"მე ჩემს ვალდებულებას ვასრულებ და ყოველდღე, დილა-საღამოს ვლოცულობ ჩემი 17 ნათლულისთვის..." ნათლისღება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია იმ 12 დღესასწაულს შორის, რომელთაც მართლმადიდებლური სამყარო გამორჩეულად აღნიშნავს. ჩვენს რესპონდენტს, ქალბატონ თამრიკო ჭოხონელიძეს, 17 ნათლული ჰყავს, თავად 18 იანვარსაა დაბადებული, 19 იანვარს კი 4 წლის ასაკში გაქრისტიანდა... მისთვის ეს დღე გამორჩეულად საყვარელია.
- მამაჩემმა საკმაოდ პატარა ასაკში, ნათლისღების შესახებ ინფორმაცია ძალიან საინტერესოდ მომაწოდა, ზღაპარივით მიყვებოდა ამ ამბავს და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ოთხი წლის ვიყავი, როცა მოვინათლე, სხვათა შორის, სწორედ ნათლისღების დღეს მოხდა ჩემი გაქრისტიანება, მამამ კი წინა დღით ყველაფერში გამათვითცნობიერა, მთელი ეს მოვლენა დეტალურად ამიხსნა და ისე გავიაზრე ეს ყველაფერი, რომ ტაძრიდან სულ სხვანაირი ემოციით გამოვედი. მას შემდეგ ჩემი ნათლიები მშობლების შემდეგ ერთ-ერთი პირველი ადამიანები არიან ჩემთვის. ნათლისღებას ტრადიციულად აუცილებლად მივდიოდი მათთან, მაგრამ მას შემდეგ, რაც დავოჯახდი, ხანდახან მერღვევა ეს ტრადიცია. არის შეთხვევები, როცა ჩემი ნათლულები ასწრებენ ჩემთან მოსვლას და მე როგორც ნათლია ვარ მასპინძლის როლში, რაც ასევე ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის.
მოგეხსენებათ, 18 იანვარს წყალი იკურთხება და როცა ეს აიაზმის წყალი შემოდის სახლში, კიდევ უფრო სხვა, ძლიერი განწყობა მაქვს. წელს ელენეს წაყვანას ვაპირებ ეკლესიაში, რომ დაესწროს ამ ყველაფერს. მარიამი ჯერ პატარაა ამისთვის, ელენე კი გავათვითცნობიერეთ უკვე. გარდა ამისა, გაგიმხელთ რომ 18 იანვარს არის ჩემი დაბადების დღე, მძიმე მარხვაში ვარ დაბადებული. კომუნისტების დროს ვერ მოთხოვდი ბაბუას, რომლისთვისაც პირველი შვილიშვილი ვიყავი, რომ დაბადების დღე არ გადაეხადა, გამორჩეული ზეიმი იყო ხოლმე ამ დღეს ჩემს სახლში და მეც ასე ვიყავი მიჩვეული, მაგრამ ახლა უკვე სხვაგვარად ვარ განწყობილი. რა თქმა უნდა, მირჩევნია, რომ დაბადების დღეც და ნათლისღების დიდი დღესასწაულიც ერთად აღვნიშნო 19 იანვარს.
- რამდენი ნათლული გყავთ?
