შეიძლება თუ არა, ბავშვმა იმარხულოს? ეს კითხვა ხშირად ისმის და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან ბავშვების მარხვისას გასათვალისწინებელია ასაკი, ზრდა-განვითარების თავისებურებანი და სხვა. გვესაუბრება პედიატრი მანანა ანდღულაძე.
- ადრეული ასაკიდან შეიძლება თუ არა მარხვა?
- ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ბევრი “კი” და “არა”. თუმცა ორივე მოსაზრების შემთხვევაში არსი მარხვისა არ უნდა დავივიწყოთ - მარხვა ეს მხოლოდ გარკვეული პროდუქტების აკრძალვა არ არის, ის მოიცავს სულიერ მარხვას, უარყოფითი ემოციების მართვას, გარკვეული ქმედებებისგან თავის შეკავებას. ყოველივე ეს კი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით უნდა ხდებოდეს, არავითარ შემთხვევაში - მშობლების სურვილით და კარნახით, ძალდატანებითა და დაშინებით, რაც, სამწუხაროდ, ძალზე ხშირია. მარხვა უნდა იყოს ადამიანის გააზრებული არჩევანი.
- რას ნიშნავს ეს?
- წარმოვიდგინოთ ხელმოკლე ოჯახი, რომელსაც არ აქვს საშუალება, ხორცით, თევზითა და რძის პროდუქტით იკვებოს. მეორე შემთხვევაში, ადამიანმა შესაძლოა ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამო თავისივე სურვილით უარყოს ცხოველური საკვები, ყოველგვარი რელიგიური მოსაზრების გარეშე. მარხვა კი სულიერების გარეშე წარმოუდგენელია, მარხვა - დიეტა არ არის.
წმინდა იოანე ოქროპირი ამბობდა: ვინც მხოლოდ საკვების შეზღუდვით შემოიფარგლება მარხვის დროს, ის აკნინებს მას. ჩვენ უნდა ვიმარხულოთ მთელი სხეულით, არა მხოლოდ კუჭით, არამედ თვალით, ყურით, ხელითა და ფეხით. ამით ყველაფერია ნათქვამი.
- რა ასაკიდან შეიძლება დაიწყოს ბავშვმა მარხვა?
- ეს მშობელზეა დამოკიდებული, მან თანდათანობით უნდა შეამზადოს ბავშვის გონება ამ მოვლენისათვის. ბავშვი უნდა ესწრებოდეს წირვა-ლოცვას, ჰქონდეს ეკლესიაში ქცევის ელემენტარული ჩვევები მაინც.
თუ ის ვერ აცნობიერებს მარხვის არსს, არ იცის, ვინ არის იესო ქრისტე, მაშინ არ ღირს ბავშვის “წვალება”. მოიცადეთ კიდევ ერთი წელი, იმუშავეთ მასთან, შეიყვანეთ საკვირაო სკოლაში და თავად მოისურვებს მარხვას თანატოლების მსგავსად.
- როგორ ვამარხულოთ ბავშვი?
- შევთანხმდეთ, რომ ჯანმრთელ ბავშვზე ვსაუბრობთ. ასევე, თუ ოჯახში ზოგიერთი წევრი მარხულობს და ზოგი - არა, ბავშვს კარგად უნდა განუმარტოთ, რატომ მიირთმევენ დანარჩენები მისთვის აკრძალულ ხორცსა თუ კვერცხს, მხიარულობენ, დროს ატარებენ, გვიანობამდე უყურებენ ტელევიზორს, არაფერში იზღუდებიან.
როცა ყველა სადავო საკითხი მოგვარდება და ბავშვთან ერთად გადაწყვეტთ მარხვას, შემდეგ უნდა გადაიჭრას არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი - როგორი ფორმით უნდა იმარხულოთ.
არსებობს ორი გზა:
პირველი - რეალური, ნამდვილი მარხვა და საერთო მაგიდა ყველა მომარხულე წევრისთვის.
მეორე - არასრული მარხვა, მაგალითად, ხორცის შეზღუდვა და მოძღვრის კურთხევით რძის პროდუქტის მიღება.
გონივრული იქნება, თუ ბავშვს გარკვეულ შეზღუდვას მის მარხვამდე რამდენიმე წლით ადრე დაუწესებთ: დიდმარხვაში არ მისცეთ შოკოლადი, ტორტი, აყურებინეთ მხოლოდ ერთ მულტფილმს და ა.შ. ეს შეგიძლიათ თქვენ თვითონ მოიფიქროთ და თანაც აუხსნათ, თუ რატომ უზღუდავთ გარკვეულ ქცევებს. ასე თანდათან გააცნობიერებს, რომ მარხვა დიეტა არ არის. მარხვის დაწყებამდე კი კურთხევა ითხოვეთ მოძღვრისგან.
- რა მოვუმზადოთ მარხვისას ბავშვს?
- ყოველ კერძს დაარქვით სახელი, ეს უფრო მიმზიდველს გახდის ბავშვისთვის საკვებს.