გუშინ ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა მოსკოვში. რუსულ პრესაში მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვრცელი სტატია გამოჩნდა მის პირად ცხოვრებაზე, რომელსაც გთავაზობთ:
"ძალიან დიდი ნიჭი და შრომისმოყვარეობა - ამ ორმა თვისებამ ზურაბ წერეთელი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ ცნობილ ფიგურად აქცია. არაერთხელ თქვა, რომ შრომისმოყვარეობას ბავშვობიდან, საკუთარი მშობლების მაგალითით მიეჩვია და სიბერეშიც კი მოლბერტთან გვიანობამდე იჯდა და საოცარ ნამუშევრებს ქმნიდა.
2025 წლის 4 იანვარს ზურაბ წერეთელს 91 წელი შეუსრულდა, 22 აპრილს კი ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მხატვარი, მოქანდაკე-მონუმენტალისტი და სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი საკუთარ სახლში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ წერეთელმა არაერთი გამორჩეული ნამუშევარი დატოვა, ის, პირველ რიგში, როგორც კარგი ადამიანი უყვარდათ.
ზურაბ წერეთელი 1934 წლის 4 იანვარს თბილისში დაიბადა. მოქანდაკის მამა - კონსტანტინე წერეთელი სამთო ინჟინრად და მასწავლებლად მუშაობდა, დედა დიასახლისი იყო და ოჯახზე ზრუნავდა, ხოლო ბიძა, გიორგი ნიჟარაძე ცნობილი მხატვარი იყო. სწორედ მან უყიდა 4 წლის ზურაბს ფერადი ფანქრების პირველი ყუთი. როგორც აღმოჩნდა, ამ საჩუქარმა მთელი მისი მომავალი განსაზღვრა...
ბავშვთა ილუსტრირებული ალბომები, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ისტორიის ინსტიტუტის მხატვრის თანამდებობა - ცხოვრების მანძილზე ზურაბ წერეთელმა არაერთი გამოცდილება მიიღო, უცხოელ ხელოვანებთანაც ითანამშრომლა და ბევრი იმოგზაურა. მაგალითად, საფრანგეთში ის პაბლო პიკასოსა და მარკ შაგალს პირადად შეხვდა, ხოლო აშშ-ში ხელოვნების ეროვნული საზოგადოებისგან საპატიო მედალი მიიღო.
ზურაბ წერეთელი ერთგულებას ყველაზე მნიშვნელოვან თვისებას უწოდებდა. საქმეში საკუთარი შემოქმედების ერთგული დარჩა, პირად ცხოვრებაში კი ოჯახის... მხატვარი თავის უდიდეს სიყვარულს სტუდენტობის პერიოდში შეხვდა. როდესაც მან ინესა ანდრონიკაშვილი ქუჩაში დაინახა, გოგონათი მაშინვე მოიხიბლა. გასაოცარმა გარეგნობამ და შინაგანმა არისტოკრატიამ მხატვარზე დიდი გავლენა მოახდინა და როგორც მოგვიანებით თავად გაიხსენა, გადაწყვიტა, უკან გაჰყოლოდა, თუმცა ინესა ცოტა ხანში ხალხში გაუჩინარდა...
"რაღაც დამემართა: გავჩერდი და ვუყურებდი, რომ მისი მოძრაობა დამემახსოვრებინა." - გაიხსენა ზურაბ წერეთელმა.
მხატვარი ინესა ანდრონიკაშვილზე რამდენიმე დღის განმავლობაში ფიქრობდა და საკუთარ თავს ვერ პატიობდა, რომ მასთან არ მივიდა და არ გაიცნო. მაგრამ, ბედისგან წარმოუდგენელი საჩუქარი მიიღო. ის და მისი მშობლები ქართულ ოჯახში მიიწვიეს და დიდ, მდიდრულ სახლში ისევ ინესას შეხვდა... აღმოჩნდა, რომ გოგონას არისტოკრატიული წარმომავლობა ჰქონდა და ზურაბმა მასში ეს თავიდანვე დაინახა.
მეორე შანსი, რა თქმა უნდა, ხელიდან აღარ გაუშვია და ინესა პაემანზე მიიწვია. 1958 წელს შეყვარებულები დაქორწინდნენ და მალე ქალიშვილი, ლიკა შეეძინა. ის წყვილის ერთადერთი ბიოლოგიური ქალიშვილია.
თუმცა, ზურაბ წერეთელმა და ინესა ანდრონიკაშვილმა ორი გოგონა - ლუდა და ტატიანა იშვილეს და აღზარდეს. ეს ისტორიაც საოცრად განვითარდა. ლიკა ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც სახლში ახალი მეგობრები მიიყვანა. ბავშვები ჭუჭყიანები და მშივრები იყვნენ და რაც მთავარია, მათ არავინ ეძებდა...
პატარა გოგონებმა ღამე წერეთლის სახლში გაათიეს. დილით მათთან ბებია მივიდა, თუმცა, როგორც ცნობილია, ქალი მთვრალი იყო და ბავშვების წაყვანას არ ჩქარობდა. მან გოგონების ოჯახში დატოვება გადაწყვიტა. ზურაბმა და ინესამ კი ისინი საკუთარი შვილებივით გაზარდეს, შესანიშნავი განათლება მისცეს და ყველა პირობა შეუქმნეს, რომ ბედნიერად ეცხოვრათ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ტატიანა დაქორწინდა და თბილისში დარჩა. ლუდა მოსკოვში ცხოვრობს და ხელოვნებათმცოდნედ მუშაობს. ლიკამაც საკუთარი ცხოვრება ხელოვნებას დაუკავშირა და უკვე მრავალი წელია, მამის სამხატვრო გალერეის ხელმძღვანელია.
ზურაბ წერეთლისთვის ოჯახი ყოველთვის მთავარ პრიორიტეტად რჩებოდა. ის საკუთარ ცოლს აღმერთებდა. მოქანდაკე ინესა ანდრონიკაშვილთან ერთად 40 წელი ცხოვრობდა, თუმცა, სამწუხაროდ, 1988 წელს მისი მთავარი სიყვარული გარდაიცვალა. წერეთელმა მეუღლის გარდაცვალება მძიმედ გადაიტანა. მისი გარდაცვალების შემდეგ პირველი გამოფენა სწორედ ინესა ანდრონიკაშვილს მიუძღვნა.
მხატვარმა 15 წელი მარტოობაში გაატარა და საკუთარი თავი მთლიანად ხელოვნებას მიუძღვნა. 2004 წელს კი შეხვდა ქალს, რომელიც შეუყვარდა. მისი რჩეული ხელოვნებათმცოდნე და მხატვარი ტატიანა კოჩემასოვა იყო. ტატიანა ზურაბ წერეთელზე 46 წლით უმცროსი იყო. ისინი ოფიციალურად არ დაქორწინებულან, თუმცა ერთად ცხოვრობდნენ.
ზურაბ წერეთელს სამი შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი ჰყავს. მან რამდენიმე დაუმთავრებელი ნახატიც დატოვა. მხატვრისთვის არც ასაკი და არც გულის პრობლემები დაბრკოლება არ ყოფილა და ის ბოლო წუთამდე მუშაობდა.
როგორც ცნობილია, მას თბილისში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.