"ზაზა 12 წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა..." - რას იხსენებს ზაზას დედა მის ბავშვობაზე ეს ინტერვიუ რამდენიმე წლის წინ ჟურნალ "გზისთვის" ჩაიწერა, რომელიც არც ახლა კარგავს აქტუალობას.
ჩემი რესპონდენტი მიზანდასახული, შრომისმოყვარე და საკმაოდ აქტიური ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებამ არაერთი განსაცდელი მოუვლინა, დღეს თავს უბედნიერეს ქალბატონად მიიჩნევს. ამბობს, რომ იუმორის გრძნობამ იხსნა და გადაარჩინა. ეს გრძნობა მართლაც, არ ღალატობს - ამაში მასთან საუბრისას მეც დავრწმუნდი...
ჩემი თანამოსაუბრე ანაკლიაში დაიბადა და სენაკში, პედაგოგების ოჯახში გაიზარდა. დამთავრებული აქვს სამკურნალო ფიზკულტურის ფაკულტეტი... იმის გამო, რომ მაღალი (182 სმ) იყო, ერთი პერიოდი, კალათბურთს თბილისის "დინამოშიც" თამაშობდა. მაგრამ ახლა ამბობს, რომ დიდი კალათბურთელი არასდროს ყოფილა. "შეიძლება ითქვას, რომ კალათბურთისთვის ცოტა ნაზიც გახლდით, რადგანაც ფიზიკურად ძლიერი არ ვყოფილვარ. ბიჭს არ ექნება სხეულზე იმდენი ნაიარევი, რამდენიც მე მაქვს, სულ მოედანზე "ვეგდე..." - ამბობს ქალბატონი მარინა კოდუა, რომელიც დღეს უკვე წარმატებული კალათბურთელის - ზაზა ფაჩულიას დედაა. "ზაზა რაღაცებში მგავს. ბავშვობაში ისიც ხშირად ეცემოდა... ახლაც, მოედანზე რამდენჯერაც დაეცემა, ვიტყვი, - დედას ჰგავს-მეთქი, რადგანაც მამა ფიზიკურად ძალიან ძლიერი ჰყავდა, ისიც სპორტსმენი იყო.
- ზაზასავით მაღალი იყო?
- კი, მაგრამ ზაზამ ყველას გვაჯობა - სიმაღლეში 210 სმ-ია. რასაც არ მინდოდა, რომ ზაზა გაჰყოლოდა, ეს კალათბურთი გახლდათ. ბავშვობაში, კალათბურთის გარდა, სპორტის თითქმის ყველა სახეობაზე დამყავდა. ამასთან, ფორტეპიანოზე, გიტარაზე, უცხო ენებზე, ცეკვაზეც ვატარებდი, მაგრამ ცეკვიდან გამოგვიშვეს - ისეთი მაღალი იყო, რომ შესაფერისი მეწყვილე ვერ უშოვეს (იღიმება). საბოლოოდ კი იძულებული გავხდი, მაინც კალათბურთზე შემეყვანა...
- საკმაოდ ახალგაზრდა ქალბატონი ბრძანდებით. როგორც ჩანს, ზაზა ადრეულ ასაკში შეგეძინათ, არა?
- 22 წლის ვიყავი, დედა რომ გავხდი; სხვათა შორის, ზაზა ათთვიანი დაიბადა - "გადამწიფებული" და "ბებერი" იყო (იცინის)... არ მიყვარს, შვილებს რომ აქებენ, მაგრამ მართლა ძალიან ჭკვიანი ბავშვი გახლდათ, ამავე დროს, კარგი აღსაზრდელიც...
- როდის მიხვდით, რომ ის პროფესიონალი კალათბურთელი გამოვიდოდა?
- თავიდანვე ვიცოდი, რომ კალათბურთს გაჰყვებოდა, რადგანაც კარგად სწავლობდა: კალათბურთი რომ ითამაშო, ჭკუაა საჭირო, თუ ჭკვიანი არ ხარ და სწორად არ აზროვნებ, ვერ ითამაშებ. ეს კარგად ვიცოდი, რადგანაც თავად კალათბურთელი გახლდით და საკალათბურთო "სამზარეულო" ჩემთვის ნაცნობი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი დიდი სპორტსმენი, კარგად ვაზროვნებდი - მოედანსაც ვხედავდი და ვხედავდი ჩემს შვილშიც იმას - თუ კალათბურთზე შევიყვანდი, აუცილებლად კარგი მოთამაშე გამოვიდოდა, რისთვისაც ზაზა მენანებოდა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ პროფესიონალური სპორტი ჯანმრთელობისთვის სახარბიელო არ არის. სპორტსმენები უზარმაზარ ენერგიას ხარჯავენ... არაერთი ტრავმა აქვს მიღებული, დასვენება მისთვის არ არის და გართობა. სპორტის გამო უამრავი შეზღუდვა აქვს.
