"შენ, ვინც დგახარ პარკში, იყურები ტელეფონში და არ აქცევ ყურადღებას შენს შვილებს, - მოგესალმები" ავსტრალიელმა მხატვარმა, ორი შვილის დედამ და ბლოგერმა კონსტანს ჰოლიმ თავის ფეისბუქ-გვერდზე რამდენიმე გულწრფელი პოსტი გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო დედა.
მისმა ერთ ერთმა პოსტმა დღე-ღამეში 185 ათასი „ლაიქი“ და 80 ათასი გაზიარება დააგროვა. ჰოლიმ დაწერა ყველაფერი, რასაც ფიქრობდა მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე და ე.წ. „კარგ დედებზე“:
«შენ, ვინც დგახარ პარკში, იყურები ტელეფონში და არ აქცევ ყურადღებას შენს შვილებს, - მოგესალმები. შენ, ვინც მიდიხარ მეგობრებთან ერთად კაფეში ყავის დასალევად, სახლში სავსე გაქვს ნიჟარა დასარეცხი ჭურჭლით - მოგესალმები შენ! იყო კარგი დედა, მეუღლე, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება სამზარეულოში გაატარო... შენ, ვინც ახლა დგახარ ექიმის მისაღებში და ელოდები, როდის გამოგიწერს ექიმი ანტიდეპრესანტებს - მოგესალმები! ეს ნიშნავს იმას, რომ შენ არ ნებდები.
მშობიარობის შემდგომი დეპრესია - ეს ისეთი საშინელებაა, რომ ან ის მოგერევა, ან შენ მოერევი მას. ხშირად ძალა ეშლებათ სისუსტეში. ძლიერებსაც სჭირდებათ თანადგომა. შენ ისეთი ძლიერი ხარ, ყველაფერს შეძლებ“.
„თუ არ ცდილობ გახდომას მშობიარობის შემდეგ - მოგესალმები შენ! შენ გაქვს ახალი 24- საათიანი სამუშაო დღე-ღამეში, რომელიც არ ანაზღაურდება უახლოესი 20 წლის მანძილზე. ეს კარგი მიზეზია იმისთვის, რომ შეჭამო ფუნთუშა. ჭამე და გააგზავნე ყველა შორს, ვინც გაგიბედავს რამის თქმას. შენი სხეული დახურულია კომენტარებისთვის. ...“
კონსტანსის პოსტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. „როგორც 8 შვილის დედა, ვერც კი გადმოგცემთ, როგორი შვება ვიგრძენი ამ სტროფების კითხვისას... გამოდის, რომ მე არ ვარ მოსიარულე წარუმატებლობა“, - წერს ერთ- ერთი ქალბატონი.
„ვკითხულობდი და ცრემლად ვიღვრებოდი, თან ვუყურებდი ნიჟარაში დაგროვილ გასარეცხ ჭურჭელს“, - წერს მეორე.
კონსტანსმა გააგრძელა და უკვე ჩვეულ საქმიანობად ექცა მართალი პოსტების დადება იმაზე, რზეც ბევრი არ ლაპარაკობს და რასაც არ ასაჯაროებენ, თუმცა ნამდვილად ბევრის ყოველდღიურობაა. ის ამბობს, რომ სულაც არ ღელავს იმაზე, თუ თავად ან თავისი შვილები ულამაზოები, დაუვარცხნელები გამოჩნდებიან რომელიმე ფოტოზე, ან თუ მისი მშობიარობის შემდეგ მოშვებული, სტრიებიანი მუცელი სხვებისთვისაც გახდება ცნობილი. ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა, სწორედ ესაა ცხოვრება და არა გლამურული გარეკანები, დაწყობილ-დავარცხნილ-დაფოტოშოპებული ფოტოებით. სწორედ ამ გულწრფელობის გამო გაუჩნდა მას და მის ბლოგს უამრავი თაყვანისმცემელი.
მორიგი პოსტი ეხებოდა დედის სხეულს, რომლის გარშემო, როგორც წესი, ყოველთვის არსებობს შეფასებები: ძალიან გამხდარია, მსუქანია, დაკუნთულია, მოშვებული სხეული აქვს და ა.შ. "გიყვარდეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ, როგორც გინდოდათ, ჰყვარებოდა თავისი თავი თქვენს გოგონას, მეგობარს, ნათესავს...“
კონსტანსმა მოუწოდა თავის 204 ათას „ფეისბუქ მეგობარს“, გამოექვეყნებინათ თავიანთი სხეულის გულწრფელი ფოტოები საცვლებში და ბავშვით ხელში. „დაე ამ ფოტოსთვის საზოგადოებამ იქილიკოს თქვენი სიგამხდრის, სიმსუქნის ან სიბერის გამო, ან იქნებ იმისთვის, რომ ბევრი ბავშვი გყავთ... მოკლედ, ნებისმიერ მიზეზზე, რის გამოც შეიძლება, რომ არ გიყვარდეთ საკუთარი სხეული... სურათს დაურთეთ #likeaqueen (როგორც დედოფალი) და ყველამ ერთად დავლიოთ შამპანური ჩვენი დედოფლური ვიბრაციებისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვიმსახურებთ“.
მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში პოსტმა 6 ათასამდე „მოწონება“ და 400 „გაზიარება“ დაიმსახურა. მართლაც ბევრმა გამოგზავნა თავისი ფოტოები, აი, ერთი-ორი ფოტო:
„კარგია, რომ არ დაგავიწყდათ გამხდრები. ვერ ვიტან სიგამხდრეს, მინდა წონაში მომატება, მაგრამ არ გამომდის“, - წერს ერთ-ერთი დედა კომენტარებში.
„ვამაყობ ჩემი ორსულის სხეულით! ამჟამად მესამეს ველოდები", - ამბობს მეორე.
მას მოჰყვა უამრავი მსგავსი კომენტარი.
რას იტყვით, დედებო, ავყვეთ ამ წამოწყებას? #likeaqueen