პატარა ნებიერას "წინააღმდეგ" ზომების მიღებაა საჭირო "ყველაფერი იმის ბრალია, ასე რომ ანებივრებთ" - თუ ამ შენიშვნას ახლობლები თქვენი პირმშოს საქციელის შემხედვარე ხშირად გამოთქვამენ, ესე იგი პატარა ნებიერას "წინააღმდეგ" ზომების მიღებაა საჭირო.
განებივრება საკმაოდ შემაშფოთებელი სინდრომია, რომელიც მოზრდილობაში უამრავ პრობლემას იწვევს. მაგრამ მარტო ახლობლების შთაბეჭდილებებს ვერ დაეყრდნობით, მშობელმა რომ გადამჭრელ ზომებზე იფიქროს, ჯერ პირველ რიგში უნდა იცოდეს, რა ძირითადი ნიშნები ახასიათებს განებივრებას, როგორია ამ სინდრომის ძირითადი შტრიხები.
1. როცა ქცევის მოტივია "მინდა და მორჩა"
განებივრებული ბავშვის ყველაზე თვალნათლივი მაგალითი, ნამდვილი "სავიზიტო ბარათია". ოჯახისთვის ის "სამყაროს ცენტრია". შეიძლება ბავშვის განებივრებას ბევრი საპატიო მიზეზი ჰქონდეს (ერთადერთია, მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა, დიდი ხნის უშვილობის შემდეგ შეეძინათ), მაგრამ არ არის საჭირო, ბავშვს ჩაუნერგოთ, რომ ის განსაკუთრებულია არა მარტო თქვენთვის, არამედ ზოგადად, ის ყველაზე საუკეთესოა. ამით რეალობის გრძნობას უხშობთ. მან უნდა იცოდეს, რომ თქვენთვის არის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი, და არა მთელი სამყაროსთვის.
2. არ ესმის "არ შეიძლება"
როცა მთელი ოჯახი ერთი ბავშვის გარშემო ბრუნავს, სიტყვა "არ შეიძლებას" ძალა არა აქვს. თუ ვინმე "გაბედავს" და რამეს აუკრძალავს, ისტერიკები სახეზეა.
3. ახლობლების გრძნობებით "სპეკულირება"
განებივრებული ბავშვი ადვილად უღებს ალღოს ახლობლების მართვის ხელოვნებას და მათი სიყვარულით მანიპულირებას იწყებს. წინასწარ იცის, რომ თავისას გაიტანს.
4. არავითარი პასუხისმგებლობის გრძნობა და დამოუკიდებლობა
ბავშვებს, რომლებიც მიეჩვივნენ ყველაფერ სასურველის დაუყოვნებლივ მიღებას, თავისდაუნებურად უყალიბდებათ აზრი, რომ ყოველთვის ასე გაგრძელდება. მოზრდილობაში ასეთ ბავშვებს ძლიან უჭირთ რეალობასთან შეგუება. ამიტომ, როგორც წესი, ან მუდმივად მშობლების კისერზე სხედან, ან რომელიმე სხვა ოჯახის წევრის.
5. საზოგადოებაში საშინლად იქცევა
მათ არავის ხათრი არ აქვთ. განებივრებული ბავშვები საშინლად იქცევიან არა მარტო სახლში, სტუმრადაც. თუ რაიმე ამოიჩემეს, მაშინვე სცენებს მართავენ - უცხო ადამიანების არ ერიდებიან.
თუ ეს ნიშნები აშკარად გეცნოთ, ზომების მიღება საჭიროცაა და აუცილებელიც. არავითარი ყვირილი, მიტყეპვა და დასჯა - ამის "წამალი" მოთხოვნების თანმიმდევრულობა, მოთმინება და სიყვარულია.