ბავშვებს, რომელთაც სწავლის დაწყების დღიდან უსრულდებათ 6 წელი, ეკრძალებათ სკოლაში შესვლა სასკოლო ასაკის განსაზღვრის თაობაზე დაგეგმილ კენჭისყრასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მშობელთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მშობელთა საინიციატივო ჯგუფიდან აცნობეს, აქცია დღეს, 12:00 საათზე მოეწყობა. აქციაზე მიწვეული არიან კანონპროექტის ინიციატორი, ფსიქოლოგები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოების ცნობილი სახეები.
"მშობლები და საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ეხება ეს პრობლემა, მიმართავენ საპარლამენტო უმრავლესობას, რომ 29 აპრილს კენჭისყრის დროს გაითვალისწინონ ამ ბავშვებისა და მათი ოჯახების პოზიცია და ხმა მისცენ კანონპროექტს", - აცხადებენ მშობელთა საინიციატივო ჯგუფში. მათივე ინფორმაციით, აქციის მონაწილეები საპარლამენტო უმრავლესობას მიმართვას გაუგზავნიან.
"არსებული ვარიანტით, ბავშვებს, რომელთაც სწავლის დაწყების დღიდან უსრულდებათ 6 წელი, ეკრძალებათ სკოლაში შესვლა. საპარლამენტო უმრავლესობაზე ზეწოლას ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლება, რადგან ასეთი მოსწავლეების რაოდენობა 20000-მდეა, მათ მიერ შეთავაზებული ვარიანტით სახელმწიფო ბიუჯეტი დაზოგავს 8 მლნ-მდე ლარს. თავის მხრივ, ეს გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება ბავშვების სასკოლო მოტივაციის ხარისხზე და, ამავდროულად, პრობლემას შეუქმნის ოჯახებს, მოახერხონ შვილების სოციალური აქტივაცია. მინისტრის, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ აღნიშნული ინიციატივა დაკვალიფიცირდა, როგორც ვიწრო პარტიული ინტერესის შემცველი და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მორიგი საბოტაჟის მცდელობა. საინიციატივო ჯგუფს მიაჩნია, რომ ასეთი მიდგომა შეურაცხყოფს მათ ინტერესს და მოითხოვს, საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის პროცესში გაითვალისწინოს მათი პოზიცია, რომელსაც არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური მოტივაცია", - აცხადებენ მშობელთა საინიციატივო ჯგუფში.
"ზოგადი განათლების შესახებ" კანონით განსაზღვრულია, რომ ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი ექვსი წელია. პარლამენტმა პირველი მოსმენით – 62 ხმით, 7-ის წინააღმდეგ მიიღო პროექტი, რომელიც საჯარო სკოლებში ბავშვების 5 წლის ასაკიდან შეყვანას ითვალისწინებს. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" წევრმა კობა სუბელიანმა შესთავაზა.
"ინტერპრესნიუსი"