"შევეცდები, ჩვენი დამეგობრება არა მარტო გულსა და ხასიათზე აისახოს, არამედ ცოტა ჯიბემდეც მიაღწიოს..." "ყველას სათითაოდ უნდა მოგიხადოთ ბოდიში ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს", - ასე მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს პედაგოგებს.
განათლების მინისტრი მასწავლებელთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით საქართველოს საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური მიმართულების პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა, რომელსაც 700-მდე მასწავლებელი ესწრებოდა.
ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმართავდა, მომდევნო ერთი საათი კი, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
”გადავწყვიტე, რომ ყველას, სათითაოდ მოგიხადოთ ბოდიში - მე პირადად, ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს. მე ამ წუთას პიროვნება არ ვარ, ეს არის თანამდებობა. ამ სკამს, რომელზეც მე ვზივარ, იმ სკამთან, რომელზეც თქვენ ზიხართ, ეკუთვნის ”დიდი, დიდი, დიდი ბოდიში” და ამ ბოდიშს მე გიხდით. ვაპირებ დაინახოთ, ეს არ არის ერთხელ სათქმელი. სპეციალურად ვცადე, რომ დღეს გაშუქება, პრესა არ ყოფილიყო, რომ ამას ეპატაჟური შესახედაობა არ ჰქონოდა. რისთვის გიხდით ბოდიშს? - ბოდიშს გიხდით, რომ ჩვენ (ჩემნაირებს ვგულისხმობ), მოვახერხეთ მასწავლებლის დისკრედიტაცია. მისი პრესტიჟის დაგდება, მშობლის, ბავშვის, ადმინისტრაციის, ფაქტობრივად ყველას წინაშე”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელსაც მასწავლებლებმა აღნიშნული სიტყვა ტაშით რამდეჯერმე შეაწყვეტინეს.
განათლების მინისტრმა პედაგოგებს პირობა მისცა, რომ ამას ერთად გამოასწორებს. მისივე თქმით, აპირებს და 2-3 წელიწადში ერთობლივი ძალისხმევით, ”მასწავლებლის სახელი უნდა ქუხდეს ქვეყანაზე”.
"შევეცდები, ჩვენი დამეგობრება არა მარტო სულზე, გულზე და ხასიათზე აისახოს, არამედ ცოტა ჯიბემდეც და ოჯახამდეც მიაღწიოს", - ასე მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებს.
მინისტრმა მასწავლებლებთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, პედაგოგების ხელფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სისტემაში მეტი დაფინანსების მიტანას გეგმავს.
მინისტრის თქმით, მისი ოცნებაა მასწავლებელმა თავი დაფასებულად იგრძნოს.
”ხელფასების მომატებას ვაპირებ, შეძლებისდაგვარად. ძალიან კონკრეტულ დაპირებად ჯერ ნუ მიიღებთ, როგორც კი მექნება თქვენთვის სასიხარულო ამბები, პირობას გაძლევთ, ვერავინ მომასწრებს ამ ამბების თქვენამდე მოტანას. ვაპირებ, სისტემაში მოვიტანო მეტი დაფინანსება. ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან პოზიტიური სიგნალები პირადად პრემიერისგან, მმართველი გუნდის რამდენიმე წევრისგან. ისინი ამბობენ, რომ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული განათლებაზე, ვიდრე იყო აქამდე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ განათლების დაფინანსება გაიზრდება ყველა მიმართულებით, მათ შორის, ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიის, ხელფასის, სწავლის შესაძლებლობის მიმართულებით. ოღონდ, ჯერ ვერ გპირდებით, კონკრეტულ ციფრებს და თარიღებს ვერ ვასახელებ, თუმცა, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და მე შევეცდები, ჩვენი დამეგობრება არა მარტო სულზე, გულზე და ხასიათზე აისახოს, არამედ ცოტა ჯიბემდეც და ოჯახამდეც მიაღწიოს”, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.