როგორ ახერხებენ დროის განაწილებას ოჯახსა და სამსახურს შორის, როგორ უვლიან თავს და რა მოსწონთ ამ საქმეში ბორტგამცილებლებს არსებობს ისეთი პროფესიები, რომლებიც განსაკუთრებით მოითხოვს ქალებისგან ბევრ დროსა და ძალისხმევას და უნდათ თუ არ უნდათ, შვილებთან და ოჯახთან ბევრ დროს ვერ ატარებენ. ზოგიერთს თვეობითაც კი უწევს ოჯახისგან შორს ყოფნა. ამგვარი პროფესიები, როგორც წესი, დაკავშირებულია დიდ პასუხისმგებლობასთან, თავგადასავლებთან, დაძაბულობასთანაც... გადავწყვიტეთ, ასეთი უჩვეულო პროფესიების მქონე დედები გაგაცნოთ ხოლმე.
ჩვენს რუბრიკას გახსნის თვითმფრინავის ბორტგამცილებელი - სტიუარდესა. მანანა მელაძე და მისი პატარა გოგონა სრულიად შემთხვევით გავიცანი. მათი მხიარული და ძალიან მეგობრული დედაშვილური ურთიერთობით მოვიხიბლე და მერე აღმოვაჩინე, რომ დედას ისეთი სამსახური ჰქონია, ხანდახან ძალიან დიდხანს უწევს შვილისგან შორს ყოფნა. ამის მიუხედავად, თავისუფალ დროს მთლიანად შვილს უთმობს, მასთან ერთად დადის გასართობად, სამხიარულოდ, ემეგობრება და მისი ასაკის ხდება. მართალია, ანასტასიას ხშირად ენატრება დედა, მაგრამ საერთო ჯამში, შეიძლება ბევრ იმ ბავშვზე გაცილებით მეტ და სრულფასოვან დროს ატარებს მასთან, ვინც დედას მთელი დღეც კი ხედავს... მანანა თავად გვიამბობს თავის პროფესიაზე, მის ხიბლსა და სირთულეებზე, დედობაზე და ასევე იმაზე, თუ როგორ ახერხებენ სტიუარდესები სილამაზისა და ფორმის შენარჩუნებას.
- მანანა, როგორ აირჩიე ეს პროფესია - როგორ მოხვდი დიდ ავიაციაში?
- პროფესიით ეკონომისტი ვარ. 4 წლის წინ გავაგზავნე ჩემი რეზიუმე შემთხვევით, დამწყებ ავიაკომპანიაში და დამირეკეს, რამაც გამაოცა. არ ველოდი, მაგრამ გავრისკე და ბოლომდე მივყევი. შესარჩევი ტური ძალიან რთული იყო და ასევე ძალიან დიდი კონკურენციაც, მაგრამ შევძელი და მოვხვდი ოცეულში სამასი კანდიდატიდან. გახარებული ვიყავი, რა თქმა უნდა. დავჯექი სახლში და წავიკითხე ბევრი ინფორმაცია ბორტგამცილებლების შესახებ, იმიტომ, რომ იქამდე საკმაოდ მწირი ინფორმაცია მქონდა ამაზე... ავიაციაში სწავლა-განათლება 2-3 თვე გაგრძელდა. შემდეგ ჩავაბარეთ ურთულესი გამოცდები, ასევე სამედიცინო შემოწმება და დადგა ის დღეც, როცა პირველად გავფრინდი, როგორც ბორტგამცილებელი... პირველ დღეს ჩემში იყო უამრავი ემოცია და მაშინ მივხვდი, რომ ეს ემოციები მჭირდებოდა.
- რა მოგწონს ყველაზე მეტად ამ პროფესიაში და რა არ მოგწონს?
- რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ბევრი ქვეყნის დათვალიერების შანსი გეძლევა, ასევე სხვადასხვა ხალხს ხვდები, სხვადასხვა რელიგიის თუ წარმომავლობის, ასევე ცნობილ ხალხსაც და რამდენიმე საათი გეძლევა, რომ გაეცნო მათ, როცა სხვა, ჩვეულებრივ ადამიანებს შეიძლება არც კი მიეცეთ ასეთი შანსი ცხოვრებაში. ამის გამო არის ეს სამსახური არაჩვეულებრივი და საინტერესო, ასევე ექსტრემალური, მოკლედ რომ ვთქვა, ვერ მოიწყენ ჩვენთან. ასევე აღვნიშნავ იმასაც, რომ აქ ვისწავლე პირველადი დახმარება, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ გამომადგება და გამომადგა კიდეც უკვე. რაც შეეხება იმას, თუ რა არ მომწონს, ალბათ ის, რომ ხანდახან თვეობით მიწევს საყვარელი ადამიანების მონატრება და პირველ რიგში ჩემი ანგელოზის - ანასტასიასი, რაც ძალიან რთულია.
- აქედან გამომდინარე ეს ალბათ განსაკუთრებით რთული პროფესიაა დედისთვის, ძნელია, როცა ბავშვის დატოვება გიწევს ღამით, ხანდახან რამდენიმე დღითაც...
