სპეციალისტის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე როდის ვითარდება იოდდეფიციტი და რამდენად აქტუალურია ის საქართველოში? რამდენად ხშირია ჩიყვის პრობლემა და დიაბეტი ბავშვთა ასაკში? ამ და სხვა მნიშვნელოვან შეკითხვებზე ბავშვთა ენდოკრინოლოგი ნინო აბდუშელიშვილი გვესაუბრება.
- რამდენად გავრცელებულია შაქრიანი დიაბეტი ბავშვებში?
- შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 1, ბავშვთა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის გამოვლენაც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად მატულობს. შაქრიანი დიაბეტის გამოვლინების ასაკი გაახალგაზრდავდა, ის შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში. მისი განვითარების მიზეზები მრავალია და მოიცავს სხვადასხვა შინაგან თუ გარე ფაქტორს. სამწუხაროდ, შაქრიანი დიაბეტის პრევენციის მეთოდები დღესდღეობით არ არსებობს. მთავარი, რაც შეიძლება ექიმმა გირჩიოთ, ეს არის ასაკის შესაბამისი კვება ჯანმრთელი კვების პრინციპების გათვალისწინებით.
- როგორ ხდება ადრეულ ეტაპზე დიაბეტის დიაგნოსტირება?
- დიაბეტის დიაგნოსტირება ხდება შესაბამისი ცვლილებების არსებობისას სისხლში შაქრის რაოდენობის განსაზღვრით. ანალიზი საჭიროა გაძლიერებული წყურვილის, ხშირი შარდვის, წონაში კლების შემთხვევაში. პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა ხდება ინსულინით, ეს ჩანაცვლებითი თერაპია გახლავთ.
- რა უნდა გაითვალისწინოს ამ დაავადების მქონე ბავშვის მშობელმა?
- ამ დაავადების მკურნალობაში მშობლებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ. მათ აუცილებლად უნდა აითვისონ დიაბეტის კონტროლისა და მართვის, ჯანმრთელი კვების პრინციპები, რომელთა ათვისების გარეშეც ბავშვის მკურნალობა არაეფექტური იქნება.
- რამდენად არის დიაბეტის გამომწვევი სიმსუქნე და ტკბილეულის სიყვარული?
- სიმსუქნე თავისთავად დაავადებაა, რომელიც ზრდის მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს, რომლის გამოვლენაც მოზარდ ასაკში ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა. ტკბილეულის ზომიერი მიღება, ჯანმრთელი კვების პრონციპების დაცვა და წონის მოწესრიგება - დიაბეტის განვითარების პრევენციის მთავარი საშუალებაა.
- რაც შეეხება სხვა ენდოკრინულ პრობლემებს, როდის ვითარდება იოდდეფიციტი და რამდენად აქტუალურია ის საქართველოში?
- იოდოდეფიციტი შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. მუცლადყოფნის პერიოდშიც კი. საქართველო იოდდეფიციტის ენდემურ კერას წარმოადგენს, შესაბამისად ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია. იოდდეფიციტის მასობრივი პროფილაქტიკისთვის ჩვენს ქვეყანაში გამოიყენება იოდიზებული მარილი. იოდის პრეპარატის ინდივიდუალურ გამოყენებას კი წყვეტს ექიმი.
- რამდენად ხშირია ჩიყვი ბავშვებში და ბავშვებს, რომელთაც ჩიყვის პრობლემა აქვთ, თუ სჭირდებათ ცხოვრების განსაკუთრებული რეჟიმი, ხომ არ იკრძალება სპორტი და სხვაგვარი აქტივობები?
- ტერმინი - ჩიყვი, ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას გულისხმობს. ის ბავშვებში ყველაზე გავრცელებული ენდოკრინული დაავადებაა. ჩიყვი კრებითი ტერმინია, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებას მოიცავს. იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა კომპენსირებულია, ანუ ფუნქცია ნორმალურია, ბავშვს რეჟიმი რაიმე მკვეთრ შეზღუდვას არ საჭიროებს. არ იკრძალება სპორტი. გამონაკლისს წარმოადგენს იშვიათი, მძიმე დაავადებები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით.
- ჩიყვი მოზრდილთა შორის მეტისმეტად გავრცელებულია, ხშირია ორსულ ქალებში, მშობიარობის შემდეგაც აღმოაჩენს ხოლმე ბევრი. რამდენად არის ის გენეტიკური და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები თუ აქვს დედას, რამდენად არის რისკის ქვეშ შვილი?
- იოდოდეფიციტი განპირობებიულია იოდის დეფიციტით, მაგრამ თუ დედას აქვს ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადება, მისი განვითარების რისკი ბავშვისთვისაც იზრდება.
სალომე გორგოშიძე