როდის ჯობს ჭიპლარის გადაჭრა – ახალი ფაქტები - მშობლები

როდის ჯობს ჭიპლარის გადაჭრა – ახალი ფაქტები

2015-05-27 18:41:21+04:00

განსაკუთრებით არ უნდა იჩქარონ ჭიპლარის გადაჭრა, თუ ბავშვი ნაადრევად დაიბადა როგორც წესი ჭიპლარს, რომელიც დედასა და ბავშვს აკავშირებს, ბავშვის დაბადებიდან პირველივე წამებში ჭრიან. მაგრამ ბოლო დროს სულ უფრო მეტი მშობიარე სთხოვს ექიმებს, არ იჩქარონ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს კავშირი ჯობს ცოტა მეტ ხანს შენარჩუნდეს. ვინ არის მართალი?

ჭიპლარის გადაჭრის დაყოვნებას ბავშვისთვის როგორც უეჭველი უპირატესობები აქვს, ისე გარკვეული საფრთხეებიც დედის ჯანმრთელობისთვის. ექსპერტების გამოკითხვის შედეგად ექიმები გვთავაზობენ ყველაზე თანამედროვე მონაცემებს, რომელ შემთხვევებში ღირს დაყოვნება და როდის – არა.

როდის ჯობს დაყოვნება?

ამერიკელ გინეკოლოგთა და ბებიაქალთა ცნობით, ჭიპლარის გადაჭრის საშუალო დრო ბავშვის დაბადებიდან 15-20 წამია. თუმცა კვლევებმა უჩვენა, რომ პატარის გაჩენის შემდეგ სისხლის ფეტალურ-პლაცენტარული მოცულობის 15-დან 30%-მდე ჯერ კიდევ პლაცენტაში რცება. ამიტომ ყოველი დამატებითი წუთი, რომლის დროსაც ბავშვი პლაცენტასთან დაკავშირებული რჩება, მის ორგანიზმს ჰემოგლობინით ავსებს. ეს უზრუნველყოფს სისხლში რკინის მაღალ დონეს და იცავს ანემიისგან სიცოცხლის პირველ ნახევარ წელიწადში.

გარდა ამისა, სისხლის დამატებითი მოცულობა ორგანიზმს ეხმარება სწრაფად აღდგეს დაბადების შემდეგ, ამცირებს ანთების დონეს და სისხლში ანტიოქსიდანტების მოცულობას ზრდის. ამ უპირატესობებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა რეკომენდაციას, ჭიპლარი დაბადებიდან 1-3 წუთის შემდეგ გადაიჭრას.

განსაკუთრებით არ უნდა იჩქარონ ჭიპლარის გადაჭრა, თუ ბავშვი ნაადრევად დაიბადა – გადავადება 50%-ით ამცირებს ტვინში სისხლჩაქცევების რისკს.

როდის არ შეიძლება გადადება?

სიტუაციაში, როდესაც დედას მაღალი აქვს მშობიარობის შემდგომი სისხლდენის რისკი (ეს კი შეიძლება დაკავშირებული იყოს ინფექციებთან, პლაცენტის ანომალიებთან, ხანგრძლივ მშობიარობასთან, დიდ ნაყოფთნ, მრავალნაყოფიან ორსულობასა და სხვა ფაქტორებთან), ჯობს პლაცენტა რაც შეიძლება მალე გამოვიდეს. ე.ი. ჭიპლარიც დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას.

ასევე სწრაფად უნდა გადაიჭრას ჭიპლარი იმ შემთხვევაში, თუ დედას ორსულთა ანემია აქვს. ამ შემთხვევაში მისთვის სისხლის დამატებითი ულუფის წართმევა არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება.