რა აღმოჩნდა ყველაზე ტოქსიკური ნივთი ბავშვის ოთახში - მშობლებს მასზე ეჭვი არასდროს მიაქვს - მშობლები

რა აღმოჩნდა ყველაზე ტოქსიკური ნივთი ბავშვის ოთახში - მშობლებს მასზე ეჭვი არასდროს მიაქვთ

2025-04-28 09:04:13+04:00

ყოველ საღამოს, როდესაც ბავშვებს დასაძინებლად ვაწვენთ, ვუსწორებთ საბანს, ვამოწმებთ, ხომ არაფერია ლოგინში, რაც ძილში შეაწუხებს, ვანიავებთ ოთახს, თუმცა, საერთოდ არ გვახსენდება, თუ რა იმალება ლეიბის შიგნით, რომელზეც პატარა იძინებს. სწორედ ლეიბი შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე ტოქსიკური ნივთი საბავშვო ოთახში.

ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელმაც აჩვენა: ბავშვის ძილის დროს მის მიკროგარემოში შეიძლება დაგროვდეს საშიში რაოდენობის მავნე ნივთიერებები და მათი მთავარი წყარო — ლეიბებია.

ძილის მიკროგარემოში მკვლევარები გულისხმობენ ყველაფერს, რაც ბავშვს ძილის დროს ირგვლივ აკრავს: თვით ლეიბს, თეთრეულს, ბალიშებს, პლედებს, სათამაშოებს და ჰაერს ოთახში. ახლა გავიხსენოთ: ბავშვები დაბადებიდან 4 წლამდე საწოლში დღე-ღამეში 18 საათამდე ატარებენ. ეს ნიშნავს, რომ თითქმის მთელი დროის განმავლობაში ისინი სუნთქავენ ჰაერს, რომელიც გაჯერებულია ტოქსინებით.

რატომ არის საშიში საბავშვო ლეიბები

კვლევის შედეგები წარმოდგენილია ჟურნალში Environmental Science & Technology Letters. მეცნიერებმა 25 საბავშვო ოთახიდან აიღეს ჰაერის ნიმუშები, სადაც 6 თვიდან 4 წლამდე ბავშვებს ეძინათ და დააფიქსირეს ნახევრად აორთქლებადი ორგანული ნაერთების მაღალი დონე, როგორიცაა ფტალატები, ანტიპირენები, ულტრაიისფერი ფილტრები. ამასთან, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები საწოლების მახლობლად იყო.

შემდეგ მათ ბავშვის გარშემო არსებული საგნების შესწავლა დაიწყეს, მათ შორის გამოიკვლიეს საბავშვო ლეიბიბის შემადგენლობა.

ერთ-ერთ გამოკვლეულ ლეიბში დიბუტილფტალატის დასაშვები შემცველობის დონე იყო გადაჭარბებული. მეორეში ტრიქლორეთილფოსფატი (TCEP) — ანტიპირენი აღმოაჩინეს, რომელიც აკრძალულია ქსოვილების დასამუშავებლად კანადასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. დანარჩენი ლეიბები შეიცავდა ორგანოფოსფატის ეთერების 1-დან 3%-მდე. და თითოეულ ლეიბში იყო სულ მცირე რამდენიმე 21 ნახევრად აორთქლებადი ორგანული ნაერთიდან (ორთოფტალატები, ორგანოფოსფატის ეთერები, ბენზოფენონები და სალიცილატები).

სამწუხაროდ, ფტალატები და სხვა ნივთიერებები ლეიბში არ არის უბრალოდ რთული ქიმიური ტერმინები. ასეთ ნაერთებს შეუძლიათ დაარღვიონ ბავშვის ჰორმონული და ნერვული სისტემების მუშაობა, შეამცირონ კოგნიტური უნარები, გააუარესონ მეხსიერება და ყურადღება, ასევე გაზარდონ ასთმისა და ონკოლოგიური დაავადებების რისკი.

ბავშვებს კანი უფრო მგრძნობიარე აქვთ, ვიდრე მოზრდილებს, უფრო ხშირი სუნთქვა, იმუნიტეტი ჯერ კიდევ არ არის გაძლიერებული. შედეგად, ორგანიზმი უფრო სწრაფად შთანთქავს მავნე ნივთიერებებს გარემოდან და უფრო მკვეთრად რეაგირებს მათზე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ბავშვის სხეულის სითბოსა და წნევის ზემოქმედებით ლეიბიდან ქიმიური ნივთიერებების გამოყოფა შეიძლება რამდენჯერმე გაიზარდოს.

როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო საბავშვო ლეიბი: ჰიგიენისტების რეკომენდაციები

  1. უპირატესობა მიანიჭეთ სერტიფიცირებულ ლეიბებს — ეძებეთ ისეთი მარკირება, როგორიცაა OEKO-TEX Standard 100. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი შემოწმებულია სულ მცირე ოფიციალურად აკრძალული მავნე ნივთიერებების არსებობაზე.
  2. აირჩიეთ ბუნებრივი შემავსებლები — ლატექსი (ბუნებრივი და არა სინთეტიკური), ბამბა. უმჯობესია თავი აარიდოთ პენოპოლიურეთანსა და სხვა სინთეტიკას, განსაკუთრებით უსაფრთხოების აშკარა მითითებების გარეშე.
  3. მოერიდეთ ძლიერად შეღებილ ქსოვილებს: მათ შეიძლება შეიცავდეს ტოქსიკურ სტაბილიზატორებსა და საღებავებს.
  4. უფრო ხშირად გარეცხეთ თეთრეული, ტანსაცმელი და სათამაშოები — ეს ამცირებს მათში ქიმიკატებისა და მტვრის დაგროვებას, ამცირებს კონტაქტს პოტენციურ ალერგენებთან. სწორედ თეთრეული იცავს ბავშვს ლეიბიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფისგან.
  5. არ შეიძინოთ ლეიბები ძლიერი სუნით, ხოლო დანარჩენები პირველი გამოყენების წინ კარგად "გაანიავეთ": დატოვეთ სულ მცირე ერთი კვირით აივანზე ან კარგად განიავებად ოთახში.
  6. მინიმუმამდე დაიყვანეთ ზედმეტი ელემენტები საწოლში — საწოლის რბილი ამოსაკრავები, ბალიშები და სათამაშოები მხოლოდ აძლიერებენ ქიმიურ დატვირთვას და ზრდიან ალერგიის რისკს.