განათლების ახალი მინისტრის გულახდილი ინტერვიუ ეს ინტერვიუა განათლების ახალ მინისტრთან, ორი წლის წინ არის ჩაწერილი. მაშინ ის უბრალოდ ბევრისთვის სამაგალითო და საინტერესო, ინტელექტუალური და კარგად მოაზროვნე ადამიანი იყო, ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობებისა და პერსპექტივების, საქმის მართვას ასწავლიდა...
"ამქვეყნად ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და სასარგებლო რამ, ალბათ საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობაა. ადამიანს უსმენ და ხვდები, რომ მისგან ისეთ აზრს მოისმენ, რომელიც არასოდეს გაგიგია. ეს აზრი კი ნამდვილად არ იქნება უსაფუძვლო, რადგან იცი, რომ მის უკან გამოცდილება, განათელბა, ინტელექტი იმალება… ყოველთვის ცდილობ საინტერესო ადამინთან საუბრისას მისი ნათქვამი ყოველი სიტყვა „დაიჭირო,“ გაიაზრო და შენთიისვე სასარგებლოდ გამოიყენო. ერთ-ერთი გზა ჩვენი განვითარებისა, სწორედ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობაა. სწორედ მათთან შეხვედრის შემდეგ ვიწყებთ განსხვავებულად ფიქრს, ვუყურებთ საგნებსა და მოვლენებს ისე, როგორც მანამდე არასოდეს შეგვიხედავს. მუდამ მაკვირვებს ასეთი ადამიანების აზრებისა და შეხედულებების სიღრმავე. მე ბედნიერ ვარ, რომ ჩემს არც თუ ისე ხანგრძლივ ცხოვრებაში, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება მქონდა, მაქვს და კიდევ მექნება. მათთან ურთიერთობის შემდეგ ძალიან ბევრი რამ მისწავლია და გამომისწორებია. „თბილისი თაიმსი“ ამჯერად სწორედ ერთ-ერთი ასეთ ადამიანს – ალექსანდრე ჯეჯელავას ესაუბრა. თქვენ ინტერვიუდან გარდა მისი ბიოგრაფიული მონაცემებისა, გაიგებთ მის მოსაზრებას სხვადასხვა თემაზე, რაც ცხოვრებაში ძალიან გამოგადგებათ.
- მოგვიყევით თქვენი ბიოგრაფია მოკლედ?
– დავიბადე 1973 წელს. ვსწავლობდი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, შემდეგ – კომაროვში, რომელიც 1990 წელს წარჩინების ოქროს მედლით დავამთავრე. იმავე წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დავამთვარე 1995 წელს. 1991 წელს მუშაობა დავიწყე კომპიუტერულ კომპანია „კომპი–ში“, 1993 წელს გადავედი საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც 2000 წლამდე ვიმუშავე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ეროვნული ბანკის შემდეგ „ინტელექტ ბანკში“ ვიმუშავე ორი წელი ჯერ IT-ს უფროსად, შემდეგ გენერალური დირექტორის მოადგილედ. ამ ბანკში პირველად ჩამბარდა მარკეტინგი, PR და კიდევ რამდენიმე სტრატეგიული პროექტი. 2002 წელს შევუერთდი კომპიუტერული კომპანია „UGT“-ს გუნდს ტექნიკური დირექტორის როლში და შემდგომ წლებში რამდენიმეჯერ შევიცვალე საქმიანობის მიმართულება. 2007 წელს გადავწყვიტე, რომ თავისუფალი (freelance) პროექტის მენეჯერობისკენ წავსულიყავი და ერთი დამსაქმებლისთვის აღარ მემუშავა. მქონდა რამოდენიმე პროექტი ყირგიზეთში, სასომხეთში, საქართველოში. ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი პროექტი „თიბისი“ ბანკში იყო. 2008 წელს შემომთავაზეს „თიბისი“ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობამ ჯერ IT მიმართულებით, ხოლო 2010 წლიდან, დამატებით, HR მიმართულებით. 2010 წლის ბოლოს მე და ჩემმა პარტნიორებმა დავაფუძნეთ „მართვის აკადემია,“ რომელიც დღემდე ჩემი ძირითადი სამსახურია.
- გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ. რამდენად დიდი ადგილი უჭირავს მას თქვენს ცხოვრებაში?
– ოჯახს, რა თქმა უნდა, ცენტრალური ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. მინდა დავიწყო ჩემი მშობლებით, რომლებიც პროფესიონალი მასწავლებლები და მკვლევარები იყვნენ. მეც ბევრი ძიების შემდეგ, საბოლოოდ, მასწავლებლად და მკლევარად ჩამოვყალიბდი. ვფიქრობ, რომ ამის ერთ–ერთი მიზეზი მათი გავლენაა. მშობლები ჩემთვის ძალიან საპავტივცემულო და საინტერესო საქმეს ღირსეულად აკეთებდნენ და, ალბათ, ეს ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. ჩემი და – მაია მიქაშავიძე – მასობრივი კომუნიკაციების დოქტორი და პროფესორია. აშშ-ში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და ახლახანს დაბრუნდა საქართველოში. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ორივენი მშობლების კვალს გავყევით.
რაც შეეხება ჩემს საკუთარ ოჯახს, წელს გახდება 22 წელი, რაც მე და ნატო შევუღლდით. ისიც მართვის აკადემიაში მუშაობს. გვყავს ორი გოგონა, 20 და 12 წლის. უფროსი – მაკო თავისუფალ უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლობს. მანაც კომაროვის სკოლა დაამთავრა, ახლა წარმატებულია და მოსწონს, რასაც აკეთებს, ცალკე ცხოვრობს და ჩვენგან დამოუკიდებლად, ძალიან კარგად მიჰყავს თავისი საქმეები. ჩვენი ელენე შარშან გადავიდა კომაროვში და ძალიან კარგად სწავლობს. ვნანობ, რომ საკმარის დროს ვერ ვუთმობ ჩემს შვილებსა და ოჯახს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ცენტრალური, ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში სწორედ ჩემი ოჯახია. მოტივაციას მიმაღლებს ის, რომ მათთვის მე უნდა ვიყო მაგალითი (და ასეთი კარგი ხალხისთვის რთულია უკეთესი მაგალითის ჩვენება). ვფიქრობ მშობლების მთავარი მოვალეობა შვილების აღზრდასთან ერთად, მათთვის კარგი მაგალითის ჩვენებაა. ჩვენ მშობლებსაც არ ჰქონდათ, ხშირად, საკმარისი დრო, მაგრამ პატიოსანი, წესიერი, განვითარებაზე ორიენტირებული ცხოვრების მაგალითი გვიჩვენეს. ძალიან მინდა, რომ ჩემს შვილებიც ასე გვხედავდნენ ჩვენ. განაგრძეთ კითხვა