ამით ბავშვი ავტომატურად გადაერთვება თქვენთვის სასურველ ვარიანტებზე ყველაზე მშვიდი ბავშვების მშობლებიც კი ზოგჯერ მოთმინებიდან გამოჰყავს შვილის პატარ-პატარა ახირებებს, აღარფერს ვამბობთ ჭირვეული ბავშვების მშობლებზე, რომლებსაც ბევრად მეტი დავიდარაბის გადატანა უხდებათ. მართალია, უზნეო ბავშვის მორჯულების იდეალური რეცეპტი ჯერ არავის შეუდგენია, მაგრამ არსებობს პრობლემისადმი სწორი მიდგომის ხერხები, რაც მასთან გამკლავებას გაგიადვილებთ. გაგაცნობთ 5 ასეთ ეშმაკურ ხერხს.
საქმიანი შენიშვნა
შენიშვნების კორიანტელს ნუ დააყენებთ, ჯერ კარგად ჩამოაყალიბეთ პრობლემა. ბავშვები გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას იჩენენ, როცა მშობლები დადანაშაულების და ბრძანებების ნაცვლად ვითარებას სწორად აფასებენ. მაგალითად, ნაცვლად "რა ამბავია, მთელი მაგიდა საღებავით მოგითხუპნია", ამბობთ: "მაგიდაზე საღებავია დაღვრილი, მიალაგე, თუ შეიძლება".
მუქარის ნაცვლად არჩევანი
არ დაემუქროთ და არ უბრძანოთ, ამის ნაცვლად არჩევანის საშუალება მიეცით. მუქარა და ბრძანება ბავშვებს სწყინთ და თავს უმწეოდ გრძნობენ. არჩევანი კი ახალი შესაძლებლობისკენ უხსნის გზას. როცა 4 წლის ბავშვი "არ მშია, არ მშია"-ს გაიძახის, შესთავაზეთ თქვენთვის სასურველი არჩევანი - "წიწიბურას შეჭამ თუ "ჰერკულესის" ფაფას?". შედარებით უფროსებთან კი ეფექტურია: "რით იწყებ მეცადინეობას, ქართულით თუ მათემატიკით".
ამით ბავშვი ავტომატურად გადაერთვება თქვენთვის სასურველ ვარიანტებზე.
გამოხატეთ გრძნობები და არა ისტერიკები
ნათლად გამოხატეთ გრძნობები. ბავშვებს მხოლოდ ყვირილი როდი ესმით. ეცადეთ და დაელაპარაკეთ თქვენს გრძნობებზე, უთხარით, როგორ გრძნობთ თავს მისი საქციელის მერე. ეს ნდობას აღრმავებს და ბავშვი მეტად დაგიჯერებთ. ნაცვლად "დაუწიე ტელევიზორს, ხმაურისგან თავი მისკდება", უთხარით "როცა ტელევიზორი ხმამაღლა გაჰყვირის, ძალიან მტკივა თავი და შეიძლება ავად გავხდე".
იქნებ წერილმა გაჭრას?
შეიძლება, სიტყვაზე მეტად ნახატმა ან წერილმა გაჭრას. ხშირად ბავშვები უფროსის ნათქვამს ერთ ყურში შეუშვებენ და მეორედან გამოუშვებენ. სპეციალურად მათთვის დახატული და ან დაწერილი შეტყობინება კი მეტ ყურადღებას იქცევს. მაგალითად, სამეცადინო მაგიდასთან მიამაგრეთ წარწერა: "მომაშორეთ ეს ხარახურა. მინდა ლამაზი და სუფთა ვიყო, სოფო, ხომ ამისრულებ ამ სურვილს? შენი ერთგული მაგიდა". ეს ბავშვს კიდეც გაართობს და მოტივაციასაც შემატებს.
გამოიყენეთ მულტპერსონაჟები
შენიშვნის მიცემისას აქცენტი ინტონაციაზე გააკეთეთ. ნაცვლად: "ღმერთო ჩემო, აქაურობა საღორეს ჰგავს", ეცადეთ იგივე აზრი სხვადასხვა პერსონაჟის ხმით წარმოთქვათ. ვთქვათ, კონკია ხართ და ეს არეულობა დედინაცვალმა სპეციალურად თქვენთვის მოაწყო. დაიყენეთ ხმა და კონკიას ხმით აწუწუნდით... ბიჭის დედას სხვა, უფრო შესაფერისი პერსონაჟის მოფიქრება მოუწევს... ცოტა ფანტაზიაც მიახმარეთ და შედეგი აუცილებლად დადგება.