რა არის ჯვრის აყრა და როგორ უყურებს ეკლესია მეორედ დაქორწინებას ეკლესიაში არსებული 7 საიდუმლოთაგან ჯვრისწერის საიდუმლო ერთ-ერთია, რომელსაც მორწმუნეთათვის განსაკუთრებული მადლი და მნიშვნელობა აქვს, თუმცა როგორც Ambebi.ge-ს ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა უთხრა, დღეს ბევრი წყვილი ჯვარს გაუაზრებლად იწერს და ოჯახების დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის.
- რამდენად გაცნობიერებული აქვთ დღეს წყვილებს ჯვრისწერის მნიშვნელობა?
- როცა ნეფე-პატარძალი თავზე გვირგვინს იდგამს, ეს მათთვის მნიშვნელოვანი მომენტია, თუმცა დღეს სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჯვრისწერა სიმბოლურად სრულდება. წარმოდგენა არ აქვს არც სიძეს და არც პატარძალს, რა ხდება ამ დროს, არც სასულიერო პირს უსმენენ. ძირითადად ხმაურში, ფოტო და ვიდეო გადაღებაში აღესრულება ეს წმინდა საიდუმლო და შემდგომში, როცა ე.წ. თაფლობის თვე გადის, მერე აღმოჩნდება, რომ მათ სიმბოლურად დაიწერეს ჯვარი და სულაც არ იციან, რა მოვალეობები აკისრია ცოლ-ქმარს ერთმანეთის მიმართ და უკვე შემდგომში მოდიან ეკლესიაში და მერე იწყებენ შემეცნებას, თუ რას ნიშნავს ქორწინება და რა საიდუმლოს გულისხმობს იგი. ყველა მამაკაცი ოჯახში თავი უნდა იყოს და როცა შენ გინდა ნეფე ანუ მეფე იყო, მაშინ ბუნებრივია, რომ შენი მეუღლე დედოფლად აქციო.
ყველაფერი მამაკაცისგან იწყება. მამაკაცი თუ ღირსეულად მოიქცევა, იმეფებს საკუთარ თავზე, ანუ თავისუფალი იქნება და ოჯახის საქმეებს გონივრულად განკარგავს, ბუნებრივია, მისი მეუღლეც სიყვარულით, კდემამოსილებით აღივსება და მისი ერთგული იქნება. ოღონდ აქ არ უნდა იყოს ერთპიროვნული ლიდერობა, უნდა იყოს ბჭობა, გარკვეული საკითხის ერთდროული გადაწყვეტა. ის, რომ მამაკაცი ვარ, ყველაფერი სწორად მესმის და შენ ვინ გეკითხება ან მარტო მე ვიციო, ასე არ შეიძლება, მათ ერთად უნდა იმსჯელონ. ეკლესიური აზროვნება არის კრებითი აზროვნება, როცა ერთად იღებენ გადაწყვეტილებას. შეიძლება მამაკაცზე კარგი აზრი ხანდახან დედაკაცს მოუვიდეს და ეს არ ნიშნავს, რომ რადგან ქალია, მას ცუდი აზრი ებადება და ნაკლებად მოაზროვნე ქმნილებაა. ის არაფრით არ არის დამცირებული მამაკაცზე, უბრალოდ რადგან ეშმაკმა აცდუნა ქალი და მოხდა ცოდვის გაცემა, აქედან გამომდინარე, ქალს ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის დამცირებული პიროვნებაა.
კაცობრიობის გამოხსნა და მხსნელის მობრძანება მოხდა ქალწულ მარიამისაგან. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ზეციურ იერარქიაში წმინდა სამების შემდეგ ყველაზე აღმატებული ქმნილება არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. საქართველოში წმინდა ნინომ იქადაგა, ყველაზე ძლიერი საქართველო და აყვავებული ქრისტიანობა თამარ მეფის დროს იყო და ყველაზე ახოვანებით ჭეშმარიტი სარწმუნოება ქეთევან დედოფალმა დაიცვა, ასე რომ, მამაკაცებს ვთხოვ, ნურაფრით ნუ დაამცირებენ დედაკაცებს და ჩვენი ოჯახები იყოს ისეთი, როგორც უფალს უნდა.
- რას ნიშნავს ჯვრის აყრა?
- ჯვრის აყრა, როგორც ასეთი, არ არსებობს, მაგრამ ეკლესიამ გამოიჩინა იკონომია, ანუ გარკვეული შეღავათი, რადგან ადამიანი რთული არსებაა. ეკლესია ითვალისწინებს სოციალურ მდგომაროებას, იმ საუკუნეს, იმ ყოფა-ცხოვრებას და გარკვეულ შეღავათებს უშვებს ოღონდ არა დოგმატებში, არამედ გარკვეულ კანონებში გარკვეული ცვლილება შეიტანა და ერთ-ერთი ის არის, რომ რადგან შენ ამ ადამიანთან ცხოვრება არ გინდა და ოჯახი დაინგრა, მაშინ მღვდელმთავარი, კერძოდ კი ქორეპისკოპოსი წყვილს მიტევების ლოცვას უკითხავს, ამას დღეს ჯვრის აყრას ეძახიან. მაგრამ ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ჯვრის აყრა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ადამიანი გარდაიცვლება. თუ ადამიანს მეორე ადამიანთან ჯვარი აქვს დაწერილი, ის მთელი ცხოვრება ჯვარდაწერილი იქნება მასთან, ეკლესია მეორე ქორწინებას მხოლოდ იმიტომ უშვებს, რომ მრუშობას და სიძვას არ ჰქონდეს ადგილი.
- მეორე ქორწინებას როგორ უყურებს ეკლესია?
- მეორე ქორწინებაც კანონიერია, მაგრამ ის ადამიანი ჯვარწერილად მაინც პირველ მეუღლესთან ითვლება, მეორე ქორწინება გვირგვინების გარეშე აღესრულებოდა და მინდა გვირგვინების დადგმასაც შევეხო. გვირგვინის დადგმა ნიშნავს ცოდვაზე გამარჯვებას, როცა ნეფე-პატარძალს გვირგვინს ადგამენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა სიძვისა და მრუშობის ნაცვლად, ოჯახი შექმნეს და ამით დაამარცხეს ვნება. ოჯახის შექმნის პირველი მიზანი არ არის შვილების გაჩენა, ვინმეს არ ეგონოს, რომ მე ამის წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ, პირველ რიგში ოჯახი იქმნება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კაცმა და ქალმა მოპირდაპირე სქესთან ვნება დაიკმაყოფილოს, აღარ იმრუშოს და სიძვაში არ ჩავარდეს, ანუ მათ პირველ რიში ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, რომ ვნება დაამარცხონ საკუთარ თავში, რა თქმა უნდა, შემდგომში ღვთის კურთხევაა ასეთი, რომ გამრავლდით და ინაყოფიერეთ ქვეყანასა ზედა. იხილეთ სრულად