რატომ არავინ არ გყავს? არ თხოვდები? ბავშვს არ აპირებ? რამდენი გაქვს ხელფასი? საზოგადოების დიდ ნაწილს ძალიან რომ უყვარს სხვისი ცხოვრების განხილვა და იმ საქმეში ცხვირის ჩაყოფა, რომელიც საერთოდ არ ეხება, ახალი ამბავი ნამდვილად არ არის, მაგრამ მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ მოვლენებს, ვცილობ ყოველ შემთხვევაში და აი, მაშინ, როცა მგონია, რომ ეს ნაწილი მიხვდა, რომ არ არის საჭირო სხვის პირად ცხოვრებაში ქექვა და სხვისი სასიყვარულო ურთიერთობების განხილვა, მიხვდა იმას, რომ კითხვები: რატომ არავინ არ გყავს? არ თხოვდები? ბავშვს არ აპირებ? რამდენი გაქვს ხელფასი? და ა.შ. არაეთიკურია და არავის საქმე არ არის, ნურას უკაცრავად, ისევ იგივე მეორდება და ისევ და ისევ ვიგებ ახალ და ახალ ისტორიებს ამ თემასთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა, რომ შეჩვეული უნდა ვიყო ამ ქვეყანაში ადამიანების დამოკიდებულებას სხვისი ცხოვრების მიმართ, მაინც მიკვირს.
რამდენიმე დღის წინ მეგობართან ვიყავი, სადაც ჩემი მეგობრის მეგობრები და მათი მეგობრებიც შემოგვიერთდნენ. მათ შორის იყო ნატა, რომელსაც შორიდან ვიცნობ, თუმცა "ფეისბუკზე" აქტიურად ვუწონებთ ხოლმე ერთმანეთს პოსტებს. დიდი ხანი არ მყავდა ნანახი. როცა ოთახში შემოვიდა, გამახსნედა მისი განახლებული სტატუსი სოციალურ ქსელში, სულ რაღაც გუშინ ამცნო ინტერნეტ საზოგადოებას, რომ დაინიშნა და ბედნიერია. ცოტა გამიკვირიდა, რადგან მისი დამოკიდებულება ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ჩამოყალიბებული აზრისგან ყოველთვის განსხვავდებოდა, თუმცა ვიფიქრე შეიცვალა აზრი და იქნება და მართლა გამოჩნდა ის ერთადერთი, რომელმაც ამ ნაბიჯის გადადგმა მოანდომა-მეთქი და მეც გაღიმებული სახით მივულოცე.
მოკლედ, ჩემს მილოცვას რომ მოუსმინა, სიცილით მითხრა, სისულელეა ეგ ყველაფერი, უბრალოდ ნათესავებით დაწყებული მეზობლებით დამთავრებულ, ყველამ ისე შემაწუხა კითხვით თუ რატომ არ ვთხოვდები და საერთოდ ნორმალური ვარ თუ არა, რომ არავინ მყავს, გადავწყვიტე ცოტახანი ეს დანიშნულის სტატუსი მომერგო სოცქსელში და ასე ამერიდებინა თავიდან მომაბეზრებელი კითხვებიო…
მერე ვხუმრობდით, მალე ალბათ ბეჭედსაც იყიდი და ვითომ ქორწილსაც გადაიხდიო... ხუმრობა იქით იყოს და სასაცილო ნამდვილად არ არის ის ფაქტი, რომ 27 წლის ქალი ისე შეაწუხონ გარშემომყოფებმა, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას. განაგრძეთ კითხვა