არსებობს რამდენიმე პროცედურა, რომლებიც რეგულარულად უნდა ჩაიტაროს ორსულმა არსებობს რამდენიმე სტანდარტული პროცედურა, რომლებიც რეგულარულად უნდა ჩაიტაროს ორსულმა. არტერიული წნევის გაზომვა ერთ-ერთი მათგანია. ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი ცვლილება, ჩვეულებრივ, არ შეინიშნება, თუმცა პირველ და მეორე ტრიმესტრებში მოსალოდნელია მისი დაქვეითება; ორსულობის მეორე ნახევრის ერთ-ერთი უმძიმესი გართულება, პრეეკლამფსია, არტერიული წნევის მატებით მიმდინარეობს; გარდა ამისა, არსებობს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები, როდესაც წნევის მკვეთრ მომატებას პრაქტიკულად ყველა სისტემის დაზიანება ახლავს თან. წნევის გაზომვისას გასათვალისწინებელია, რომ ტონომეტრი მომატებულ წნევას აჩვენებს, თუ ორსულმა:
წნევის გაზომვამდე დალია მაგარი ჩაი ან ყავა;
მიიღო ძირტკბილას საფუძველზე დამზადებულ ი ელექსირი ან სხვა პრეპარატი;
ინერვიულა, სწრაფად იარა, ავიდა კიბეზე.
შესაძლოა, აპარატმა, პირიქით, დაქვეითებული წნევა აჩვენოს, თუ:
მანჟეტი ცუდად იყო გაბერილი და მხრის
არტერიაში სისხლის მიმოქცევა მთლიანად არ გადაიკეტა;
მანჟეტიდან მეტისმეტად სწრაფად მოხდა ჰაერის გამოტუმბვა;
წნევის გაზომვისას ორსული კი არ იჯდა, იწვა.
როგორ უნდა მოვიქცეთ არტერიული წნევის ცვალებადობის დროს და როგორ მოვაწესრიგოთ წნევის მაჩვენებლები, ამის შესახებ მეან-გინეკოლოგი მერი ვახტანგიშვილი გვესაუბრება.
- რა ხდება, როდესაც ორსულს არტერიული წნევა დაბალი აქვს?
- ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული გარდაქმნების გამო არტერიული წნევა შესაძლოა დაქვეითდეს. ამის გამო ქალი თავს შეუძლოდ გრძნობს, უჩივის სისუსტეს, თავბრუხვევას, ძილიანობას, ჰაერის უკმარისობას, ყურების შუილს. ეს სიმპტომები განსაკუთრებით მკვეთრია დილაობით. ორსულობის დროს არტერიული წნევის უმნიშვნელო დაქვეითება ბუნებრივი მოვლენაა და სულაც არ უშლის ხელს ორსულს ნორმალურ ცხოვრებაში, მაგრამ ზოგჯერ წნევა მკვეთრად ეცემა და სხვადასხვა უსიამოვნების მიზეზად იქცევა. მაგალითად, ჰიპოტენზია ამძიმებს ადრეულ ტოქსიკოზს - ხშირი პირღებინება ორგანიზმში სითხის დეფიციტს იწვევს, რაც არტერიული წნევის კიდევ უფრო დაქვეითებას უწყობს ხელს.
- რას უნდა ველოდეთ წნევის მკვეთრი დაქვეითებისას?
- დაბალი არტერიული წნევის მქონე ორსულები უფრო ხშირად უჩივიან ადრეულ ტოქსიკოზს; არცთუ იშვიათია მათ შორის ორსულობის მეორე ნახევრის ტოქსიკოზი; მოსალოდნელია ორსულობის სპონტანური შეწყვეტა - ალბათობა 3-5-ჯერ მეტია, ვიდრე ნორმალური წნევის ფონზე. არტერიული ჰიპოტენზია აფერხებს პლაცენტურ სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის ნაყოფის ზრდას. საქმე ის არის, რომ არტერიული წნევის მკვეთრი დაცემისას ორსულის ორგანოები ცუდად მარაგდება სისხლით, ამიტომ ნაყოფიც საჭიროზე ნაკლებ ჟანგბადს იღებს. შესაძლოა, შეიქმნას ნაადრევი მშობიარობის საფრთხეც. ხშირია მშობიარობის თანმხლები პათოლოგიები, ზოგჯერ საჭირო ხდება საკეისრო კვეთის ჩატარებაც. ასე რომ, ორსულმა რეგულარულად უნდა იზომოს არტერიულ წნევა და მისი მკვეთრი დაქვეითებისას ექიმს მიმართოს.
- როგორ მოვაწესრიგოთ წნევა არტერიული ჰიპოტენზიის დროს?
- ექიმები მკურნალობის ეფექტურ საშუალებად მიიჩნევენ სამკურნალო ფიზკულტურას. კარგია დილის ვარჯიში და წყლის პროცედურები: შხაპი, გრილი წყლის გადავლება, ფეხის კონტრასტული აბაზანები, ასევე - მატონიზებელი მასაჟი. ორსულს დღე-ღამეში, სულ ცოტა, 10-12 საათი უნდა ეძინოს. კარგია 1-2-საათიანი დღის ძილიც. არ ვარგა დიდხანს დგომა, ცხელი აბაზანა, დახუთულ შენობაში დიდხანს ყოფნა. ორსული უნდა იკვებებოდეს სრულყოფილად, იღებდეს მრავალფეროვან, ცილებითა და ვიტამინებით მდიდარ საკვებს, თავს არიდებდეს მსუყე კერძებს - ისინი მხოლოდ წნევაზე კი არ ახდენს გავლენას, არამედ ორსულობის მიმდინარეობასაც აუარესებს. არასასურველია გვიანი ვახშამი. სასურველია, ორსულმა საკვები მიიღოს ხშირად (დღეში 4-6-ჯერ) და მცირე ულუფებით. კარგია მაგარი ჩაი, განსაკუთრებით - მწვანე, ოღონდ უნდა ვერიდოთ მის მიღებას საღამო ხანს - შესაძლოა, ძილი დაგვერღვეს. ორსულმა თავი უნდა არიდოს მედიკამენტების უნებართვო მიღებას, რადგან მათი უმეტესობა, ერთი შეხედვით უვნებელიც კი, ორსულობის დროს უკუნაჩვენებია. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. არტერიული ჰიპოტენზიის მკურნალობისას ძალზე შედეგიანია ფიტოთერაპია. მატონიზებელი მოქმედება ახასიათებს პანტოკრინს, არალიის ნაყენს. ეფექტურია ასევე ელეუტეროკოკის ექსტრაქტი, ჩინური ლიმონურა, ჟენ-შენი. აპილაკი სასარგებლოა ლოგინობის პერიოდში. იგი, გარდა იმისა, რომ არეგულირებს არტერიულ წნევას, აძლიერებს ლაქტაციასაც. გახსოვდეთ: არტერიული ჰიპოტენზია, თუნდაც დეკომპენსირებული, ორსულობის შეწყვეტის ჩვენება არ არის, მაგრამ მძიმე შემთხვევებში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ის სათანადო დარიგებას მისცემს ორსულს და ყველა პრობლემა მოგვარდება. განაგრძეთ კითხვა