გოგონამ რამდენჯერმე თვითმკვლელობაც სცადა, მაგრამ... ეს მართლაც დაუჯერებელი ამბავია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს სამაგალითო თავდაჯერება და შემართება ნებისმიერ სიტუაციაში. მუი ტომასი ჰონკონგიდან, სრულიად არ ჰგავს სხვებს.
22 წლის ჩინელ გოგონას იშვიათი გენეტიკური დაავადება აქვს – იქთიოზომი, იქთიოზი. ეს ისეთი მდგომარეობა აქვს, როცა პათოლოგიური პროცესის დროს დაავადებულის კანზე ქერცლი ჩნდება, თევზის ქერცლის მსგავსი. მეცნიერებმა დღემდე ვერ დაადგინეს ამ იშვიათი სნეულების გაჩენის მიზეზი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ასეთი დიაგნოზით დაბადებული ბავშვების 90% მალევე კვდება. ასეთი დაავადების დროს გარე სამყაროსთან ნებისმიერი ურთიერთობა დაავადებულისთვის ტკივილსა და ტრავმას უკავშირდება, რადგან მისი კანი, რამდენადაც ძალიან სქელია, საკმაოდ დელიკატურიცაა.
როცა მუის გენეტიკურმა მშობლებმა დაინახეს, ის როგორ გამოიყურებოდა, არ მოინდომეს მასთან ცხოვრება და სამშობიაროში დატოვეს, ბედის ანაბარა.
თუმცა ამ უჩველო ბავშვით მალე ახალგაზრდა ოჯახო დაინტერესდა. ტინა და როჯერ ტომასები მას კვირაში რამდენჯერმე აკითხავდნენ. საავადმყოფოს ადმინისტრაცია გეგმავდა, ბავშვი ობოლთა თავშესაფრისთვის გადაეხა, თუმცა ტომასების ოჯახმა მისი შვილად აყვანა გადაწყვიტა და მას მერე მუის ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა.
წლები გადიოდა და მუის უწევდა ამ სასტიკ სამყაროში ცხოვრება ასეთი საშინელი დაავადებით. ბევრი ადამიანი თვალებს არ უჯერებდა, როცა ხედავდა ამ გოგონას, არც იცოდნენ, რომ ასეთი რამ საერთოდ შეიძლებოდა მომხდარიყო. გოგონას სკოლაში "გოგო თევზს" ეძახდნენ და დასცინოდნენ. მუი არავის აქცევდა ყურადღებას და ყველას ღიმილით პასუხობდა. მათაც სხვა გზა არ რჩებოდათ, საპასუხოდ უღიმოდნენ.
თუმცა ყველაფერი არც ასე მარტივად იყო. მუიმ რამდენჯერმე თვითმკვლელობა სცადა. უფრო მეტიც, სკოლის დირექტორმა სპეციალური ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც მუის ეკრძალებოდა სკოლის გარკვეულ ნაწილში გამოჩენა – თურმე ერთ-ერთ მოსწავლეს მისი ძალიან ეშინოდა.
"ერთმა ქალმა ქუჩაში ჩემს ცოლს შეაფურთხა სახეში და უყვიროდა, როგორ დაწვი შენი შვილიო... ასეთ მომენტებს ახლაც მძიმედ ვხვდებით, თუმცა მაინც არ დაგვიმალავს ჩვენი გოგონა და ეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. გვინდა, რომ მუი ყოველი წამით ხარობდეს, რადგან არასდროს იცი, რა გელოდება წინ", - აღიარებს მუის მამობილი.
კიდევ კარგი, მუიმ იპოვა სფერო, რომელშიც სურს საკუთარი თავის რეალიზება. ოცნებობს, რაგბის საერთაშორისო შეხვედრებზე მსაჯი გახდეს. ოცნების რეალიზებაში ჰონკონგის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთათვის განკუთვნილი ერთ-ერთი ცენტრი ეხმარება.
"ადამიანებს ხშირად რცხვენიათ საკუთარი თავის ისე ჩვენება, როგორებიც არიან სინამდვილეში. გადავწყვიტე, საზოგადოება გამოვიწვიო და გავაკეთო ის, რაც მიყვარს", - ამბობს მუი.
ეს მამაცი გოგონა, ნამდვილად საშინელი დაავადებით, საზოგადოებას მნიშვნელოვან რამეს ეუბნება: თუნდაც იყო შეზღუდული უნარების მქონე, ცხოვრებას არ უნდა გამოეთიშო.