"არც ერთი სამსახური ისეთი რთული არაა, როგორც ბავშვის გაზრდა" ნინო ჯოხაძე სუხიშვილების მოცეკვავე გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პატარა, 2 წლის და 9 თვის შვილი ჰყავს, კარიერული თვალსაზრისით ძალიან აქტიურია. უჭირს გასტროლების დროს ბავშვთან განშორება, იმასაც კი ამბობს, არ ვარ კარგი დედა, რადგან შვილთან იმდენ დროს ვერ ვატარებ, რამდენიც საჭიროაო, მაგრამ ცეკვის სიყვარული და შრომით დღემდე მოტანილი კარიერა, მისატოვებლად არ ეთმობა. რთული დილემის წინაშე დგას, თუმცა დამხმარეების წყალობით, დედობასა და მოცეკვავეობას ერთმანეთს უთავსებს.
- ბავშვი 26 წლის ასაკში გავაჩინე. შემიძლია გითხრათ, რომ მზად ვიყავი დედობისთვის, ასაკიც მიწყობდა ამაში ხელს და პასუხისმგებლობაც გათვითცნობიერბული მქონდა.
- რამდენად პრეტენზიული ორსულ იყავით?
- ტოქსიკოზი მქონდა ერთი კვირა, მაგრამ როგორც კი ბაკურიანში წავედი, ეტყობა ჟანგბადმა იმოქმედა და ყველაფერმა გადამიარა, კარგად ვგრძნობდი თავს.
ორსულს ერთხელ მომიწია ცეკვამ კონცერტზე, ასა ვიცეკვეთ არტგენზე, ყველა ნერვიულობდა და მგულშემატკივრობდა, მაგრამ ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა. საერთოდ, ჩევნი მოცეკვავეები დიდხანს ცეკვავენ ხოლმე ფეხმძიმობისას, მაგრამ მე მალევე მომიწია დეკრეტში გასვლამ, თან ზაფხული დაემთხვა და მალე შევწყვიტე მუშაობა. პირველი ბავშვი იყო და ყველაფერზე ვნერვიულობდი, ამიტომ დასვენება ვარჩიე. ჩვენი გოგოები ცეკვავენ ხოლმე ორსულობისას, მერე მეც გავიგე, რომ საშიში არ ყოფილა. ბავშვის მოლოდინის პერიოდში დავდიოდი ორსულების ვარჯიშზე და ლექციებზე, თურმე ისეთი მოძრაობები შეიძლება აკეთოს ორსულმა, რასაც ვერ წარმოიდგენთ, მე კიდევ მეგონა, რომ ეგ ცუდი იქნებოდა ბავშვისთვის. ფეხმძიმობისას ამ ვარჯიშებით თითქმის ისევე ვიყავი დატვირთული ფიზიკურად, როგორც ცეკვის დროს, უბრალოდ ორსულთათვის სწორ ვარჯიშებს ვაკეთებდი.
ასევე ლექციებს გვიკითხავედნენ ფსიქოლოგია-პედიატრიაში. ორსულს გამზადებენ ყველა შემდეგი ეტაპისთვის, როგორ უნდა მოიქცე, როგორ უნდა მოუარო მუცლადმყოფ პატარას, როგორ შეხვდე ახალშობილს, როგორ მოუარო ბავშვს და საკუთარ თავს მშობიარობის შემდეგ. ეს ყველაფერი მერე და მერე მართლა ძალიან დამეხმარა. ორსულობის პერიოდში კი კარგი იყო ისიც, რომ დაკავებული ვიყავი, ჩვენ იმდენად აქტიური ცხოვრება გვაქვს, უცებ გაჩერება ადვილი არაა, ეს ლექციები და ვარჯიშები კი გარდა სამზადისისა, დამეხმარა ერთფეროვნების თავიდან აცილებაში.
- მართალია, თეორიულად მომზადებული ყოფილხართ ბავშვის აღზრდისთვის, მაგრამ რამდენად დაგეხმარათ ეს ყველაფერი პრაქტიკაში?
- რასაკვირველია, იქონია მოსმენილმა ჩემზე გავლენა, მაგრამ მე დედა მეხმარებოდა და დღემდე მეხმარება ბავშვის გაზრდაში. იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკურად ვერ ვახერხებ ბავშვთან იმდენ ხანს ყოფნას, რამდენიც საჭიროა, ვთვლი, რომ კარგი დედა არ ვარ. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ძალიან დაკავებული ვარ, სულ კონცერტები, სულ გასტროლები. და ბავშვს ძალიან იშვიათად ვნახულობ. უსაყვარელსი ძიძა, ნატალია და დედიკო რომ არ მყავდნენ, არ ვიცი, რა მეშველებოდა.
- ძიძის შერჩევა ძალიან რთულია, თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა ეს?
- ძიძა რჩევით მივიღეთ. მერე და მერე რომ გავიცანით კარგად, ჩვენი ოჯახის წევრი გახდა, ნატალიას გარეშე ყოფნა ვერ წარმომიდგენია. მასში ძალიან გამიმართლა, მადლობელი ვარ, ეს ადამიანი რომ შეგვხვდა.
