როგორი ქორწინება ითვლება ცოდვად და რა არის დაშვებული - მოძღვრის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე
განვაგრძობთ საუბარს ქორწინებასა და ჯვრისწერასთან დაკავშირებით. ამჯერად, მკითხველთა შეკითხვებზე დაყრდნობით, კიდევ რამდენიმე საკითხს შევეხებით.
- ვიცით, რომ სისხლისმიერ ნათესავებს შორის ქორწინება დაუშვებელია. მერამდენე თაობამდე გრძელდება სისხლისმიერი ნათესაური კავშირი? რომელ თაობაში შეიძლება ქორწინება?
მამა მაკარი:
- სჯულის კანონის მიხედვით, ნათესაური კავშირი, როგორც სისხლისმიერი, ასევე ნათელმირონობითი, გრძელდება ერთნაირი დროით, რომლის მიხედვითაც მეშვიდე თავში, მეხუთე თაობაში - ანუ უკვე შვილთაშვილების შვილების თაობაში ქორწინება შეიძლება. ერთი თაობა, - ვთქვათ, ძმები, დები ან და-ძმანი არის ორი თავი, ბიძაშვილები არის ოთხი თავი, ბიძაშვილისშვილები - უკვე ექვსი თავი და გრძელდება ასე, ანუ მეშვიდე თავი გამოდის მეოთხე თაობა. ასევეა ნათელმირონობის შემთხვევაშიც. სამწუხაროდ, არსებობს ნათლიობით დაკავშირებული ნათესაობის პრობლემა. ხშირად ირღვევა ნათელმირონობითი ნათესაობა. ნათელმირონობით ნათესაობაში რომ არ მოვხვდეთ, ამისთვის უნდა ვიცოდეთ, ვინ იყო ჩვენი წინაპრების, ვთქვათ, ბაბუის ბაბუის ნათლია, თუმცა, ალბათ იშვიათად თუ იქნება ადამიანი, რომელიც დაასახელებს, ვინ იყო ბაბუამისის ბაბუის ნათლია. ნათელმირონობიდან მომდინარე ნათესავებში ქორწინების კონტროლი თითქმის შეუძლებელია. შესაძლებელია, ბევრი ასეთი ნათესავი იყოს ქორწინებაში მხოლოდ იმის გამო, რომ არ იცოდნენ, რომ ნათესავები არიან. თუმცა, დაქორწინებისას ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ გამოვიკვლიოთ ნათესაობითი კავშირები.
- ვისზე ვრცელდება ნათელმირონობითი ნათესაობა?
- ნათელმირონობითი ნათესაობა იწყება ნათლიიდან და ნათლულიდან და ნათლულის მშობლებიდან. ნათლიასა და ნათლულის მშობლებს შორის მყარდება ნათესაური კავშირი. რაც შეეხება ნათლულის და-ძმებს, ნათლულის ბიძებს, დეიდებსა და მამიდებს, მათთან ნათლიას ნათესაური კავშირი არა აქვს. ნათესაობა იწყება უშუალოდ ნათლიიდან და ნათლულიდან და ვრცელდება მათ შთამომავლობაზე და ნათლულის მშობლებზე. ერთმანეთის ნათესავები ხდებიან ნათლულის სულიერი და ხორციელი მშობლები, - ნათლია და ხორციელი მშობლები და ნათლიისა და ნათლულის შთამომავლობა.
- ასევე არსებობს მძახლობითი ნათესაობაც...
- სჯულის კანონი კრძალავს მძახლობით ნათესაობაში მყოფთა ქორწინებასაც. ვთქვათ, ადამიანს ჰყავდა ცოლი, დაშორდა მას და მეორედ დაოჯახდა. პირველი ცოლის ნათესავებსა და მეორე ცოლის ნათესავებს (თაობებს ვგულისხმობ) შორისაც კი არ შეიძლება ქორწინება. მართლაც საოცარია, მათ შორის სისხლისმიერი ნათესაური კავშირი არ არსებობს, მაგრამ ეს მოვლენა ქორწინების აკრძალვის მუხლში შედის.
- შეიძლება თუ არა, ორ დედმამიშვილს შორის ქორწინება? ვთქვათ, დებმა იქორწინონ ძმებზე? თუ ასეთი ქორწინება შედგა, როგორ უნდა მოიქცეს ქორწინებაში მყოფი წყვილი?
- ეს არის მძახლობითი ნათესაობა და ამის გამო ორ დედმამიშვილს შორის ქორწინება იკრძალება. არსებობს ნათესაობითი ქორწინების ორი კატეგორია: ერთი, როდესაც აუცილებლად უნდა დაინგრეს, რადგან დაუშვებელია, ხოლო მეორე კატეგორიის ქორწინებაში მყოფ წყვილზე ხდება ეპიტიმიის დადება, მაგრამ ქორწინება არ იშლება. ორ დედმამიშვილს შორის ქორწინება არის ისეთი ქორწინება, რომელიც უნდა დაიშალოს და დაიშალოს ის ქორწინებაც, რომელიც შედგა უფრო მოგვიანებით. თუ ქორწინება მოხდა ისეთი კატეგორიის ნათესავებს შორის, როდესაც ერთი ნაბიჯია დარჩენილი ნათესაობასა და არანათესაობას შორის, მღვდელმთავრის მიერ წყვილს ეძლევა საეკლესიო სასჯელი, ეპიტიმია და ხდება ოჯახის შენარჩუნება, ხოლო თუ ქორწინება ძალიან ახლო ნათესავებს შორის მოხდა, ოჯახი აუცილებლად უნდა დაინგრეს.
- ვინ არიან მძახლობით ნათესაობაში მყოფი ადამიანები?
- მძახლობითი ნათესაობა ვრცელდება ჯვრისწერით შეუღლებული წყვილის, ქალისა და მამაკაცის მშობლებსა და ახლო ნათესავებზე. ისინი უკვე ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში არიან. ნათესაობის ათვლა ამ შემთხვევაშიც ხდება თავების მიხედვით, როგორც ხორციელი და ნათელმირონობითი ნათესაობის შემთხვევაში.
- აისახება თუ არა ნათესაური ქორწინების კვალი უარყოფითად შთამომავლობაზე?
- საერთოდ, ნათესაური ქორწინება არის ცოდვა. წინაპრის ცოდვები არ გადადის შთამომავლობაზე, მაგრამ ნათესაური ქორწინების დროს, შთამომავლობა ხშირად მართლაც გამოდის არაჯანსაღი. მათში ხშირად ვლინდება ფიზიკური ნაკლი.
- მკითხველებს ხშირად აინტერესებთ, შეიძლება თუ არა მოგვარეზე ან დედის მოგვარეზე ქორწინება?
- მოგვარეზე, მით უფრო - დედის მოგვარეზე ქორწინებას ხელს არაფერი უშლის, თუ მათ შორის არ არსებობს ნათესაური კავშირი. გვაქვს ამის ისტორიული ფაქტები, - ბაგრატიონთა შორის ქორწინებები, ვთქვათ, თამარ მეფისა და დავით სოსლანის ქორწინება. მათ შორის შვიდთავიანი თაობა გასული იყო და ქორწინება სწორედ ამის გამო შედგა.
იხილეთ მეტი