რას ამბობს განათლების მინისტრი დაზიანებულ წიგნებზე და ე.წ. სკოლის ფონდებზე
განათლების სამინისტროსთან დაკავშირებით ბოლო დროს ბევრი კითხვა დაგროვდა."ამ კითხვებზე პასუხის გაცემა განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს ვთხოვეთ:
- წელს პირველად სასკოლო მზაობის პროგრამა უნდა ამოქმედდეს. რა ეტაპზეა პროექტი?
- პროექტი იმ ნაწილში, რომელიც განათლების სამინისტროს უნდა შეესრულებინა, მზად არის. მერიაში რამდენიმე ფორმალური საკითხის გადაწყვეტაა საჭირო. ვვარაუდობ, რომ მომავალ კვირას რეგისტრაცია გამოცხადდება. საბავშვო ბაღების აღსაზრდელები პროგრამაში ავტომატურად ჩაერთვებიან. ზოგად განათლებაში სასკოლო მზაობა ძალიან მნიშვნელოვანია. წელს სკოლაში პირველად მივიღეთ 6-წლიანები, აბსოლუტურად შეცვლილი სურათია. ბავშვები პირველი დღიდან სასკოლო ცხოვრებაში ჩაერთვნენ. წარმოიდგინეთ, მომავალ წელს 6 წლის ბავშვი, რომელმაც სასკოლო მზაობის პროგრამა გაიარა, სკოლაში როგორი მომზადებული მივა.
- თქვენმა განცხადებამ პირველკლასელების მობილობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
- თუ პირველკლასელის მობილობა ისეთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან განხორციელდება, სადაც სწავლა იმაზე გვიან დაიწყო, ვიდრე სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული თარიღით, მაშინ მობილობა სამინისტროს ჩარევით, საკითხის ინდივიდუალური შესწავლით განხორციელდება. თუ სწავლის დაწყების თარიღები მნიშვნელოვნად განსხვავდება, აუცილებელია შეფასდეს დაძლეული პროგრამის შესაბამისობა. შესაძლოა, საჭირო იყოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შეთავაზებაც. ამის გარდა, არსებობს სხვა მიზეზიც. შესაძლოა, მშობელმა ბავშვი კერძო სკოლაში იმიტომ მიიყვანა, რომ 14 სექტემბრამდე 6 წელი არ უსრულდებოდა, ხოლო როცა 6 წლის გახდა, საჯარო სკოლაში გადაყვანა მოინდომა. ეს ხომ ხელოვნურად კეთდება? ასეთი ხელოვნური ნაკადის გადმოდინება სასურველი არ არის. კერძო სექტორის მდგომარეობაც გასათვალისწინებელია. მათაც დაგეგმილი აქვთ რესურსი, მასწავლებელი, ხელფასი და ა.შ. მობილობის საჭიროება თუ არსებობს, ამის შეზღუდვაც არ უნდა მოხდეს. ამიტომ მობილობის წესში არსებული ჩანაწერიც იმას გულისხმობს, რომ ეს პროცესები სამინისტროს ჩარევის გარეშე ვერ განხორციელდება.
- პროგნოზი, რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს მეორადი, გაცვეთილი და უმეტესად დაზიანებული სახელმძღვანელოებით მოუწევდა სწავლა, სამწუხაროდ, გამართლდა. ბევრმა მოსწავლემ სწორედ ასეთი სახელმძღვანელოები მიიღო, ზოგიერთ წიგნში დავალებები უკვე ამოხსნილია.
- სახელმწიფოს პროექტის ფარგლებში ყველა მოსწავლეს აქვს სახელმძღვანელო. ის, რომ წიგნების ნაწილი ახალია, ხოლო ნაწილი მაღალი ქულებით შეფასებული, არ დაგვიმალავს და არც დავმალავთ. ასე იყო 2013-2014 წლებშიც, ამიტომ წელს სიურპრიზი რატომ აღმოჩნდა, გაუგებარია.