- მშობიარობიდან რამდენ ხანში დაუბრუნდით ცეკვას?
- 5 თვის გაჩენილი მყავდა ლუკა, როცა დავუბრუნდი აქტიურ ცხოვრებას. ბავშვი 8 თვის იყო, პირველად გასტროლზე რომ წავედი და ძალიან გამიჭირდა, ეს იყო ურთულესი დღეები. მართალია, ერთი კვირით ვიყავი წასული, მაგრამ არ დამავიწყდება, რას განვიცდიდი. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, მერე ეჩვევი ადამიანი ამ ყველაფერს. თავიდან გოგოები რომ მეუბნებოდნენ, პირველად ჭირს, თორემ ნელ-ნელა ყველაფერს შეეჩვევიო, ვერ ვითავისებდი, მაგრამ მართლა ასე ყოფილა.
- თვითონ ბავშვი განიცდის იმას, რომ დედა დაკავებულია და ვერ ახერხებს დიდი დოზით მასთან ყოფნას?
- პატარაა და იმდენად არ განიცდის, რომ მივდივარ გასტროლზე არ ტირის და არ ითხოვს დედას, რაც გარკვეულწილად მეხმარება. მაგრამ მონატრებას, რა თქმა უნდა, გამოხატავს. რომ მხედავს, სიხარულისგან კანკალებს. თამაშის დროს ამბობს, რომ სათამაშოები ტირიან. რატომ ტირიან-მეთქი, რომ ვეკითხები, დედიკო არ არის და იმიტომო. ეს ყველაფერი ხომ მოქმედებს ჩემზე... როცა ვუხსნი, დედიკო, სამსახურში უნდა წავიდე-მეთქი, კარგი, მე დაგელოდებიო, მეუბნება და მე ამაზე კიდევ უფრო ვგიჟდები.
- რადგან ასე განიცდით იმას, რომ ბავშვთან არ ხართ, ხომ არ გიფიქრიათ იმაზე, რომ ცოტა ხნით თავი დაგენებებინათ ცეკვისთვის და გაჩერებულიყავით?
- ჩვენ იცით, როგორი პროფესია გვაქვს? ცოტა ხანი გაჩერება არ გამოდის, მაშინ საერთოდ უნდა წამოხვიდე. ჩვენი საქმე ხანმოკლეა, ისედაც ვეღარ ვიცეკვებ დიდხანს. თუმცა, ვფიქრობდი რაღაც ეტაპზე იმაზეც, რომ თავი დამენებებინა, მაგრამ ძალიან რთულია ერთი ხელის მოსმით დაანგრიო ის, რაც წლების განმავლობაში გიშენებია. ერთი ხელის მოსმით ჩაყარო წყალში ის დაუღალავი შრომა, რაც დღევანდელ დღემდე მოსვლაში დაგეხმარა. თან ყველა ხომ ვერ აღწევს საწადელს? არიან ადამიანები, მთელი ცხოვრება წვალობენ თუნდაც ჩვენს პროფესიაში, მაგრამ ვერაფერი გაუკეთებიათ. პირადად მეც ვარ მომსწრე, იმისი რომ მოსულან და წასულან ისე, თავისი სათქმელი ვერ უთქვამთ.
შვილი უმთავრესია, მაგრამ ადამიანისთვის პროფესიის ქონა და კარიერაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვინც სახლშია და მთელ დროს შვილებს უთმობს, ისიც უბედნიერესია, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ოჯახის გარდა ქალმა კიდევ უნდა აკეთოს რაღაც, იმისთვის, რომ პიროვნებად შედგეს. ოჯახი და ბაშვი, კიდევ ვიმეორებ უმთავრესია, მაგრამ პროფესიაც აუცილებელია. ჩვენ, მძიმე პროფესია გვაქვს იმ მხრივ, რომ გვიწევს გასტროლებზე სიარული, მაგრამ ყველა საქმე ასე რთული ხომ არ არის?! ჩემი ძირითადი პრობლემა გასტროლებია, თორემ როცა აქ ვართ, 12-ზე გვეწყება რეპატიცია და 4-ზე გვიმთავრდება. მიუხედავად სირთულისა, გენანება ამდენი შრომის წყალში ჩაყრა. თან, თავს ვიმშვიდებ, რომ ხანმოკლე პროფესია მაქვს. თუმცა, ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ხალხს, ვინც სახლშია და ბავშვებს უვლის. მიმაჩნია, რომ შვილის გაზრდა ყველაზე დიდი და ყველაზე რთული სამსახურია. არც ერთი სამსახური ისეთი რთული არაა, როგორც ბავშვის გაზრდა. ორი ქალი ხომ მეხმარება, პლუს მე და მაინც ვამბობ, რომ რთულია შვილის გაზრდა. დედაჩემმა როგორ გაგვზარდა ჩვენ, არ ვიცი. მაშინ ძიძის ინსტიტუტი არ იყო ასე განვითარებული, კი ეხმარებოდნენ ოჯახის წევრები, მაგრამ ძირითადად თვითონ გაგვზარდა. დღესაც ხომ არიან გოგონები, ვინც მარტო ზრდიდან? მესმის მათი და უდიდეს პატივს ვცემ.
ციცი ომანიძე