- დიახ, როგორც გითხარით, ძალიან ძნელია, მაგრამ ისეთი პერიოდი დგას ჩვენს ქვეყანაში, რომ სამსახურის პოვნა, თან ნორმალური ანაზღაურებით, თითქმის შეუძლებელია. იმისათვის, რომ ჩემს შვილს ჰქონდეს კარგი მომავალი - პირველ რიგში ამიტომ ავირჩიე ეს სამსახური... თუმცა, ხანდახან იმის საშუალებაც მეძლევა, ჩემი პატარაც წავიყვანო სხვაგან, საზღვრებს გარეთ, რაც ჩემთვის შედარებით ადვილად ხელმისაწვდომია და ეს პლუსიც აქვს ამ პროფესიას.
- ვინ გეხმარება და როგორ აღიქვამს ბავშვი დედ-მამის ხშირ არყოფნას?
- მეხმარება დედა, მშობლები თავიდანვე მიდგანან მხარში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი პროფესიის მქონე ადამიანისთვის. რასაკვირველია, ანასტასიას დედ-მამა ენატრება და განიცდის ჩვენს არყოფნას. როცა ფორმას ვიცვამ, უკვე კითხვებს მაყრის: სამსახურში მიდიხარ უკვეეე? როდის ჩამოხვალ? საჩუქარს ხომ ჩამომიტან? მეც ვაწყნარებ და ვეთანხმები. მერე გახარებული მიშვებს სახლიდან, რომ იცის, საჩუქარს ჩამოვუტან... თავისუფალ დროს ვცდილობ, ეს დანაკლისი ავანაზღაურო - აუცილებლად დავდივართ კინოში ან საბავშვო გასართობ ცენტრებში, ძალიან მხიარულად, დიდი სითბოთი და სიყვარულით ვუნაზღაურებ იმ დაკლებულ საათებს ჩემს პატარას. ასე რომ, ბავშვზე დიდად უარყოფითად არ აისახება მშობლების არყოფნა, თუ შემდეგ არის იმის შესაძლებლობა, რომ ანაზღაურდეს დანაკლისი მასთან თბილი და მეგობრული ურთიერთობით.
- რა სირთულეები ახლავს შენს პროფესიას, და თუ გქონია რაიმე განსაკუთრებული შემთხვევები?
- სირთულეები არის, რა თქმა უნდა, და ძალიან ბევრი. მაგალითად ის, რომ შეიძლება რთული მგზავრი გყავდეს რეისზე და მთელი ფრენის განმავლობაში თვალყური უნდა ადევნო და დაძაბული იყო. ასევე არის სამედიცინო სახის სირთულეები, თუ ვინმე ცუდად გახდა, დახმარება უნდა გაუწიო - შენს მეტი პასუხისმგებელი პირი არავინაა თვითფრინავზე. აქ არაა ლაპარაკი უბრალო წნევის აწევა-დაწევაზე, არამედ მეტად რთულ სიტუაციებზე, როგორიცაა კენჭის გავლა, ჭრილობები, მოტეხილობები, ძლიერი დამწვრობები და სხვა, ყველაფერი, რაც შეიძლება დაემართოს ადამიანს. ასევე ტურბულენტობა რთულია, თუ რთულ სტადიაშია, ამ დროს შეუძლებელია მოძრაობა და არის იმის საშიშროება, რომ რამე დაგეცეთ თავში. ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, არის ნაწილი იმ სირთულეებისა, რაც ბორტზე გვხვდება და დაკავშირებულია დიდ სტრესსა და გამძლეობასთან. ამ პერიოდში, რაც მიფრენია, მქონია ბევრი სირთულე, რამაც მომცა დიდი გამოცდილება. ერთ-ორ მაგალითს მოგიყვანთ.
მყავდა ძალიან უწესო მგზავრი, რომელმაც თითქმის თავდაყირა დააყენა თვითფრინავი. მოწევა მოუნდა შუა თვითფრინავში და არ მოეწონა, რომ ავუკრძალეთ. ამას მოყვა საქმის სერიოზული გარჩევები და თითქმის ჩხუბიც კი. მაგრამ ბოლოს დავაწყნარეთ და მადლობებით დაგვემშვიდობა - ესაა ჩვენი მოვალეობა. მეორე შემთხვევა იყო ძალიან ძლიერი ტურბულენტობა და ძლივს გადავურჩით, მადლობა ღმერთს. რომ ჩამოვფრინდით, ეკიპაჟმა ვთქვით, რომ მეორედ დავიბადეთ, ზოგი გაგვიჭაღარავდა კიდეც, აი, ასეც ხდება!
- რამდენ ქვეყანაში ხარ ნამყოფი და თუ ახერხებ ქვეყნების დათვალიერებას?
- ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი ამ სამ წელიწადში: ჰოლანდია, ავსტრია, ჩეხეთი, გერმანია, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებშიც ვცხოვრობდი და ა.შ. აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ უფრო მეტი მინდა. ხშირად არის შესაძლებლობა დათვალიერების და სეირნობის, განტვირთვის, რაც ჩვენთვის აუცილებელია.
