ასეთ მშვენიერ სალათას ალბათ არავინ დაიწუნებს
ასეთ მშვენიერ სალათას ალბათ არავინ დაიწუნებს - დიდიც და პატარაც სიამოვნებით მიირთმევს. მით უმეტეს, მაკარონი ხომ ყველას ძალიან უყვარს.ის თუ იცი, რომ ყველაზე გრძელი მაკარონი - 455 მ სიგრძის - 2005 წელს გერმანიაში დაამზადეს.
საჭირო მასალა:
1 ულუფა მოხარშული სპაგეტი;
მოხარშული სტაფილოს 4 ნაჭერი;
მუხუდოსა და სიმინდის მარცვლები;
წითელი წიწაკა;
კამა.
1. თეფშის კიდეზე მოათავსე მოხარშული სპაგეტი და მოაყარე წვრილად დაჭრილი კამა.მის მოპირდაპირედ კი მაკარონით პეპლის მოხაზულობა, ანუ კონტური გააკეთე ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.
2. პეპლის ფრთებზე ფიგურული საჭრელით დაჭრილი მოხარშული სტაფილოს რგოლები განალაგე.
3. ფრთებზე დარჩენილი ცარიელი ადგილები მუხუდოს მარცვლებით ამოავსე.
4. თეფშის ერთ კიდეზე პატარა პეპელაც გააკეთე, როგორც სურათზეა ნაჩვენები და თავის ადგილას წითელი წიწაკის ნამცეცი დაუმაგრე.
5. ასეთივე თავი დიდ პეპელასაც გაუკეთე და ბოლოს სიმინდის მარცვლებით დაუმშვენე ფრთები.
კიდევ ერთ საინტერესო
ამბავს გეტყვი. იცი, რამდენ ხანს ინახება მაკარონი? არ გაგიკვირდეს და, რამდენიმე ა-თ-ა-ს-ი წელი! ჩინეთში, მდინარე ხუანხეს ნაპირებთან გათხრების შედეგად არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მაკარონით სავსე ქოთანი და დაადგინეს, რომ იგი 4000 წლის ყოფილა! მოკლედ, რას აღარ გაიგებ!