თქვენ მიერ გამოვლენილი სითბოსა და ყურადღების მაგალითები ბავშვებს შემდეგში ტრადიციად ექცევათ ხშირად ცხოვრებისეულ ფუსფუსსა და ალიაქოთში გვავიწყდება ისეთი მარტივი და აუცილებელი რამ, რასაც ოჯახური ტრადიცია ჰქვია, რაც ოჯახის წევრებს აერთიანებს და ურთიერთობის მეტ საშუალებას აძლევს, რაც შვილებს კარგ მაგალითად ექცევათ მომავლისთვის და კიდევ – ბევრ კარგ მოგონებად.
1. ერთობლივი საუზმეები, სადილები, ვახშმები. აუცილებელი არ არის, ყოველ ჯერზე ერთ მაგიდასთან შეიკრიბოს მთელი ოჯახი, როცა ჭამის დროა. დაე, ეს იყოს თუნდაც ერთხელ – საუზმის ან ვახშმის დროს, როცა მშობლები და ბავშვები, ერთ მაგიდასთან მსხდომნი განიხილავენ დღის ამბებს, დაგეგმავენ მომავალს თუ უბრალოდ იმასლაათებენ.
2. დილის ვარჯიში – ეს ჯანმრთელობისთვისაც კარგია და ურთიერთობისთვისაც. დედებს უფრო უჭირთ დროის გამონახვა ამგვარი რამეებისთვის, მაგრამ მამებს თავისუფლად შეუძლიათ, დილას შვილებთან ერთად ირბინონ ან ისეირნონ, ფეხბურთი ითამაშონ. თუ ცუდი ამინდია, სახლშიც შეიძლება ჩვეულებრივი ვარჯიშების გაკეთება, მუსიკის ფონზე.
3. ერთობლივი დასვენება – სეზონური პიკნიკები ან ლაშქრობები, სააგარაკო სამუშაოები, ტყეში სიარული, ველოსიპედით სეირნობა, სპექტაკლების, კინოთეატრების, გამოფენების სტუმრობა, ნარდის ან ჭადრაკის საოჯახო ტურნირის მოწყობა, „ქალაქობანა“, ნათესავებთან გასეირნება – ნებისმიერი რამ, მთავარია, ერთად და მხიარულად. ეს ყოველივე ბავშვებს მშობლებთან მეტად აახლოვებს, აგრძნობინებს, რომ ისინი თავისუფალ, ძვირფას დროს სწორედ მათ უთმობენ და მათთან ერთად ატარებენ.
4. ოჯახური დღესასწაულები – ქორწინების წლისთავი, დედ-მამის შეხვედრის დღე, დაბადების დღეები. ეს ყველაფერი აუცილებლად კარგად დაამახსოვრდება ბავშვს, განსაკუთრებით, ოჯახურ წრეში, თბილად აღნიშნული. იმის მოყოლა, როგორ გაიცნეს ერთმანეთი ბებია-პაპამ, როგორ ხვდებოდნენ ერთმანეთს დედ-მამა, არა მხოლოდ დააინტერესებთ ბავშვებს, მომავალ თაობებსაც გადასცემენ.
5. სახლის გაფორმება – ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვის დაბადების დღეს სხვაგანაც რომ აღნიშნავდეთ, სახლში საზეიმო გარემო მაინც უნდა სუფევდეს. ახალ წელს სადღესასწაული განწყობა უნდა იყოს, დედის დღეს – ლამაზი ყვავილები ლარნაკში. თქვენ მიერ გამოვლენილი ოჯახური სითბოსა და ყურადღების მაგალითები ბავშვებს შემდეგში ტრადიციად ექცევათ.
6. "შაბათობა" - სახლის თუ ეზოს ერთობლივად დალაგება, არა მხოლოდ დედის დასახმარებლად გადადგმული საჭირო ნაბიჯი იქნება, არამედ ერთიანობისა და "ოჯახურ ბუდეზე" ზრუნვის გარემოსაც შექმნის.
7. ოჯახური შოპინგი – ისეთი ბანალური რამ, როგორიცაა პროდუქტების თუ სხვა აუცილებელი ნივთების ყიდვა, შეიძლება, ნამდვილ მოვლენად აქციოთ, თუ მასში ოჯახის ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას. მთავარია, ბავშვების მოთხოვნები აკონტროლოთ და წინასწარ გააფრთხილოთ, რისთვის მიდიხართ.
8. ოჯახური ალბომები – ეს ტრადიცია საკმაოდ მივიწყებულია, ყველა მხოლოდ ინტერნეტსივრცეს და "სხვებს ანდობს" და უზიარებს ოჯახურ და საკმაოდ პირად ფოტოებსაც. არადა, სულ სხვა დატვირთვა და დატვირთვა აქვს ოჯახური ალბომის დათვალიერებას, სადაც ქრონოლოგიურად და სითბოთია განაწილებული ოჯახური ფოტოები, ცხოვრების შემთხვევითი თუ მნიშვნელოვანი მომენტები.