მშობიარობაზე მამაკაცის დასწრებამ, შესაძლოა, მის ფსიქიკას ზიანი მიაყენოს მშობიარობაზე მამაკაცის დასწრებამ, შესაძლოა, მის ფსიქიკას ზიანი მიაყენოს. ეს დასკვნა, თავის დროზე, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გააკეთეს.
მათი განმარტებით, ბავშვის დაბადების პროცესის ყურება მამაკაცისთვის ბევრად რთული გადასატანია, ვიდრე ქალისთვის მშობიარობა. იმასაც ამტკიცებენ, რომ მშობიარობის პროცესზე მამაკაცის დასწრებამ მის ნერვებსა და გონებაზე შესაძლოა, ისეთივე გავლენა მოახდინოს, როგორც ომში ბრძოლამ...
სიტუაცია სახიფათოა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალს მძიმე მშობიარობა აქვს. ამიტომ, სპეციალისტები ქალბატონებს ურჩევენ, ბავშვი მეუღლის თანდასწრებით არ გააჩინონ და საყვარელ ადამიანს გაუფრთხილდნენ.
თუმცა, როგორც ჩვენში, ასევე უცხოეთში, მშობიარობას მეუღლეების გარკვეული ნაწილი მაინც ესწრება, მათ შორის არაერთი ცნობილი ადამიანი.
გია ჯაჯანიძე
გია ჯაჯანიძე ყველაფერში გამორჩეულია და ალბათ ერთ-ერთი პირველი მამაა, რომელიც საკუთარი ქალიშვილის მშობიარობას დაესწრო.
' "ჩემს შვილს ნაადრევი მშობიარობისას ტყუპი დაეღუპა, ამის მერე ვგრძნობდი, შინაგანად როგორ უჭირდა, ამიტომაც გადავწყვიტე, მის მშობიარობას დავსწრებოდი. როცა ჩემს სიძესთან ერთად მეც გამოვთქვი სურვილი, ექიმმა ხუმრობით გვითხრა: მეზობლებიც ხომ არ გინდათ, რომ მოვიყვანოთ? ბარემ სახლში ემშობიარა, ყველანი ერთად იქნებოდითო. ამის შემდეგ მისია ქალიშვილის მეუღლეს დავუთმე, რომელმაც ნახევარ საათში დატოვა ბლოკი. შემდეგ მე შევედი, სადაც ისეთი ემოციები დამეუფლა, ვერც გადმოვცემ. ახალი სიცოცხლის დაბადება საყურებლად საოცარი რამ ყოფილა. მსგავსი რამ მანამდე არ მინახავს და განმიცდია", - ამბობს გია. როგორც ტელეწამყვანი ამბობს, სამშობიარო ბლოკიდან გამოსულს მთელი სხეული სტკიოდა და ემოციებისგან გაშეშებული იყო. იმ დღიდან მთლიანად შეიცვალა მისი შეხედულება ქალის, დედის, შვილის მიმართ.
ნიკა წულუკიძე
მეუღლის მშობიარობას დაესწრო თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე, საკუთარი თვალით ნახა პირველი შვილის ამქვეყნად მოვლინება.
ბლოკში იმის გამო შევიდა, რომ მეუღლე ძალიან შეეცოდა და მარტო ვერ დატოვა, ამიტომ მშობიარობაზე დასწრების გადაწყვეტლება მიიღო. "მამაკაცებმა ეს უნდა შეძლონ, რადგან იცოდნენ, რა ტანჯვას იტანს ქალი შვილის დაბადებისას, რომ შემდგომ მეუღლეს გული არაფერზე დასწყვიტონ. თან, ძალიან მაგარი გრძნობაა, ამ ყველაფერს რომ უყურებ. თუმცა თეკლამ ყველანაირი პრობლემის გარეშე იმშობიარა", - თქვა ბლოკიდან გამოსულმა ნიკამ.