"სამწუხაროდ, ბოლომდე არ ვიცნობ ჩემს შვილს..." დედა ყველა ბავშვს ერთნაირად სჭირდება, იმის მიუხედავად თუ ვისი შვილია იგი. წარმატებული ადამიანების შვილები ამ მხრივ ცოტა იჩაგრებიან - კარიერისთვის გაღებული ძალისხმევა დედას ან მამას შვილისთვის საკმარის დროს აღარ უტოვებს. მომღერალმა ლელა წურწუმიამ სატელევიზიო არხ "მარაოს" გადაცემა "ანფასში" საკუთარ შვილზეც ისაუბრა. მარიკო მამულაშვილი უკვე თინეიჯერია. კარგად სწავლობს და წარმატებით ითვისებს როორც ჰუმანიტარულ, ასევე ტექნიკურ საგნებს. სწავლობს ინგლისურს, ესპანურსა და რუსულს. დედისგან იცის, რომ ყველაფერში პირველი უნდა იყოს.
"ერთხელ მარიკოს ვუთხარი, უნდა იყო პირველი.... ბუნებით მართლაც ლიდერია, მაგრამ ამავე დროს ძალიან ხათრიანია, სულ ცდილობს, რომ მასიამოვნოს და ეს თვისება მომწონს მასში" - ამბობს ლელა.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მარიკო თურმე სკოლაში არ ამბობდა, რომ ვარსკვლავური წყვილის შვილი იყო. ლელამ ამის მიზეზზეც ისაუბრა:
მარიკო უფროს ძმასთან ერთად
"ჩვენმა პროფესიამ მას მშობლები წაართვა, ამიტომ ეს ტრავმირების შედეგი უფრო მგონია, ვიდრე ბავშვური საიდუმლო. ეს იყო მისი პროტესტი, მისი იგნორი ჩემი საქმიანობის მიმართ. ერთხელ ცეკვის გაკვეთილზე მისვლა მთხოვა. რომ შევედი, რა თქმა უნდა, სხვა ბავშვებმა მიცნეს, მარიკო უკან იდგა და დედა რომ დამიძახა, უნდა გენახათ, რა გაოცება გამოეხატათ ბავშვებს სახეზე. არ იცოდნენ, ჩემი შვილი რომ იყო. ბაღში კახაბერის შვილთან, ლუკასთან ერთად დადიოდა. ერთხელ მანქანით დავინახეთ და ვკითხე, ხომ იცნობ კახუჩელას-თქო. კი, ლუკას მამააო. ანუ მისთვის მხოლოდ ის იყო მნიშვნელოვანი, რომ ლუკას მამა გახლდათ... ძალიან თავისებური ხასიათი აქვს, ჩემსავით მერწყულია, თბილი და კეთილი გოგოა.
ყოფილა მომენტი, როცა მიფიქრია, რომ ყველაფერს მივატოვებდი და მხოლოდ მარიკოს დავუთმობდი დროს... მაგრამ ვერა, ვერა... მთელი ცხოვრება მივუძღვენი ამ პროფესიას, 5 წლიდან ვმღერი. სამწუხაროდ, ბოლომდე არ ვიცნობ ჩემს შვილს. მართალია, ჩემი გენეტიკის მატარებელია და ძალიან ჰგავს ჩემს ბავშვობას, ჩემსავით მასაც ბებია ზრდის, მაგრამ სამწუხაროდ, მე არ მაქვს საკმარისი დრო ჩემი შვილისთვის. შეიძლება ბევრმა გამაკრიტიკოს ამის გამო, მაგრამ ჩემს ტყავში უნდა აღმოჩნდეთ, რომ მიხვდეთ, ეს რა არის. ალბათ დადგება დრო, როცა საყვედურს მეტყვის... შარშან ვიპოვეთ მარიკოს ნახატები, სადაც ბავშვი ტირის. ალბათ, 3-4 წლის იყო როცა ხატავდა. ვკითხე, რატომ ტირის-მეთქი და დედა ენატრებაო..." - ამბობს ლელა.
იხილეთ ასევე : მამულიჩას დედა და უფროსი შვილი