20-დან 30 წლამდე შუალედში თუ გყავთ პირველი შვილი გაჩენილი, ეს განსაკუთრებით კარგი ფაქტორია დედობა და ძუძუთი კვება ქალს დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილისგან იხსნის - ეს ბრიტანელი მკვლევრების დასკვნაა. ეს ძნელი დასაჯერებელია, თუ გავითვალისწინებთ უძილო ღამეებს, შფოთს და ბევრ სხვა სირთილეს, რაც ბავშვის მოვლასა და აღზრდას ახლავს თან. თუმცა შვილები თურმე მაინც ახანგრძლივებენ დედიკოების ცხოვრებას.
ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა 323 ათასამდე ევროპელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს, თითქმის 13 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში თითქმის 14 ათასი ქალი გარდაიცვალა და მათ უმრავლესობას სიმსივნე ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები განუვითარდა.
ანალიზმა უჩვენა, რომ კვლევის იმ მონაწილეთათვის, რომელთაც შვილები ჰყავდათ, ვადაზე ადრე გარდაცვალების ალბათობა 20%-ით დაბალი იყო, ვიდრე მათი უშვილო თანატოლებისთვის. უფრო მეტიც, 20-დან 30 წლამდე შუალედში თუ გყავთ პირველი შვილი გაჩენილი, ეს თურმე სიცოცხლის ბოლომდე კარგი ჯანმრთელობით გაჯილდოებთ. ხოლო იმ ქალებს, ვინც ორი-სამი შვილი გააჩინეს, სიმსივნით გარდაცვალების რისკი ნაკლები აქვთ, ვიდრე დანარჩენებს.
მკვლევრებმა ისიც დაადგინეს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა მაშინაც იზრდება, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს. ძუძუთი კვება 8%-ით ამცირებს ნაადრევი სიკვდილის ალბათობას, ხელოვნურ კვებასთან შედარებით.
ჯანმრთელობაზე დედობის ამგვარი დადებითი გავლენის მიზეზები ჯერ უცნობია, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს დაკავშირებულია ჰორმონალურ ცვლილებებთან, რაც ხდება ორგანიზმში ორსულობის, მშობიარობისა და ძუძუთი კვების დროს.