ცნობილი პედიატრის რჩევები და რეცეპტები ვიტამინები ყოველთვის სჭირდება ორგანიზმს, მაგრამ გაზაფხულობით - ყველაზე მეტად. არსებობს პროდუქტები, რომლებიც, განურჩევლად სეზონისა, ამ სასიცოცხლოდ აუცილებელ ნივთიერებათა საბადოა. ორგანიზმისთვის ვიტამინების მნიშვნელობის შესახებ პედიატრი მარინა აფციაური გვესაუბრება.
- მართალია, ბავშვებს მაინცდამაინც არ უყვართ ვიტამინებით მდიდარი საკვები, უხალისოდ მიირთმევენ საოჯახო სუფრაზე არსებულ კერძებს. თუმცა ზაფხულში და შემოდგომაზე უხვადაა ტკბილი, არომატული ხილი და კენკრა, რომელსაც პატარები სიამოვნებით შეექცევიან. მხოლოდ ხილითა და კენკრით ფონს ვერ გავალთ, ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ბოსტნეულიც.
- რომელი ბოსტნეულია ვიტამინებით ყველაზე მდიდარი?
- C ვიტამინს, იმავე ასკორბინის მჟავას, შეიცავს: წითელი ბულგარული წიწაკა; ბრიუსელის კომბოსტო (ჩვეულებრივი, ახალი, ნედლი, მომწვანო კომბოსტო); ნიორი; ნიახური; ჩინური კომბოსტო.
წითელი ბულგარული წიწაკის მთავარი ღირსებაა C ვიტამინისა და ბეტა-კაროტინის უხვი შემცველობა. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შედის B1 და PP ვიტამინები და მინერალური ნივთიერებებიც, მათ შორის - კალციუმი და კალიუმი. C ვიტამინის შემცველობით მას ვერც ერთი პროდუქტი ვერ შეედრება. შედარებისთვის: 100 გ წითელი ბულგარული წიწაკა 250 მგ C ვიტამინს შეიცავს, ხოლო შავი მოცხარი - 200 მგ-ს. ბულგარული წიწაკა შეიცავს იშვიათ ვიტამინს - P-ს, რომელიც ხელს უწყობს C ვიტამინის უკეთ ათვისებას. სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციებისადმი გამძლეობისთვის საკმარისია, ბავშვმა დღეში თუნდაც მეოთხედი წიწაკა შეჭამოს.
ბულგარული წიწაკის წვნიანი (10 თვიდან)
დაგჭირდებათ:
1 ლ წიწილის ბულიონი;
200 გ წითელი ბულგარული წიწაკა;
1 ცალი მომცრო სტაფილო;
2 კბილი ნიორი;
2-3 ღერი მწვანე ხახვი, კამა, ოხრახუში.
გახეხილ სტაფილოს დაასხით ბულიონი, დაამატეთ ნიორი, კონად შეკრული მწვანე ხახვი, კამა და ოხრახუში და წამოადუღეთ. როცა სტაფილო მოიხარშება, ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული, ცოტა მარილი, ქვაბს თავზე მჭიდროდ დაახურეთ და ქურიდან გადმოდგით. გააგრილეთ და მიართვით ბავშვს.
გაზაფხულის სალათა (ორი წლიდან)
დაგჭირდებათ:
1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა;
200 გ ქორფა კომბოსტო;
3 ცალი პომიდორი ჩერი;
100 გ დაბალი ცხიმიანობის არაჟანი;
ნიახური, კამა, ოხრახუში, მწვანე ხახვი.
წვრილად დაჭერით ბოსტნეული, მოაყარეთ დაკეპილი მწვანილი და მოასხით არაჟანი. კომბოსტოს სახეობათა შორის ბრიუსელის კომბოსტოს პირველი ადგილი უკავია ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების შემცველობით. მისი პატარა თავები C ვიტამინის საბადოა - 100 გრამი 120 მგ-ს შეიცავს, რაც სადღეღამისო ნორმას აჭარბებს კიდეც. ბრიუსელის კომბოსტო აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს ნაავადმყოფარი ორგანიზმის სწრაფ რეაბილიტაციას. გაგრძელება