თუ გინდათ, რომ დედობამ ცუდი კვალი არ დაგატყოთ, ეს რჩევები გაითვალისწინეთ თქვენი შვილი სამყაროს ცოტა ხნის წინ მოევლინა და მთელი თქვენი ცხოვრება შეცვალა. ამ ცვლილებებს მომზადებული უნდა შეხვდეთ. ამაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეინარჩუნებთ გარეგნობას, ნერვებსა და ცხოვრების ნათელ გატაცებებს. თუ გინდათ, რომ დედობამ ცუდი კვალი არ დაგატყოთ, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ.
1. გიყვარდეთ საკუთარი თავი. გასაგებია, რომ სამყაროს ცენტრი ახლა თქვენი პატარააა, მაგრამ საკუთარი თავისთვის სიყვარულისა და ყურადღების მოკლება არ ღირს. თუ ადრე ყოველდღე მაღაზიაში, სამსახურში ან უბრალოდ სასეირნოდ გასასვლელად იპრანჭებოდით, ახლა დიდი შანსია, რომ ამ ყოველდღიური კეკლუცობისგან "თავი დაიძვრინოთ". არც იფიქროთ ამის ჩადენა, თორემ ერთ დღესაც სარკიდან მომზირალი საკუთარი ანარეკლი დეპრესიაში ჩაგაგდებთ. ჯობს, მსხვერპლი გაიღოთ და რამდენიმე წუთი დაუთმოთ ვარცხნილობას და მოხდენილად ჩაცმას, თუნდაც საშიანაო სამოსში. აი ნახავთ, მოწესრიგებამ და დისციპლინამ თუ უკეთეს განწყობაზე არ დაგაყენოთ.
2. რეგულარულად იკვებეთ. არავითარ შემთხვევაში არ გადადოთ საუზმე, სადილი ან ვახშამი, რომელიმეს გამოტოვებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მნიშვნელობა არა აქვს, ძუძუთი კვებავთ პატარას თუ ხელოვნური ნარევით. ძალიან ხშირად ახალგაზრდა დედებს კვებითი დისბალანსი ეწყებათ. მთელი დღის განმავლობაში დაღლილ დედას საღამოს ახსენდება, რომ მხოლოდ ორიოდე ლუკმა აქვს ნაჭამი. დღის ბოლოს კი სამსახურიდან დაბრუნებულ მეუღლესთან ერთად მიუჯდება სუფრას და ორმაგი ულუფებით აინაზღაურებს დანაკლისს. როგორც წესი, ასე იწყება ახალგაზრდა დედის წონაში მატება, ასეთი მიდგომა რძესაც შეგიმცირებთ. ამიტომ ქვეყანაც რომ დაიქცეს, თქვენი კვება არ დაივიწყოთ. თუ ნორმალურად შეჭამთ, შიმშილი არასოდეს დაგჭირდებათ.
3. ისწავლეთ განმარტოება და დასვენება. ჩაძინებულ ჩვილს ხმაური თითქმის არ აღვიძებს. წუთით წაძინებულ ღამენათევ დედას კი ერთი სატელეფონო ზარიც გამოაფხიზლებს. ამიტომ ხშირ-ხშირად გამორთეთ ტელეფონი და კარზე ზარი, რომ დასვენებაში ხელი არ შეგიშალონ. თუნდაც არ გეძინებოდეთ, საკუთარ აზრებთან მარტო დარჩენაც აუცილებელია.
4. ითხოვეთ დახმარება, როცა ეს აშკარად გჭირდებათ. თქვენი და თქვენი მეუღლის მშობლებს შეიძლება დაავიწყდათ კიდეც, რა ძნელია ჩვილის დედობა. ამიტომ შეახსენეთ და შეაწუხეთ კიდეც. თქვენი ნერვების დაზოგვა ოდესმე მათაც სასიკეთოდ წაადგებათ. სხვა ახლობლებსაც შეგიძლიათ მიმართოთ. ერთიანი ძალებით მდგომარეობას აუცილებლად შეგიმსუბუქებენ. თან კარგად დაგეგმეთ, რას გააკეთებთ იმ დროს, სანამ ბავშვთან ბებია იქნება.
5. განვითარდით. ბევრი დედა დეკრეტული შვებულების პერიოდში ძალიან დუნდება. როცა საზოგადოებაში გასვლა მოუწევს, შეშფოთებული აღმოაჩენს, რომ ძალიან ჩამორჩენია ცხოვრებას და უახლესი ამბებიც კი არ იცის. ამიტომ მუდმივად განვითარდით, ახლა მეტი დრო გაქვთ, ვიდრე ბავშვის წამოზრდის და სამსახურში გასვლის შემდეგ გექნებათ. წაიკითხეთ საინტერესო წიგნები, უყურეთ დადებითი ემოციების შემცველ ფილმებს, არც სხეული დაივიწყოთ და დღეში 20-30 ვარჯიში მაინც გააკეთეთ.