ახალი წიგნის პრინციპით თუ მივუდგებით, მაშინ ბიბლიოთეკებიც არ უნდა მუშაობდნენ, რადგან უკვე გამოყენებული წიგნები აქვთ. რაც შეეხება დაზიანებულ და სწავლისათვის გამოუსადეგარ წიგნს, თუკი ასეთი სკოლაში აღმოჩნდება, ეს უკვე გადაცდომაა, რომლის იდენტიფიკაცია მონიტორინგის დროს უნდა მოხდეს. ჩემთვის წიგნის თემა პრობლემას არ წარმოადგენს. დღემდე ვერ გავარკვიე თქვენი გამოცემის პოზიცია. შეკითხვას მუდმივად იმ კუთხით სვამდით, სამინისტრო რატომ ბეჭდავს ცოტა წიგნებს და არა იმაზე, ექნებათ თუ არა ბავშვებს წიგნები.
- ამ პრობლემაზე მხოლოდ ჩვენ არ ვწერდით. როგორც თქვენ ამბობთ, რეზერვში გამოსადეგი წიგნებიც არის, მაშინ გაუგებარია, მოსწავლეებმა ძველი, გაცვეთილი წიგნები რატომ მიიღეს? საკუთარი თვალით ვნახე დაზიანებული, ხშირ შემთხვევაში კი, სწავლისთვის გამოუსადეგარი წიგნები.
- თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ სკოლის ადმინისტრაციას უნდა მოეთხოვოს პასუხი. სახელმძღვანელოების რაოდენობის განსაზღვრა სკოლის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის საფუძველზე ხდება. სკოლა აკეთებს განაცხადს, სამინისტრო ახდენს გადამოწმებას, ითვალისწინებს ცვეთის კოეფიციენტს, მობილობას, ფასს სხვადასხვა ტირაჟის დაბეჭდვისთვის და ა.შ.
თუ მართლაც დასაბუთდება ასეთი გადაცდომა, სკოლაც მიიღებს შესაბამის დისციპლინურ სახდელს. თუ გადაცდომა სისტემური და განმეორებადია, შესაძლოა, ვინმეს დათხოვნის საკითხიც დადგეს. ეს გაგვიკეთებია, შენიშვნაც მიგვიცია და დაგვითხოვია კიდეც სხვადასხვა მიზეზის გამო. თუ საჭირო იქნება, მომავალშიც ასე მოხდება. თუმცა ინდივიდუალური შემთხვევების გამო ამხელა პროექტს ჩრდილი არ უნდა მიადგეს. სკოლა ვალდებულია, ასეთი პრობლემა მოაგვაროს. მეტ შეკითხვას ამ საკითხზე არ მივიღებ.
- ბევრ მშობელს შვილისთვის ახალი წიგნის შეძენამ მოუწია. სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზრობებზე რიგები დღესაც დგას.
- იქნებ კერძო სკოლის მოსწავლის მშობელია? მათ სახელმწიფო უფასო სახელმძღვანელოებით არ ამარაგებს. ამასთან, არის კერძო სკოლები, სადაც სწავლა უფასოა. მაგალითად, საპატრიარქოს სკოლა, სადაც მშობლებს წიგნის ყიდვა უწევთ.
- მე ვისაც გავესაუბრე, კერძო სკოლის მოსწავლის მშობლები არ იყვნენ... რაც შეეხება პირველკლასელებს, ე.წ. მეორადი "დედაენის" სახელმძღვანელოები მათაც მიიღეს. ხომ შეიძლებოდა მათთვის მაინც ახალი "დედაენა" დაბეჭდილიყო? სხვა თუ არაფერი, ბავშვის პირველი შეხებაა სკოლასთან და მაინცდამაინც სხვისი ნახმარი წიგნები უნდა მივცეთ?
- წიგნის რაოდენობისა და მისი მდგომარეობის შესახებ სამინისტრო სკოლიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. სკოლამ უნდა გვითხრას, რამდენი წიგნი სჭირდება, რამდენია გამოუსადეგარი.