- შენს შვილს თუ ურჩევ, რომ შენი პროფესია აირჩიოს?
- პროფესია საინტერესოა და სავსეა თავგადასავლებით, მაგრამ ძლიერი ნერვები და კარგი გამძლეობა სჭირდება. მე თუ მივახარჯე ნერვები სამსახურს, არ მინდა, ჩემმა შვილმაც იგივე გამოსცადოს და ცალკე კიდევ მასზე მომიწიოს ნერვიულობა. ალბათ არ ვურჩევდი. თუმცა ძალიან ბევრს ისწავლის და ცხოვრებას ნახავს, როგორია რეალურად, სხვადასხვა კუთხიდან.
- ამ პროფესიისთვის აუცილებელი პირობაა ისიც, რომ სულ ფორმაში უნდა იყო. რამდენად გიიოლდება სილამაზის, ფორმის შენარჩუნება, რას აკეთებ ამისთვის?
- ძალიან რთულია ფორმის შენარჩუნება თვითმფრინავზე, საჭმელი ძალიან კალორიულია და ასევე საკმაოდ გშივდება, სამმაგ ენერგიას რომ ხარჯავ ჰაერში. მაგრამ მაინც ვახერხებთ ფორმაში ყოფნას, დავდივართ ფიტნესსა და ცურვაზე, სალონებში. ჩვენს კანს სპეციფიური მოვლა სჭირდება და ასევე თმასაც, იმიტომ რომ თვითფრინავში ძალიან მშრალი ჰაერია და სულ დატენიანება გვჭირდება. ჩვენი აუცილებელი პირობაა, იყო სულ ფორმაში და გამოიყურებოდე შესანიშნავად, ასევე იყო სულ პოზიტიურ განწყობაზე.
- ბოლო დროს ხშირად ხდება ავიაკატასტროფები და ტერორისტული აქტები. რამდენად შემზადებულები ხართ რთული სიტუაციებისთვის თანამშრომლები, თუ ფიქრობთ ხოლმე ასეთ რამეებზე და საინტერესოა, თუ გქონია რაიმე ისეთი, რთული შემთხვევა პირადად შენ?
- რა თქმა უნდა, ვართ შემზადებულები, გავლილი გვაქვს სპეციალური ტრენინგები თურქეთში და საქართველოშიც. როდესაც ავიაკომპანიაში იწყებ მუშაობას, აუცილებლად უნდა გაიარო თვითფრინავში ცეცხლის იმიტაცია, ასევე მგზავრების, პილოტების ევაკუაცია ხმელეთსა თუ წყალზე. ძალიან ბევრი პროცედურაა გასავლელი და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი წარმატებით გაიარე, გაფრინდები პირველად როგორც ბორტგამცილებელი. ასევე სპეციალურად გამზადებენ ტერორისტებისთვისაც, როდის როგორ უნდა მოიქცე.
რაიმე სერიოზული ტერორისტული აქტის მომსწრე, საბედნიეროდ, არ ვყოფილვარ, მაგრამ კურიოზული იყო და შემიძლია გიამბოთ. ერაყში იყო ფრენა და მგზავრებიც ერაყელები იყვნენ. რა თქმა უნდა, ასეთ დროს მეტი ყურადღებით ვართ და ყველაფერს ვაკვირდებით. ამოდის მგზავრი და წრიპინის ხმა მესმის, შევაჩერე ეს ადამიანი, ახალგაზრდა ბიჭი იყო და ვკითხე, რა ჰქონდა ჩანთაში. აღელდა და მიპასუხა, არაფერიო. გავიყვანე ხალხისგან მოშორებით და ვუთხარი ამოელაგებინა ჩანთა. ამოიღო ერთი ტელეფონი, მეორე ტელეფონი, მერე - პლანშეტი, და არაფერი მაქვსო, მეუბნება. არადა, ხმა უფრო მკვეთრად მესმის. ავღელდი მეც, ვიფიქრე, მატყუებდა. თვითონაც ნერვიულობდა, ცივი ოფლი ასხამდა და ხელები უკანკალებდა. ბოლოს ძლივს ამოქექა და საბავშვო ძიძა წრიპინებდა. მეფიცებოდა, ჩემი შვილის არისო და რომ მანახა შვილი და ცოლი, მერე დავწყნარდი.
ახლა კი ვიხსენებ მხიარულად, მაგრამ იმ დროს მეც და მთელმა ეკიპაჟმაც მაგრად ვინერვიულეთ.
...დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ მომეცა საშუალება პატარა გამოცდილების გაზიარების. დღეს ავიაციის თემა ძალიან აქტუალურია და მიხარია, რომ ხალხს აინტერესებს ჩვენი ცხოვრება, ალბათ ბევრიც ოცნებობს ამ პროფესიაზე. ყველას ვუსურვებ წარმატებას მიზნების მიღწევაში.
ლელა ზურებიანი