რა ასაკში როგორ ზედაპირზე უნდა ეძინოს ბავშვს? როგორც ცნობილია, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაბადებისთანავე იწყება. თუ ბავშვი გაკაჟებულია, იკვებება ჯანსაღი საკვებით და სძინავს „სწორ ზედაპირზე", მაშინ მომავალში იგი ნაკლებად იავადმყოფებს. სამწუხაროდ, საყრდენ- მამოძრავებელი აპარატის დაავადებები ხშირად გვხვდება ბავშვებში. სქოლიოზის განვითარების მიზეზი ბევრია, მაგრამ მათ შორისაა ასევე არასწორად შერჩეული მატრასი. იგი არა მარტო უზრუნველყოფს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ნორმალურ განვითარებას, არამედ მშვიდი ძილისა და დასვენების გარანტიაცაა.
როგორ შევარჩიოთ ბავშვის საწოლისთვის ასაკის მიხედვით მატრასი?
ახალშობილებისთვის სასურველია შეარჩიოთ მატრასი, რომელიც დამზადებულია ქოქოსის ბოჭკოსაგან. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სწორი განვითარებისთვის, ასეთი მატრასი იდეალური ვარიანტია. ეს მოდელი თანაბრად ანაწილებს სიმძიმეს, რის ხარჯზეც ბავშვს კომფორტულად სძინავს. ასეთი მატრასის მთავარი ღირსება არის ის, რომ აქვს თავისი მიკროკლიმატი: ზამთარში ათბობს ბავშვს, ხოლო ზაფხულში პირიქით - იცავს სიცხისგან. ასეთი მოდელი სასურველია გამოიყენოთ დაბადებიდან 1 წლის ჩათვლით. მას მაგარი ზედაპირი აქვს.
2-3 წლის ბავშვებისთვის დაშვებულია შედარებით რბილზედაპირიანი მატრასის გამოყენება. 2-3 წლის ბავშვებისთვის შეარჩიეთ საშუალო სიმკვრივის მატრასი. სწორედ ამ ასაკში პატარებს უვითარდებათ S-ის მაგვარი სქოლიოზი. აუცილებელია, რომ ბავშვს ეძინოს მაგარ (ზამბარების გარეშე) მატრასზე. მაგრამ ყველაფერში საჭიროა ზომიერება. თუ მატრასი იქნება ძალიან მყარი, ბავშვი ვერ დაიძინებს კომფორტულად და ღამის განმავლობაში ხშირად გაიღვიძებს. რაც შეეხება შიგთავსს - კარგი იქნება, თუ იგი ამოვსებული იქნება ქოქოსის ბოჭკოთი, ზემოდან კი რბილი ნაჭერი ექნება გადაკრული.
3 წლის ზემოთ ბავშვებისთვის დაშვებულია შედარებით რბილ, ელასტიურ მატრასზე წოლა. შეიძლება შეარჩიოთ როგორც ზამბარიანი, ასევე უზამბარო მატრასი. არ შეიძლება ისეთი მატრასის შეძენა, რომელშიც არის ბამბა.
ორთოპედიული მატრასი - როგორ შევარჩიოთ სწორად?
მშობლები ხშირად ორთოპედიულ მატრასებს ანიჭებენ უპირატესობას. მაინც რითია პოპულარული ორთოპედიული მატრასი? მისი მთავარი ღირსებაა ის, რომ იმეორებს ბავშვის სხეულის ფორმას, რაც ხელს უწყობს ხერხემლის დასვენებას და გამრუდების თავიდან აცილებას. გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი და წონა. რომელია უკეთესი - ზამბარიანი თუ უზამბარო?
• ზამბარებიან მატრასში დროთა განმავლობაში გროვდება დიდი რაოდენობით მტვერი, რასაც შეიძლება მოჰყვეს ტკიპების გაჩენა. უზამბარო მატრასში - ეს გამორიცხულია.
• თუ ზამბარიან მატრასში მოხვდება წყალი, ეს გამოიწვევს ზამბარების კოროზიას. უზამბარო მატრასი, რომელიც ლატექსისგანაა დამზადებული, ნესტს არ იწოვს.
• იმის გამო, რომ ზამბარებიან მატრასში არის მეტალი, მასში წარმოიშვება სტატიკური ელექტრობა, რაც საზიანოა ბავშვის ჯანმრთელობისათვის. უზამბარო მატრასებს ასეთი რამ არ ახასიათებს.
• რა თქმა უნდა, რბილ, ზამბარებიან მატრასზე უფრო კომფორტულად გრძნობს ბავშვი თავს, მაგრამ მთავარი ხომ ჯანმრთელობაა? და მაინც რომელი მატრასი ჯობია შევიძინოთ ბავშვისთვის? - მოზარდი ორგანიზმისთვის უკეთესია უზამბარო მოდელი. ლატექსის მატრასი შედარებით ახალი პროდუქტია ინდუსტრიაში. ბევრი მშობელი უპირატესობას ანიჭებს ლატექსის მატრასს, რადგან ის ეკოლოგიურად სუფთაა. გარდა ამისა, იგი გამოირჩევა ელასტიურობით, სიმკვრივით, ჰიპოალერგიულობით და კომფორტულობით. ასეთი მატრასი არ ღირს იაფი, მაგრამ პატარისთვის იდეალური ვარიანტია.