თუ გამუდმებით ამბობთ სიტყვებს: დებილი, შტერი, მახინჯი, წაეთრიე, მოეთრიე, ჯანდაბა, ბავშვს ნუ მისცემთ შენიშვნას, იგივე სიტყვებს საზოგადოებაში რომ იტყვის გამოცდილი დედის პრაქტიკული რჩევები - თავის დროზე, ჩემს შვილთან ურთიერთობის რამდენიმე ეფექტური წესი შევიმუშავე. ის შემდეგ ბევრ სხვა მშობელს გამოადგა:
მაშ ასე, პირველი წესი: ნებისმიერი მაგალითი გადამდებია
ბავშვები პატარა მაიმუნებივით არიან, რომლებიც მათთვის ახლობელი ადამიანების ქცევას ჰბაძავენ. მაგრამ ყოველთვის დადებითად ვიქცევით? – რამდენჯერ ეზარება დედას ჭურჭლის გარეცხვა ან სახლის დალაგება? არადა, ქალიშვილისგან ითხოვს, რომ სათამაშოები ყოველთვის ალაგებული ჰქონდეს, ოთახი – მოწესრიგებული. როცა ბავშვის რაიმესადმი დამოკიდებულების შეცვლა გსურთ, საკუთარი თავიდან დაიწყეთ. გინდათ, რომ სწორად იკვებებოდნენ თქვენი შვილები? მაშ თავადაც ასე უნდა იკვებოთ. თუ თვითონ ჰამბურგერებით იკვებებით, ბავშვს ვერ ეტყვით, რომ ფასტფუდი მავნებელია. იგივე ეხება საზოგადოებაში მოქცევის და საუბრის კულტურასაც. თუ თქვენ გამუდმებით ამბობთ სიტყვებს: დებილი, შტერი, მახინჯი, წაეთრიე, მოეთრიე, ჯანდაბა და ა.შ., ბავშვს ნუ მისცემთ შენიშვნას, იგივე სიტყვებს საზოგადოებაში რომ იტყვის და ნუ გაიკვირვებთ სხვების დასანახად, საიდან მოაქვს ეს სიტყვებიო.
წესი მეორე: ასწავლეთ ბავშვს საუბარი
თავის დაცვის უნარი კარგი თვისებაა. მაგრამ ნებისმიერი მიზეზით ჩხუბი უკვე პრობლემაა. ასწავლეთ პატარა ადამიანს საუბარი, დიალოგის წარმოება, პრობლემების მშვიდობიანად გადაწყვეტა. თუ 7 წლის ასაკში ვიღაცისთვის გატეხილი ცხვირი დირექტორთან დაბარებას უდრის, 15 წლის ასაკში უკვე ციხის გზას უახლოვდება.
წესი მესამე: ისწავლეთ ნდობა
როგორც ხდება ხოლმე, სახლში არის პრობლემები (ვიღაც დაავადდა ან ფინანსური პრობლემებია, ან მშობლები იყრებიან), ამის შესახებ ბავშვს გულახდილად უთხარით. აუხსენით, რატომ ხართ აღელვებული, მისთვის გასაგები და საჭირო დოზით. ბავშვები მგრძნობიარენი არიან და ხვდებიან თქვენს ცვლილებებს, თქვენს ღელვას. თუ ცუდად ხართ, ნუ უმალავთ, რადგან ის უფრო განიცდის, ათას რაღაცას ფიქრობს, იქნებ თავსაც კი იდანაშაულებს თქვენს ცუდად ყოფნაში. როცა თქვენ გაუზიარებთ გულწრფელად თქვენს ამბებს, ის ისწავლის, რომ თავადაც გაგიმხილოთ და გაგანდოთ თავისი პრობლემები, რაც მნიშვნელოვანია დედა-შვილის ურთიერთობებში, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში.
წესი მეოთხე: საკუთრების უფლება
ნივთების გაზიარების უნარი კარგია. მაგრამ დედა ხშირად აძალებს: "მიეცი ნიკას ეგ მანქანა, გენანება?" არა, ბავშვს არ ენანება, უბრალოდ არ უნდა, თავისი ნივთი მისცეს. აბა, მოგეწონებათ, შვილმა რომ გითხრათ: "დე, მოდი, ნუ მივცემთ ჩემს მანქანას, შენი პლანშეტი მივცეთ, გენანება?" თქვენ ხომ გამუდმებით არ მისცემთ თქვენს ნივთებს უცხოებს. ბავშვიც არ არის ვალდებული, იოლად გაიმეტოს საკუთარი ნივთები.
წესი მეხუთე: არ უგულებელყოთ
ხანდახან დღის ალიაქოთში ვერ ვამჩნევთ ხოლმე ბავშვების პრობლემებს. "მეგობართან იჩხუბე, არა უშავს, შერიგდებით", და მიტრიალდები წვნიანის დასამთავრებლად. არადა, ადამიანისთვის მისი პრობლემები ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვანია. გაჩერდით რამდენიმე წუთით, დაუთმეთ მხოლოდ ბავშვს და მოუსმინეთ. ასეთი მომენტები ბევრს გადაწყვეტენ თქვენს ურთიერთობაში.