იცით რომელია ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სამზარეულოში? არ დაიჯერებთ კულინარია კრისტალურად სუფთა საქმიანობა ნამდვილად არ არის. ყოველთვის, როცა უმ ხორცს ცელოფნიდან ამოიღებთ, თქვენ სამზარეულოში მილიონობით ბაქტერიას უხსნით გზას. კვლევებმა დაასტურა, რომ დიასახლისები ნაკლებად ფიქრობენ, თუ რამდენი მიკრობი ხვდება მზა კერძებშიც.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის სააგენტომ ექსპერიმენტი ჩაატარა. 123 დიასახლისი საკვების მომზადების პროცესში ვიდეოკამერით გადაიღეს. მათ უნდა დაემზადებინათ ერთი ხორციანი და ერთიც ხილის ან ბოსტნეულის კერძი.
მოგვიანებით კერძების შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ სალათების 90% მომზადების პროცესშივე დაბინძურდა მიკრობებით. ასევე ბინძური იყო სამზარეულოს პირსახოცების 90%, რომელზეც დიასხლისები მომზადებისას ხელებს იმშრალებდნენ. მეტიც, სამზარეულოში მიკრო-ბიოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე ბინძური სწორედ სამზარეულოს ტილო იყო.
საქმე ისაა, რომ ხშირად საკვების მომზადებისას მექანიკურად ვიმშრალებთ გადაუბანელ ხელებს ჩაის ტილოზე. ასე გადაგვაქვს ბაქტერიები ერთი პროდუქტიდან მეორეზე.
როგორ მოვიქცეთ?
სამზარეულოში ჩაის ტილო ან პირსახოცი ყოველდღე შეცვალეთ. ხოლო თუ ყოველდღე არ ამზადებთ საკვებს, შეცვლა მხოლოდ მომზადების წინ მოგიწევთ. ალბათ არ იცით, რომ ღამით პირსახოცზე ბაქტერიების რაოდენობა მრავლდება. ამის შეჩერება შეგიძლიათ, რომ ნახმარ პირსახოცს სამზარეულოში არ დატოვებთ და დროულად გარეცხავთ.
მომზადების დროს ხელების საწმენდად უფრო ხშირად ქაღალდის ხელსახოცები გამოიყენეთ.
სამზარეულოს მაგიდაზე ნუ დადებთ მობილურ ტელეფონს, რადგან არაერთმა ტესტმა დაადასტურა, რომ უნიტაზზე ნაკლებად არ არის ბაქტერიებით დაბინძურებული. თუ ტელეფონი სამზარეულოში აუცილებლად გჭირდებათ, მანამდე სპირტიანი ხელსახოცით გაწმინდეთ.
და ბოლოს - სამზარეულოში ერთი დასაჭრელი დაფა გაქვთ? ძალიან ცუდი. სხვადასხვა პროდუქტების ერთ დაფაზე დაჭრა მიზანშეწონილი არ არის. ხორცის, თევზის, ხილის და ბოსტნეულის დასაჭრელად 4 სხვადასხვა დაფა გჭირდებათ.