”უმაღლეს განათლებას იმიტომ ჰქვია უმაღლესი განათლება, რომ ის არ არის საყოველთაო...” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ეროვნულ გამოცდებში ჩაჭრილ აბიტურიენტებს მიმართავს. მინისტრი მათ ბევრი ალტერნატივის არსებობაში არწმუნებს.
ალექსანდრე ჯეჯელავა ახალგაზრდებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი პროფესია აითვისონ და რაც შეიძლება მეტი ალტერნატივა განიხილონ.
”ადამიანები, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, ბევრი მწერს, რომ ”ჩემი ცხოვრება დასრულდა”, ”რაღა უნდა შევძლო, რაღა გავაკეთო”... მე მინდა დავარწმუნო ისინი, ჩვენი ახალგაზრდები, რომ ძალიან ბევრი კარგი ალტერნატივა არსებობს. ეს არის პროფესიული განათლება, ტრენინგები, მომავალში კიდევ სცადონ უმაღლესი განათლების მიმართულებით ბედი. ჩვენ გვჭირდება პროფესიონალები. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი უსამსახურო იურისტი გვყავს, ძალიან გვიჭირს სასტუმროს ადმინისტრატორები, ან აგრონომები, ვეტერინარები, პროგრამისტები, დაზღვევის აგენტები... ეს ყველა პროფესიული მიმართულების საქმიანობაა, რომელზეც ადამიანმა შეიძლება ოთხი წელი არ დახარჯოს და შეძლოს პროფესია საკმაოდ მოკლე ვადაში აითვისოს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, რაც შეიძლება მეტი პროფესია აითვისოს და რაც შეიძლება მეტი ალტერნატივა განიხილოს ამ პროცესში. მე მგონია, რომ შემდგომ წლებში, პროფესიული განათლების განვითარება ზუსტად შექმნის საფუძველს იმისთვის, რომ ყველა კი არ წავიდეს უმაღლეს განათლებაში, არამედ მხოლოდ ის ახალგაზრდები, ვინც თავის მომავალს აკადემიურ სფეროში ხედავს და ვისაც ძალიან მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილება შეუძლია“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
უმაღლესი განათლება უნდა იყოს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც განსაკუთრებულ აკადემიურ წარმატებას აღწევს, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საზოგადოებისადმი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
განათლების მინისტრის თქმით, ძალიან ბევრ ქვეყანაში, უმაღლეს განათლებას იმიტომ ჰქვია უმაღლესი განათლება, რომ ის არ არის საყოველთაო და საქართველოშიც ასე უნდა იყოს.
”დამთავრდა ეროვნული გამოცდები. ძალიან ბევრი წერილი მომდის, მოგეხსენებათ, წელს ჩვენი აბიტურიენტების დაახლოებით 16%–მა, ვინც ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობდა, მინიმალური ბარიერი ვერ გადალახა და ზოგჯერ, ეს ძალიან ცუდ შედეგად შეფასდა, რასაც მე პრინციპში არ ვიზიარებ. ძალიან ბევრ ქვეყანაში, უმაღლეს განათლებას იმიტომ ჰქვია უმაღლესი განათლება, რომ ის არ არის საყოველთაო, ჩვენთანაც ასე უნდა იყოს. უმაღლესი განათლება უნდა იყოს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც განსაკუთრებულ აკადემიურ წარმატებას აღწევს. დღესდღეობით, ეს 16% რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია, რადგან ზოგ ქვეყანაში ეს არის 25%, ზოგან 50%–იც და მეტიც. რაც უფრო ძლიერი უმაღლესი განათლების სისტემა აქვს ქვეყანას, მით უფრო ფრთხილად არჩევს მონაწილეებს”, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ინტერპრესნიუსი