"არ დასცხება ამ მაისურში?", "რა თხლად აცვია, ქუდი მაინც დაახურეთ"... პრესით თუ ინტერნეტით, მეგობრებისა თუ ახლო ნათესავების "დახმარებით" რჩევა-დარიგებებს ყოველდღიურად ვისმენთ. მათ შორის ბავშვთა აღზრდის საკითხებშიც, თუმცა ყველა რჩევა როდია გონივრული, შესრულებადი და შედეგის მომტანი. ბრიტანეთში მშობლებს შორის კვლევა ჩატარდა. რა სახის რჩევები გაღიზიანებთ ყველაზე მეტად - ამ კითხვით მიმართეს მშობლებს და მათი პასუხების მიხედვით ყველაზე გამაღიზიანებელი რჩევების რეიტინგიც შედგა.
1. უფლება მიეცით ბავშვებს ბოლო ხმაზე იყვირონ - ეს მეთოდი თურმე ბევრი თანანმედროვე დედისთვის მიუღებელი ყოფილა და საკმაოდ ნეგატიურადაც განაწყობს.
2. ზოგჯერ კარგად უნდა მოხვდეს - უფროსი თაობის წარმომადგენლების ან ზედმეტად თავდაჯერებული დედებისგან ამ რჩევას ხშირად მოისმენთ. არადა, როგორ ნერვებს უშლის თურმე ბევრს.
3. როცა ბავშვს ძინავს, დაისვენეთ - ამ რჩევის ავტორებს ავიწყდებათ, რომ ბავშვის ძილის დრო ყველაზე "პროდუქტიული" პერიოდია დედისთვის - ამ დროს აკეთებს ყველაფერს, რასაც ბავშვით ხელში ვერ ახერხებს. ყველა "დიადი" საქმე ბავშვის ძილის დროს იგეგმება. დასვენება კარგია, მაგრამ აუსრულებადი ნატვრაც კი ნერვების მომშლელია, არათუ რჩევა.
4. მოუწესრიგეთ კვების რეჟიმი, გაამდიდრეთ მენიუ ბოსტნეულით, მოხარშული და არა შემწვარი პროდუქტებით - გეგონება, რომელიმე დედას არ უნდა, რომ ბავშვი იდეალურად იკვებებოდეს. დედის ნერვების დაახლოებით 70% ზუსტად ბავშვების ჭამაზე იხარჯება, მაგრამ... მიხვდით, ალბათ, რატომ შევიდა ეს რჩევა ამ ჩამონათვალში.
5. ბავშვის ჩაცმულობასთან დაკავშირებით გამოთქმული შემდეგი შინაარსის შენიშვნები: "არ დასცხება ამ მაისურში?" ან "რა თხლად აცვია, ქუდი მაინც დაახურეთ" - თურმე ყველაზე მშვიდი დედაც მოთმინებიდან გამოჰყავს ამ "არამკითხე" რეკომენდაციას.
6. ბავშვის დაჭერასთან დაკავშირებული შენიშვნები - "ამ კენგურუში ბავშვს შეიძლება სქოლიოზი გაუჩნდეს" ან "უკვე დიდია, ჭოჭინაში ჩასვი" - ყველაზე კეთილმოსურნე ტონით გამოთქმული ასეთი რჩევა დედებს აღიზიანებთ.
7. ეცადეთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ბავშვი არ გააღიზიანოთ - არადა, ბავშვი კი არ ღიზიანდება, ხშირად თვითონ ღიზიანდება უცხო და ხალხმრავალ ადგილას და დედას ყოველთვის არ გამოსდის მისი დამშვიდება - ამიტომ ეს რჩევა გარდა იმისა, რომ უვარგისია, გამაღიზიანებელიცაა.