"ფუმფულა სათამაშოებში ოქროსფერი სტაფილოკოკი და ნაწლავის ჩხირები აღმოჩნდება, თუ რეგულარულად არ დარეცხავთ მათ" - როგორ და რა სიხშირით სჭირდება რბილ სათამაშოებს რეცხვა, რომ არ დაზიანდნენ - მშობლები

"ფუმფულა სათამაშოებში ოქროსფერი სტაფილოკოკი და ნაწლავის ჩხირები აღმოჩნდება, თუ რეგულარულად არ დარეცხავთ" - როგორ და რა სიხშირით სჭირდება რბილ სათამაშოებს რეცხვა, რომ არ დაზიანდნენ

2025-04-24 07:28:07+04:00

პედიატრები ხშირად უჩევენ მშობლებს, ბავშვის ოთახში არ შეინახონ ფუმფულა სათამაშოები. დიდი ხანია ცნობილია, რომ რბილი სათამაშოები სიფრთხილეს საჭიროებენ.

კვლევისთვის მეცნიერებმა აიღეს ნაცხი ოთხი საგნიდან — ბავშვის პლედიდან, ფუმფულა სათამაშოდან, ნაგვის ურნიდან და უნიტაზის სახურავიდან. მიღებული ნიმუშები შემოწმდა ადენოზინტრიფოსფატის დონეზე — ესაა ნივთიერება, რომელიც ცოცხალ უჯრედებში გვხვდება. შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა: პლუშის სათამაშოების თითქმის 30% და პლედების 43% აჩვენებდა დაბინძურების დონეს 1000 ერთეულზე მეტს. ეს უფრო მაღალია, ვიდრე უნიტაზის (864) ან ნაგვის ურნის (294) შემთხვევაში.

აღმოჩენილ ბაქტერიებს შორის იყო ოქროსფერი სტაფილოკოკი (Staphylococcus aureus) და ნაწლავის ჩხირი E. coli, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ მძიმე ინფექციები ბავშვებში.

"მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ეს არ არის უბრალოდ ჭუჭყი, არამედ ფარული საფრთხე ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისა და დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის", — განაცხადა კლინიკა It's Me & You-ს ექიმმა სნეგუოლე გეიგემ კვლევის შედეგების კომენტირებისას.

დოქტორი გეიგე ხაზს უსვამს, რომ პლუშის სათამაშოები და ბავშვის პლედები იდეალური გარემოა ბაქტერიების, სოკოებისა და ალერგენებისთვის. მათი რეგულარული ზემოქმედება კი შეიძლება გახდეს რესპირატორული დაავადებების, კანის რეაქციებისა და ხშირი ინფექციების მიზეზი. გარდა ამისა, რბილი სათამაშოები აგროვებენ მტვრის ტკიპებსა და ობის სპორებს, რომლებიც იწვევენ ალერგიასა და ასთმის გამწვავებას.

გამოსავალი მარტივია: არ დაგვავიწყდეს ჰიგიენა და რბილი სათამაშოების რეგულარული რეცხვა.

როგორ გავრეცხოთ რბილი სათამაშო დაზიანების გარეშე

  • გარეცხეთ სათამაშო სპეციალურ ტომარაში ან შეკრულ ბალიშის პირში.
  • გამოიყენეთ დამზოგველი რეჟიმი: "დელიკატური რეცხვა" ან "ხელით რეცხვა".
  • გამოიყენეთ საშუალება დელიკატური ქსოვილებისთვის ან ბავშვის ნივთებისთვის მათეთრებლის გარეშე.
  • გააშრეთ სათამაშო ბუნებრივად: საშრობში გაშრობისას შეიძლება გადნეს პლასტიკური ელემენტები — ცხვირი, თვალები.
  • ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმი რბილი სათამაშოების გასარეცხად — 30-40 °C.
  • 30 °C — უსაფრთხო უნივერსალური ვარიანტი. შეესაბამება დელიკატურ ქსოვილებს, კაშკაშა ფერის სათამაშოებსა ან წებოვან ელემენტებს. რეკომენდებულია, თუ არ არის ხილული დაბინძურება და სათამაშო ხშირად ირეცხება.
  • 40 °C გამოდგება, როდესაც სათამაშო უფრო საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს. ასეთ ტემპერატურაზე უფრო ეფექტურად შორდება ბაქტერიები და ალერგენები. შეესაბამება ბამბისა და სინთეტიკურ ქსოვილებს, თუ სათამაშო კარგადაა შეკერილი და არ აქვს თერმომგრძნობიარე დეტალები.

სათამაშოები მუსიკალური ან მექანიკური ელემენტებით უმჯობესია საერთოდ არ გარეცხოთ მანქანაში. ისინი შეიძლება გაწმინდოთ საპნიანი ხსნარით: გახსენით ცოტაოდენი რბილი სარეცხი საშუალება ან ბავშვის შამპუნი თბილ წყალში, დაასველეთ ხსნარში რბილი ქსოვილი ან ღრუბელი და გაწმინდეთ ზედაპირი. შემდეგ მოაშორეთ საპნის ნარჩენები სუფთა სველი ქსოვილით. დამატებით შეგიძლიათ შეასხუროთ სათამაშოს ანტისეპტიკური სპრეი ან დაამუშაოთ ორთქლით.

რამდენად ხშირად უნდა გავრეცხოთ რბილი სათამაშოები

  • 3-4 კვირაში ერთხელ — ოპტიმალური სიხშირე იმ სათამაშოებისთვის, რომლებთანაც ბავშვი რეგულარულად იძინებს ან თამაშობს.
  • 1-2 კვირაში ერთხელ, თუ ბავშვს აქვს ალერგია ან სუსტი იმუნიტეტი.
  • ყოველთვის ავადმყოფობის შემდეგ, რათა მოვაშოროთ მიკრობები და თავიდან ავიცილოთ ხელახალი დაინფიცირება.
  • სასურველია მაშინვე გარეთ ყოფნის ან ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ, თუ სათამაშო სეირნობისას, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან სტუმრად გქონდათ.