პრაქტიკა და გამოცდილების შეძენა სასწავლო პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ნებისმიერი მშობელი მზადაა შვილის ნიჭს ხელი ყველანაირად შეუწყოს. საკმარისია ბავშვმა რაიმე სფეროს მიმართ ინტერესი გამოამჟღავნოს, ოჯახი თავს არ ზოგავს, რომ სათანადო კვალიფიკაციის პედაგოგი ან სასწავლო კურსი შეურჩიოს მას. პრაქტიკა და გამოცდილების შეძენა სასწავლო პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ხშირად სწორედ ამის დეფიციტი აქვთ მოსწავლეებს და ზოგჯერ სტუდენტებსაც.
თუ თქვენი შვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით არის დაინტერესებული, დიდი შანსი ეძლევა, რომ თავიც წარმოაჩინოს და წარმატებული კომპანიების ხელმძღვანელებთან ტრენინგიც გაიაროს. საქმე ისაა, რომ თბილისი შემოდგომაზე 3 დიდ ტექნოლოგიურ ღონისძიებას უმასპინძლებს,
სექტემბერში გაიმართება პროგრამისტთა შეჯიბრი, ე.წ. “ჰაკათონი” (Hack-a-thon), სადაც მონაწილეები შეზღუდულ დროში ვებ და მობილურ აპლიკაციებს შექმნიან.
ოქტომბერში გაიმართება ინჟინერების, პროგრამისტებისა და დიზაინერების კონკურსი, ე.წ. “მეიქათონი” (Make-a-thon), სადაც მონაწილეები ერთმანეთს მოკლე დროში სხვადასხვა ტიპის ინოვაციური პროდუქტის შექმნაში შეეჯიბრებიან. ღონისძიების მონაწილეებს საშუალება მიეცემათ გამოიყენონ ილიას უნივერსიტეტში არსებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბის) აღჭურვილობა: 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, CNC დანადგარი და ა.შ.
პროექტის მესამე, დასკვნითი ეტაპი კი ესტონელ მენტორებთან ერთად ერთ კვირიან ინტენსიურ ტრენინგებს გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც ჰაკათონისა და მეიქათონის საუკეთესო გუნდები საკუთარ ბიზნეს მოდელს დახვეწენ და მიიღებენ რჩევებს წარმატებული, ინოვაციური ესტონური კომპანიების ხელმძღვანელებისაგან.
რა თქმა უნდა, ეს ღონისძიებები საგანგებოდ მოსწავლეებისთვის არ ტარდება, თუმცა მონაწილეობის მიღება მათაც შუძლიათ და წარმატების მიღწევის ყველა შანსიც აქვთ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და ორგანიზაცია Garage48-მა ესტონეთის მთავრობის გრანტი მოიპოვა, რის შედეგადაც იგეგმება აღნიშნული ღონისძიებები.
Garage48 ეს არის ესტონური ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს ესტონური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისათვის. ორგანიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა მისი კავშირი ესტონური სტარტაპ ეკოსისტემის ისეთ წამყვან მოთამაშეებთან, როგორებიცაა: Skype, Transferwise, Taxify, Pipedrive და ა.შ. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად გამართულ ღონისძიებაში სწორედ აღნიშნული კომპანიების წარმომადგენელი მენტორები მიიღებენ მონაწილეობას.