იმ ქალის ქმარი და შვილი მეცოდებიან და ვერ ვეუბნები... ეს უცნაური ამბავი ერთ-ერთი მკითხველის მიერ დატოვებული კომენტარია. სასიყვარულო სამკუთხედი მრავალგვარი არსებობს და ღალატის ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. თუმცა რასაც ეს ქალბატონი ჰყვება, განსაკუთრებით - მისი დამოკიდებულება ქმრის ღალატისა და მისი საყვარლის ოჯახის მიმართ, მართლაც ბევრისთვის დაუჯერებელი იქნება. ამ უცნობი ქალბატონის ამბავი კი ასეთია:
"მთელი ცხოვრება ისე გავლიე, ბიჭს რომ მოვეწონებოდი და მეც მომწონდა, თუ გავიგებდი, რომ ეს ბიჭი სხვას უყვარდა, გახედვაც არ მინდოდა. მაგრამ, რა მივიღე? 30-წლიანი თანაცხოვრების მერე აღმოვაჩინე, რომ თურმე ჩემს ქმარს საყვარელი ჰყოლია - ქმარშვილიანი ქალი, თან - ჩემზე დიდი...
ამ ქალს ვინც არ უნდა შეხედოს, ვერ წარმოიდგენს, რომ შეიძლება, ამის გამკეთებელი იყოს... ვიცნობ... აქეთ მიკითხავდა ლექციებს - უკვე ასაკში ვარ და შარვალი არ შემეფერებაო...
რომ გავიგე ეს ამბავი, ელდა მეცა. ჯერ მისი ქმრისთვის მინდოდა მეთქვა, მაგრამ მივხვდი, მე ამ უბედური კაცის უნებლიე მკვლელი გავხდებოდი - ინფარქტგადატანილია... მერე ვიფიქრე, მისი ბიჭისთვის მეთქვა... მაგრამ ესეც ვერ მოვახერხე - ჯერ უარობდა ჩემი ქმარი და რომ დავემუქრე, მის ბიჭს ვეტყვი-მეთქი, "ეგ არ გააკეთო, მომკლავენო"... ის ბიჭიც შემეცოდა, ორი შვილის მამაა, ამ გარყვნილი ბებრებისთვის როგორ გავიმეტო...
არც მეყრება და დღე და ღამე ძაღლივით ვარ... სასამართლოების თავი არ მაქვს, წყნარად მინდოდა გამყროდა, მცხვენია ამ ასაკში სკანდალების... მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვა სასმართლოს იქით და ალბათ ისე სასამართლოს ძალით გავეყრები..."