მირზა გელოვანის გაუმხელელი სიყვარული და იები, რომლებსაც ომშიც ჯიბით დაატარებდა ერთ დღეს მსახიობ ბახვა ბრეგვაძესთან ინტერვიუზე მისულმა შევიტყვე, რომ თინა მაქსიმალაშვილი ანუ ადამიანი, რომელსაც მირზა გელოვანმა ეს გენიალური ლექსი მიუძღვნა, ბახვას ბებია ყოფილა. "ნუ მწერ" ბევრ ადამიანს გამორჩეულად უყვარს, მის ადრესატზე კი ცნობილი თითქმის არაფერია. თავის დროზე ქალბატონ თინასთან ინტერვიუს ჩაწერა არაერთხელ უცდიათ, მაგრამ ამ თემაზე სასაუბროდ ახლოს არავინ გაუკარებია. ეს ექსკლუზივია პოეტის გაუმხელელ სიყვარულზე. ამბავი, რომელიც დასავიწყებლად არ უნდა გაიმეტო და რომელიც შთამომავლობას უნდა უამბო. ჩემი რესპონდენტები თინა მაქსიმელაშვილის ქალიშვილი, ქეთევან კობალაძე და შვილიშვილი - ბახვა ბრეგვაძე არიან.
ქეთევან კობალაძე:
- დედა თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ერეკლე მეფის შთამომავლობის მეშვიდე თაობა იყო. უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. 17-18 წლის იქნებოდა, როცა მირზა გელოვანი გაიცნო და დამეგობრდნენ. მათ საერთო სამეგობრო წრე ჰყავდათ. ნიკა აგიაშვილი, ლადო ასათიანი... მოგეხსენებათ, ომი რომ დაიწყო, მირზა წაიყვანეს. ლექსების უმეტესობაც ომიდანაა გამოგზავნილი. მირზა გელოვანის პოეზია გამორჩეულად მიყვარს. ოღონდ, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დედას მეგობარი იყო.
- მასზე დედა რას გიამბობდათ?
- მირზაზე ნაკლებად ლაპარაკობდა. დეიდაჩემი ბერიასთან მუშაობდა და წერილები, რომლებსაც მირზა დედას სწერდა, გაანადგურეს. დედა მხოლოდ იმას ამბობდა, - ძალიან წესიერი, ჭკვიანი, კეთილი, სუფთა სულის მქონე, განათლებული ადამიანი იყოო. სახეზეც ეტყობა, რომ ასეთი იქნებოდა. მირზა სამეგობროში გამორჩეულად უყვარდათ. მეგობრები ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ და ლექსებს კითხულობდნენ. ომში რომ წავიდა, თითქოს ყველამ იცოდა, რომ მას დედას მეგობარი - ნონა ლასხიშვილი მოსწონდა. დედას და მას, როგორც მეგობრებს, მიწერ-მოწერა სულ ჰქონდათ. თავის მშობლებს ერთ წერილში სწერს: ზამთარში თინამ რომ იები გამომიგზავნა, სულ ჯიბით დამაქვსო.
ამონარიდი მშობლებისა და დების სახელზე გამოგზავნილი წერილიდან (სტილი დაცულია): "...როგორი მადლობელი ვარ დედაჩემო იარაღი რომ შემაყვარეთ ბავშვობიდან, იარაღი, სიმართლე და ვაჟკაცობა, ქართველი დედები უცრემლოდ ისტუმრებდნენ შვილებს აუცილებელ სიკვდილთან, რადგან სამშობლოსთვის სიკვდილს არ უხდება ცრემლი.
მარცხენა გულის ჯიბეში ქართული იები მაქვს (სათუთად გახვეული უბის წიგნის ფურცლებში. თინამ გამომიგზავნა ისინი თბილისიდან), კრწანისში თუ კოჯორზე, ოქროყანაზე თუ დიღმის დიდ ველზე უნდა იყვნენ მოკრეფილნი და მე მათში ვგრძნობ ქართული მიწის სუნსა და სიახლოვეს.
თინასგან იები დამრჩა სახსოვრი, ჩემი - არავის არაფერი. ყოველთვის ღარიბი ვიყავი და ხელმოკლე, მაგრამ მე მქონდა უდიდესი მიზანი და თუ ცოცხალი დავრჩი, ჩვენი გამარჯვების შემდეგ განვახორციელებ ჩემს დიდ ლიტერატურულ მიზანს"...
გაგრძელება