- 17. ლოცვას ნათლულთათვის ყოველდღე, დილა-საღამოს ვკითხულობ და ჩვიდმეტივეს ვიხსენიებ, ამით მე მათ სიახლოვეს ყოველდღიურად ვგრძნობ. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა პასუხისმგებლობა და ამავდროულად დანაშაულის გრძნობა მაქვს. ძალიან მინდა, ვიყო კარგი ნათლია, თუნდაც ზიარებაზე დამყავდეს ჩემი ნათლულები, რასაც ნაწილობრივ ვაკეთებ, მაგრამ ისეთი ცხოვრება დადგა, როგორც მე მინდა, ამას ისე ვერ ვახერხებ და ძალიან მწყდება გული. უფრო დიდი მადლია, როცა ნათლია შეიყვანს ტაძარში და ნათლია აზიარებს, მაგრამ სისტემატურად ამას ვერ ვახერხებ, სამწუხაროდ. ყოველ კვირა საკუთარი შვილიშვილებიც ვერ მიმყავს ტაძარში, იმდენად დატვირთული გრაფიკით ვცხოვრობ, მაგრამ ყოველდღიურად რომ ლოცვებში ვიხსენიებ, მგონია, რომ ამით მაინც ვუკეთებ ჩემს ნათლულებს რაღაცას. ჩემი შვილებისთვისაც ნათლიები არიან გამორჩეულად ძვირფასი ადამიანები, დიდ პატივს სცემენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის სამაგალითო ნათლია იყო, ჩემი უახლოესი მეგობარი ქეთი ფირცხალავა, ჩვენ სამი წლიდან ერთად მოვდიოდით. ის მარიამის ნათლია გახლდათ... სამწუხაროდ, ორი წელია ჩვენთან აღარ არის. მარიამი ყოველთვის ამბობდა ხოლმე, თილისმასავით მყავს, როცა ქეთი ჩემთანაა, ვიცი, გამიმართლებს ყველაფერშიო... ქეთი ჩვენთვის დიდი დანაკლისია. სხვათა შორის, ქეთიმ ერთხელ ნათლულებთან მიმართებაში ისეთი რამ გააკეთა, რაც ჩემთვის დღემდე სამაგალითოა. ერთ დღეს დარეკა და გვითხრა, ამა და ამ დღეს, ამა და ამ საათზე, მარიამი მამა დავითის ტაძარში მოვიდესო - მას იქ ჰყავდა მოძღვარი. მარიამმა გადადო ყველაფერი და მივიდა. თურმე, ქეთიმ იმ დღეს, ტაძარში შეკრიბა ყველა თავისი ნათლული, გადაიხადა ჯანმრთელობის პარაკლისი მათთვის, შემდეგ ნათლულები წამოიყვანა სახლში და ვინც ერთმანეთს არ იცნობდა, გააცნო. მაშინ მასთან სახლში მეც ვიყავი და ვგრძნობდი იმ საოცარ ენერგეტიკას, რაც იქ ტრიალებდა, ვუყურებდი, როგორ ცდილობდა, ერთმანეთი მოეწონებინა ნათლულებისთვის, უყვებოდა ერთი-მეორის წარმატებებს, უნდოდა, რომ მათ ქეთის გარეშეც ეამაყათ ერთმანეთით და არ ყოფილიყვნენ უცხოები. სულ მინდა, რომ ქეთის მივბაძო, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოვახერხე. იმედია, ერთ დღეს მეც გავაკეთებ ამას.
- ანუ არ იცნობენ თქვენი ნათლულები ერთმანეთს...
- ზოგიერთი მათგანი იცნობს, მაგრამ ყველა არა... ნამდვილად ვიცი, რომ ჩემი სამი ნათლული ნათლისღების დღეს აუცილებლად მოვა, ერთ-ერთი დათუნა სირბილაძეა, მეორე - ნინი ბადურაშვილი და მესამე – ბარბარე ინწკირველი. დანარჩენებიც შეიძლება მესტუმრონ, მაგრამ ეს სამი ვიცი, რომ აუცილებლად მოვა და მეც ვარ მოლოდინში.
- კიდევ თუ არის თქვენს 17 ნათლულს შორის საზოგადეობისთვის ცნობილი პიროვნება?
- თითქმის ყველამ იცის, რომ ბერაც ჩემი ნათლულია, მაგრამ სამწუხაროდ, დაკარგული აქვს ჩემთან კონტაქტი. მე დიდი იმედი, რომ ერთ დღეს, 19 იანვარს ბერაც გამოჩნდება ჩემთან, როგორც ნათლიასთან. დიდი მადლი აკლდება ადამიანს, როცა ეს ფენომენი კარგად არ აქვს გაცნობიერებული. მე ყოველთვის ვიხსენიებ მას ლოცვაში და ასე მგონია, ჩემგან შორს არ წასულა, ძალიან პატარა იყო, როცა მოვნათლე და ძალიან საყვარელი. ახლა შორიდან ვუყურებ და ვგულშემატკივრობ ხოლმე.
- უფრო აქტიური კონტაქტი გქონდათ, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა?
- იცით რა? უკვე დიდი ხანია ჩვენ ეს წყვეტა გვაქვს. მგონია, რომ ვაკუუმში ექცევა ბერაც და ოჯახიც, "კეთილისმსურველები" ბევრი არიან, სამწუხაროდ, რომლებიც "კარგად" გვახასიათებენ და "ზრუნავენ" იმ ურთიერთობის გაღრმავებაზე, რაც დღეს გვაქვს. თუმცა, მარტო ჩემთან მიმართებაში არ ხდება ეს, ბევრი კითხულობს, თუ რატომ გაწყდა კავშირი. მე ჩემი მხრიდან ჩემს ვალდებულებას შეძლებისდაგვარად ვასრულებ და დანარჩენი უკვე მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული.
ციცი ომანიძე