ხუმრობა ხომ არ არის ამხელა დატვირთვა?! თან, ფერადკანიანებთან "ჭიდაობა" არ არის ადვილი. ისინი ძალიან ძლიერები არიან, ფიზიკური მონაცემებიც განსხვავებული აქვთ, შეიძლება ითქვას, რომ სპორტისთვის არიან გაჩენილები. თეთრკანიანებს მათთან შედარებით, ყოველთვის უჭირთ. ევროპული კალათბურთი სრულიად სხვა რამ არის, მასში ტვინი უფრო მეტად არის ჩართული, ხოლო ფიზიკური ძალა მეორეხარისხოვანია.
ფერადკანიანებთან კი - პირიქითაა. საოცარი ენერგია სჭირდება ადამიანს, რომ მათ გაუთანაბრდეს და შეეჭიდოს. ის კი არა, კუნთების წყობაც კი სხვანაირი აქვთ. სეზონის წინ, დიდხანს არ ვარჯიშობენ, ფორმაში მოსასვლელად, ერთი კვირაც ჰყოფნით...
- როგორც აღნიშნეთ, ზაზა ძალიან ადვილი აღსაზრდელი იყო...
- კი, მაგრამ ძალზე თავისებური ბავშვი გახლდათ. ერთხელ, ბაღში, ჩიტი დახატა, რომელსაც ოთხი ფეხი მიუხატა. მასწავლებელი, მე, მამამისი - ყველანი ვუხსნიდით, რომ ჩიტს ოთხი ფეხი არა აქვს, ის კი დაჟინებით ამბობდა, - ეს ამერიკული ჩიტიაო! - ასეთი წარმოდგენა ჰქონდა, ვერაფრით გადავათქმევინეთ... ყოველთვის თავისებური ხედვა ჰქონდა. ბავშვობიდან მიზანდასახული იყო...
საერთოდ, მატერიალურად ძლიერი ოჯახიდან ვიყავი და ამის წყალობით, არაფერი გვაკლდა, მაგრამ 90-იან წლებში საქართველოში ისეთი რთული ცხოვრება დაიწყო, როგორც ყველას, ჩვენც გაგვიჭირდა. ყველაფერი გავყიდე იმისთვის, რომ ზაზას დემირელის კოლეჯში ესწავლა. გადასარევად სწავლობდა, ყველა ტურში (მათემატიკაში, ფიზიკაში...) იმარჯვებდა და სიგელებს იღებდა. დამოუკიდებელი ბავშვი იყო, ყველაფერს თვითონ აკეთებდა. ერთხელ შევნიშნე, რომ რაღაცას თავისთვის ბუტბუტებდა.
რას ლაპარაკობ-მეთქი? - ვკითხე. - იცი, რა?.. მე კარგად უნდა ვიცხოვროო, - მითხრა. - როგორ-მეთქი? - ვკითხე. - ბევრი უნდა ვიშრომო და ვისწავლოო. - რას ნიშნავს კარგად ცხოვრება-მეთქი? - უნდა მქონდეს დიდი სახლიო, - და წარმოსახვაში თავისებური გეგმა ჰქონდა. მეორე დღესვე კალათბურთზე შევიყვანე. თუკი ზაზა მომავალში დაძაბულ შრომას აპირებს, სხვა რა გზა მაქვს-მეთქი?! თან, ვატყობდი, რომ მოზღვავებული ენერგიაც ჰქონდა. იმ დროისათვის მეუღლე ავად მყავდა და ოჯახში მხოლოდ მე ვმუშაობდი.
- მეუღლე როდის გარდაგეცვალათ?
- ზაზა 12 წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა... 11 წლის ასაკში კი კალათბურთზე, ზურა სამხარაძესთან მივიყვანე... ვერ ვიტყვი, რომ ზაზა ნაცემი არ მყავს, ერთხელ ტყუილის გამო ისე ვცემე, რომ დედა-შვილი 2 კვირა საწოლში ვიწექით, სიცხე გვქონდა. მას მერე დასჯის ასეთი მკაცრი მეთოდი მის მიმართ აღარ გამომიყენებია; მხოლოდ ასე ვსჯიდი ხოლმე - ვეუბნებოდი, - თუ კოლეჯში დაბალ ნიშანს მიიღებ, ვარჯიშზე არ წახვალ-მეთქი. მართლაც, მის მიერ მიღებული დაბალი ნიშანი არ მახსოვს... ახლა რომ ამბობენ, ბავშვებისთვის სავარჯიშო პირობები არ არისო, ვერ დავეთანხმები. პირობები, როცა ზაზამ დაიწყო ვარჯიში, არც მაშინ იყო. დარბაზში ისეთი გამყინვარება მახსოვს, ბავშვები ხელთათმანებით ვარჯიშობდნენ. დიდუბის დარბაზს მინები არ ჰქონდა და მათ ორპირ ქარში უწევდათ ვარჯიში... მოკლედ, თუ გინდა, გაჭირვებაშიც მიაღწევ შენსას და ყველანაირ წინააღმდეგობას დასძლევ. განაგრძეთ კითხვა