დედამ თვალცრემლიანმა უპასუხა: - ის დაბრმავდა და თავისით ვეღარ ივლის სკოლაში... ეს ამბავი მოსკოვის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა, XX საუკუნის დასაწყისში.
მეშვიდე-მერვე კლასში ერთხელაც ერთმა ბიჭმა შეწყვიტა სკოლაში სიარული. ერთი კვირა, ორი... ტელეფონი ლევს არ ჰქონდა და თანაკლასელებმა, მასწავლების რჩევით, გადაწყვიტეს მასთან სახლში მისვლა. კარი ლევის დედამ გააღო. ძალიან მოწყენილი სახე ჰქონდა. ბავშვები მიესალმნენ და გაუბედავად ჰკითხეს:
- რატომ არ დადის ლიოვა სკოლაში?
დედამ ნაღვლიანად უპასუხა:
- ის ვეღარ ისწავლის თქვენთან ერთად. ოპერაცია გაუკეთეს. წარუმატებლად. ლიოვა დაბრმავდა და თავისით ვეღარ ივლის სკოლაში...
ბავშვები დადუმდნენ მოულოდნელობისგან, ერთმანეთს გადახედეს და ერთ-ერთმა წამოიძახა:
- ჩვენ წავიყვანთ ხოლმე რიგრიგობით.
- სახლშიც გამოვაცილებთ.
- გაკვეთილების მომზადებაშიც დავეხმარებით, - ერთმანეთს არ აცლიდნენ ბავშვები.
დედას ცრემლები მოადგა თვალებზე. მოზარდებს ოთახში შეუძღვა. ცოტა ხნის შემდეგ ხელის ცეცებით გამოვიდა მათთან ლიოვა, თვალებშეხვეული. თანაკლასელები გაირინდნენ. ახლაღა გააცნობიერეს, მართლა რა საშინელება დაატყდა თავს მათ მეგობარს.
ბიჭმა ძლივს ამოღერღა:
- გამარჯობა.
მაშინვე დააყარეს შემოთავაზებები:
- ხვალ შემოგივლი და სკოლაში მიგაცილებ.
- მე მოგიყვები, რა გავიარეთ ალგებრაში.
- მე ისტორიას მოგიყვები...
ლიოვამ არ იცოდა, ვისთვის ესმინა, დაბნეული იქნევდა თავს. დედა კი სიხარულისგან ტიროდა.
წასვლის შემდეგ ბავშვებმა გეგმა შეადგინეს, ვინ როდის მისულიყო, ვის რა საგნები აეხსნა, ვინ ისეირნებდა მასთან ერთად. სკოლაში ბიჭი, რომელიც მის გვერდით იჯდა მერხთან, ჩიმად უყვებოდა გაკვეთილზე იმას, რასაც მასწავლებელი დაფაზე წერდა. ხოლო როცა ლიოვა გაკვეთილს ყვებოდა, მთელი კლასი ჩუმდებოდა. ისე უხაროდათ მისი ხუთიანები, თითქოს თავად მიეღოთ. ბიჭმა დაუფასა მეგობრებს თანადგომა და შესანიშნავად სწავლობდა. მასთან ერთად მთელმა კლასმაც უკეთ დაიწყო სწავლა, უფრო დამეგობრდნენ და გაერთიანდნენ.
ბავშვები ძალიან ინდომებდნენ, თავადაც მეტად სწავლობდნენ, რომ მისთვის აეხსნათ. ზამთარში საციგაოდ დაჰყავდათ. ბიჭს ძალიან უყვარდა კლასიკური მუსიკა და თანაკლასელები მასთან ერთად დადიოდნენ სიმფონიურ კონცერტებზე...
მან სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ინსტიტუტში ჩააბარა. იქაც გამოუჩნდა ერთი-ორი მეგობარი, ვინც მის თვალებად იქცა. ინსტიტუტის მერეც განაგრძობდა სწავლას და ბოლოს მსოფლიოში ცნობილ მათემატიკოსად, აკადემიკოს ლევ პონტრიაგინად იქცა. რომ არა ამდენი კეთილი ადამიანი მის გარშემო, XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მათემატიკოსი უბრალოდ არ იქნებოდა ისტორიაში.