2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 25 ბავშვისა საბავშვო ბაღებში ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ჯგუფების ჩამოყალიბების წესს, ჯგუფში ბავშვების რაოდენობას და აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობას კანონი დაარეგულირებს.
ამას "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
მომზადებული პროექტის თანახმად, 2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 25 ბავშვისა, 3-დან 4 წლამდე და 4-დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში კი - არაუმეტეს 30 ბავშვისა.
რაც შეეხება სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფს, მასში 5 წლიდან სკოლის დაწყებითი საფეხურის - პირველ კლასში შესვლამდე ბავშვები შევლენ, რომელთა რაოდენობაც თითოეულ ჯგუფში 30 ბავშვს არ უნდა აღემატებოდეს.
პროექტით, ერთი ასაკის ბავშვთა არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, დაწესებულება უფლებამოსილია, ჩამოაყალიბოს მრავალასაკობრივი ჯგუფი მომიჯნავე ასაკის ბავშვებისგან, მაგრამ არაუმეტეს 10 ბავშვის შემადგენლობით.
რაც შეეხება აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობის საკითხს, პროექტის მიხედვით, თითოეულ ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის რაოდენობა შემდეგი თანაფარდობით უნდა განისაზღვროს: 2-დან 3 წლამდე ბავშვების შემთხვევაში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა უნდა იყოს: 1:13; 3-დან 4-წლამდე ბავშვების შემთხვევაში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა უნდა იყოს: 1:15; 4-დან 5-წლამდე ბავშვების შემთხვევაში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა უნდა იყოს: 1:15. სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა უნდა იყოს: 1:15.
იმავე რაოდენობის ბავშვების დასაკმაყოფილებლად, რაც ახლაა საშუალოდ ბაღებში, საჭიროა აშენდეს 400 ბავშვზე გათვლილი 36 ბაღი, რაც საშუალოვადიან პერიოდში მნიშვნელოვან დანახარჯებს იწვევს.
კანონპროექტით სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფების დაკომპლექტების მაქსიმალური ოდენობების მუხლის ძალაში შესვლის თარიღად 2020 წლის 1-ლი სექტემბერია განსაზღვრული.
ეს სიახლეები მომავლისთვის არის დაგეგმილი, თუმცა მაინც სასიამოვნოა, რომ რაღაც შეიცვლება თუნდაც სამ-ოთხ წელიწადში.
ინტერპრესნიუსი