახოს, შეხორცდა თუ არა წყლული და როგორი ნაწიბური დაგვრჩა. პირობითად 1-თვიანი მკურნალობის კურსი არ ნიშნავს, რომ წყლული სრულად შეხორცდა. თუმცა იმის თქმაც, არასწორია, რომ კუჭის წყლულის განკურნება არ ხდება. რეალურად, მკურნალობის შემდეგ გვრჩება ნაწიბური, რომელიც მოგვიანებით კვლავ შეიძლება პროგრესირდეს და სწორედ ამიტომ ჰგონია ბევრს, რომ ეს ქრონიკული დაავადებაა.
შესაძლებელია თუ არა დაავადების პრევენცია?
დაავადების სრული პრევენცია შეუძლებელია. თუმცა ადამიანებს სერიოზული გართულებების თავიდან აცილება შეუძლიათ დროული დიაგნოსტირებითა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით. თანამედროვე ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს დაავადებაზე. სწრაფი კვების ობიექტების მიერ შემოთავაზებული საკვები არღვევს კუჭის ბარიერს და იწვევს დაავადებებს, რომლებიც შემდგომ შეიძლება გადავიდეს წყლულში. ამიტომ სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტიურობა პრევენციისთვის მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, ეს ყველაფერი გვეხმარება, რომ მკურნალობის დასრულების შემდეგ დაავადების მეორეული განვითარება არ მოხდეს.
ადამიანებმა, რომლებსაც გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვთ, პროფილაქტიკურ ღონისძიებებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ.
რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს კუჭის წყლულმა, თუ სათანადო მკურნალობა არ მოხდება?
ყველაზე ხშირი გართულება არის სისხლდენა. ასევე ხდება პენეტრაცია, ანუ წყლულის მეზობელ ორგანოებში, მაგალითად, პანკრეასში ჩაზრდა და პერფორაცია, რომელიც კუჭის მთლიანობის დარღვევას გულისხმობს და შიგთავსი მუცლის ღრუში იღვრება.
ძალიან შორს წასულ შემთხვევაში კუჭის წყლული შეიძლება სიმსივნეში გადაიზარდოს.
R