მონასტრის უდრტვინველი ცხოვრება და ყოველდღიურ რუტინასთან დაბრუნებული ადამიანი ცქრიალა ბავშვები, გამოცდების სამზადისში მონასტრის დაურღვეველ სიმშვიდეს რომ აფარებენ თავს, მოზრდილები, მოკლე შვებულების სიწყნარეში გასატარებლად საკუთარი თავის მაძიებლობის მიზნით გამომძალველნი, ფოფოდია, საყვარელი გარემოს და ადამიანების მონატრებით ამოსული, მგალობლები, პატარა ბულბულები, მონასტრის დედების ოჯახის წევრები, რომელთა ჟღურტულის გარეშე მოსაწყენიც კია აქაურობა...
მერე, მოგვიანებით მოდიხარ და ზოგი მათგანი უკვე შემოსილი გხვდება, სხვანაირები არიან, ისეთი სინათლე აქვს თვალებში, ერის ადამიანის მზერაში ასეთ სხივს ვერ დაიჭერ, და ისეთი ღრმაა ამავე თვალებში მოციაგე მათი სევდა, ვერ ჩასწვდები, და ვერც მზერას გაუსწორებ დიდხანს. იშვიათად, ასეთი სხივით და ნათლით მოსილი ნახო ერის ადამიანის თვალები, მაგრამ თუ ნახავ, მისი ცხოვრებაც სიყვარულითაა დაფერილი, ადამიანთა უანგარო სიყვარულით...
აქ შრომა დღის ნაწილია, მზეს რომ დაასწრო გაღვიძება - წესი. ლოცვა - უწყვეტი უხილავი დიალოგი, დღე - წესრიგი, ტრაპეზი - საოცრად გემრიელი, გული - ერთი და ათასი ადამიანის ერთნაირად დამტევი. უკან ვბრუნდები გახლეჩილი, ფეხების თრევით, სითბოთი სავსე და სიმშვიდით თუ ღამენათევი საკმევლის სურნელებით გაბრუებული. რას ვუბრუნდები? დამღლელ რუტინას, სიგიჟეს, ფუჭ ფიქრებს, და რა თქმა, როგორც ადრე, ისევ გავხდები ამ რიტმის წარმატებული წევრი. ისევ, სანამ დადგება შობა, როცა ისევ წავალ და ისევ შემანჯღრევს ზარების რეკვა რომ საბოლოოდ გამომაფხიზლოს.
მაკა იოსელიანი